Sunday, August 1, 2010

ევროკავშირი ნატოს ნაცვლად

ევროკავშირი ნატოს ნაცვლად

 2010 წლის 22 07
გასული ორი კვირის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების, პოლონეთის, საფრანგეთისა და ევროკავშირის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ოფიციალური ვიზიტით. ყოველივე ეს შეფასებული იქნა, როგორც `მხარდაჭერის ახალი ტალღა”, რაც ხშირად ხელისუფლების მხარდაჭერადაა მიჩნეული. `სოციალ დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის~ მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და საზოგადოებას არ გამოიტანოს ზედაპირული დასკვნები და სიღმისეული ანალიზი გაუკეთოს გამოთქმულ გზავნილებს.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ კლინტონის, სიკორსკის, კუშნერის, ეშტონისა და ევროკავშირის სხვა წარმომადგენლების, ასევე ილჰამ ალიევის ვიზიტებისას - ცალსახად გაესვა ხაზი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უალტერნატივობას.

ჩვენ სახეზე გვაქვს ახალი გეოპოლიტიკური წესრიგისა და ამისათვის მყარი გარანტიების ძიება, იქმნება თვისობრივად ახალი რეალობა, რომლის პირობებშიც მეზობლობის პრინციპზე დაფუძნებული თანამშრომლობა და კოოპერირება განვითარების ერთადერთი გზაა. ქვეყნებს შორის არსებული გარკვეული უთანხმოება და კონფლიქტური ვითარება შესაძლებელია მოგვარებულ იქნას მხოლოდ სამართლებრივი და მშვიდობიანი მეთოდებით და ამასთან ეს არ უნდა გახდეს თანამშრომლობის ხელისშემშლელი ფაქტორი.

სტაბილურობა და მშვიდობა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს პოლიტიკური და არა სამხედრო გარანტიებით. შესაბამისად, უმთავრესი საგარეო პოლიტიკური ორიენტირი უნდა გახდეს ევროკავშირი და არა ნატო. სწორედ ამგვარი ცვლილების პერსპექტიულობის მიმანიშნებელია შემოთავაზება ევროკავშირის `ასოცირებული წევრობის~ შესახებ.

2008 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოს ხელისუფლება და პირადად სააკაშვილი, განსაკუთრებით ევროკავშირში, განიხილება, როგორც საფრთხე მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. ამიტომ აღნიშნული გზავნილები სწორედ მისგან მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან აცილებასაც ემსახურება.

აღნიშნული ცვლილებები მსოფლიოსა და რეგიონის პოლიტიკაში ჯერ კიდევ 2008 წლიდან დაწყო და მჭირდოდაა დაკავშირებული გადატვირთვის პოლიტიკასთან, რომელიც ვითარების განმუხტვასა და გამოსავლების ძიებისას ყველა მონაწილე მხარის ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს. ყოველივე ამის შესახებ `სოციალ დემოკრატებს საქართველოს განვითარებისთვის~ არაერთხელ განგვიცხადებია და სწორედ ამ მიზანს ემსახურება პარტიის მიერ წამოწყებული კამპანია `ვაქციოთ ომი ისტორიად~.

ევროპა და ევროკავშირი იწყებს რეგიონში მთავარი აქტორის როლის შესრულებას. `სოციალ დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის~ მივიჩნევთ, რომ ევროკავშირის როლის ზრდა ჩვენს რეგიონში ხელს შეუწყობს კონფრონტაციის შემცირებას, რაციონალური პოლიტიკის წარმართვასა და საზოგადოების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, რაც შეუძლებელს გახდის ხელისუფლების მიერ ძალაუფლების უზურპირებას და მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენებას.

სოციალ დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის

No comments:

Post a Comment