Wednesday, September 29, 2010

იოსებ არჩვაძე,
ელგუჯა მექვაბიშვილი
თანამედროვე მდგომარეობა საქართველოს სოფლის მეურნეობაში
     სოფლის მეურნეობის განვითარება ნებისმიერ ქვეყანაში უკავშირდება ისეთი უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადაჭრას, როგორიცაა მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა და ამ გზით სასურსათო უსაფრთხოების, როგორც ეროვნულ სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების შემადგენელი კომპონენტის გამტკიცება; მრეწველობის ნედლეულით უზრუნველყოფა და ქვეყნის საგარეო ეკონომიკურ კავშირებში აქტიური ჩართვა. სოფლის მეურნეობა მრეწველობასთან ერთად დამოუკიდებელი სახელმწიფოს ეკონომიკურ ხერხემალს წარმოადგენს. ჩვენი ქვეყნისათვის ეროვნული ეკონომიკის ეს უმნიშვნელოვანესი დარგი მეტისმეტად სენსიტიური, რეცესიული და რისკებისაგან მოწყვლადი დარგია.
   მიწა, სოფელი და სასოფლო სამეურნეო წარმოება, ქართველი კაცისათვის განსაკუთრებული ფასეულობებია. საქართველო უძველესი აგროკულტურის, ვაზისა და ხორბლის კულტურის ქვეყანაა. ქართველები სამიწათმოქმედო ცივილიზაციის შექმნის სათავეებთან იდგნენ და მიწათმოქმედება მათთვის იყო არა მხოლოდ სამეურნეო საქმიანობა, არამედ ცხოვრების წესის და მენტალიტეტის განმსაზღვრელი ფაქტორი. ასწლეულების მანძილზე სასოფლო სამეურნეო წარმოებას თვითკმარი ხასიათი ჰქონდა და როგორც დიდი ილია შენიშნავდა: “მანამ, ქვეყანა ქვეყანას ჰგავდა და ჭკუის მომკითხავი პატრონიცა ჰყავდა, ჩვენ მიწა-წყალს ჩვენთვის სარჩო-საბადობელი არ დაჰკლებია”.  ასეთ პირობებში განსაკუთრებით საგანგაშოა ის მდგომარეობა, რაშიც საქართველოს სოფლის მეურნეობა დღეისათვის იმყოფება. მდგომარეობა რეფრენივით სვამს კითხვას: „კვდება თუ არა სოფლის მეურნეობა საქართველოში?!“
       დღეისათვის სოფლად მცხოვრებლები შეადგენენ მთელი მოსახლეობის 47 პროცენტს (რა თქმა უნდა ყველა მათგანი არაა უშუალოდ აგრარულ სექტორში დასაქმებული). სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია ქვეყნის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 3/5-ზე მეტი.
     ამასთან ერთად, ეს არის დარგი, სადაც უკიდურესად დაბალია შრომის ფონდშეიარაღება,  შრომის მწარმოებლურობა, ხოლო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მეტისმეტად დაბალია. ეს არის ეროვნული ეკონომიკის ერთადერთი დარგი, რომელშიც 2003 წელთან შედარებით წარმოების მოცულობა კი არ გაიზარდა, არამედ შემცირდა კიდეც 1/7-თ და მეტად. 

    შესაბამისად, წლიდან წლამდე მცირდება სოფლის მეურნეობის წილი ქვეყანაში შექმნილ დამატებულ ღირებულებაში. – 2009 წლისთვის იგი 1996 წელთან შედარებით ზუსტად 4.0-ჯერ, ხოლო 2003 წელთან შედარებით 2.3-ჯერ შემცირდა მხოლოდ 8.3 პროცენტი შეადგინა  

     ეს იმ დროს, როდესაც სოფლის მეურნეობაზე მოდის  საქართველოს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 57.0 პროცენტი, დასაქმებული მოსახლეობის 63.2 პროცენტი, თვითდასაქმებული მოსახლეობის 81.5 პროცენტი და დაქირავებით დასაქმებულების  30.5 პროცენტი. ბოლო წლებში აღნიშნული თანაფარდობა ფაქტობრივად არ შეცვლილა, თუმცა უმუშევართა საერთო რაოდენობაში სოფლად მცხოვრებთა წილი საგრძნობლად გაიზარდა – 2003 წლის 20.8 პროცენტიდან 2009 წლის 26.4 პროცენტამდე (იხ.  ქვემოთ მოტანილი ცხრილი და გრაფიკი 3).
ქვემოთ მოტანილია სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის, დასაქმებულთა და უმუშევართა საერთო რაოდენობაში
(პროცენტობით)

1998
1999
2000
2001
2002
2003
2004
2005
2006
2007
2008
2009
სამუშაო ძალა
53.0
53.9
55.6
56.9
57.1
58.7
58.1
58.5
58.8
57.3
56.8
57.0
დასაქმებული – სულ
58.2
58.9
59.6
62.3
62.8
63.7
63.7
64.5
64.8
62.5
63.2
63.2
 დაქირავებული
30.4
30.7
30.0
32.5
29.8
28.5
29.7
29.4
29.4
26.6
28.6
30.6
თვითდასაქმებული
78.9
78.9
78.5
79.9
81.1
81.9
81.0
83.0
83.6
83.4
82.5
81.5
უმუშევარი
16.2
19.8
20.9
14.0
17.5
20.8
19.5
21.0
21.0
23.1
24.4
26.4

   აღნიშნული პროპორციები ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ შრომის მწარმოებლურობა სოფლის მეურნეობაში უკიდურესად დაბალია, იგი მნიშვნელოვნად ჩამორჩება საშუალო ეროვნულ დონეს და ეს ჩამორჩენა წლიდან წლამდე იზრდება. ამჟამად შრომის მწარმოებლურობა ერთ დასაქმებულზე – დამატებული ღირებულების სიდიდე საშუალოდ ერთ დასაქმებულზე - შეადგენს 10.8 ათას ლარს, სოფლის მეურნეობაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1.4 ათასი ლარია, ხოლო ეროვნული მეურნეობის სხვა დარგებში – თითქმის 27.0 ათასი ლარი. შრომის მწარმოებლურობა სოფლის მეურნეობაში თუ 1998 წელს შეადგენდა საშუალო ეროვნული მეურნეობის საშუალო მაჩვენებლის 45 პროცენტს, 2003 წელს იგი დაეცა 30 პროცენტამდე, ხოლო 2009 წელს – 13 პროცენტამდე. ხოლო თუ ამ დარგის შრომის მწარმოებლურობას შევადარებთ სხვა დარგების საშუალო მწარმოებლურობას, აღმოვაჩენთ, რომ 1998 წელს შრომის მწარმოებლურობა სოფლის მეურნეობაში მხოლოდ 4–ჯერ ჩამორჩებოდა ამ დარგების საშუალო მაჩვენებელს, 2003 წელს – უკვე 7.4–ჯერ, ხოლო 2009 წელს – უკვე თითქმის 19–ჯერ (იხ. გრაფიკი 4). 
    ქვემოთ  მოტანილი  გვაქვს   გრაფიკი,   საიდანაც  ჩანს,  თუ  როგორ  იცვლებოდა  შრომის მწარმოებლურობა   სოფლად    პროცენტობით   საშუალო   ქვეყნისმიერ   მაჩვენებელთან  შედარებით (დამატებული ღირებულების წარმოება ერთ დასაქმებულზე).

     ამჟამად სოფლის მეურნეობაში ერთ დასაქმებულზე თვეში იქმნება დაახლოებით 70 აშშ დოლარის ექვივალენტური დამატებული ღირებულება (2009 წლის მიხედვით ეს შეადგენს მხოლოდ 1422.8 ლარს), რაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმზე დაახლოებით 7 პროცენტით ნაკლებია.

 გრაფიკი 5
სოფლის მეურნეობაში შექმნილი დამატებული ღირებულება თვეში - 70 აშშ დოლარი;
საარსებო მინიმუმი ერთ შრომისუნარიან მამაკაცზე - 77 აშშ დოლარი.

   აღნიშნული დარგის ჩამორჩენაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ სოფლად მცხოვრები ოჯახური მეურნეობების ფულად შემოსავლებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების წილად მოდის მხოლოდ 21 პროცენტი (საშუალოდ ქვეყანაში - 6 პროცენტი), ხოლო ამ შინამეურნეობათა აგრარული სექტორიდან მიღებული შემოსaვლების მხოლოდ 28 პროცენტი ღებულობს სასაქონლო სახეს (ქვეყანაში საშუალოდ - 26 პროცენტი), დანარჩენი 72 პროცენტი - ნატურალური შემოსავლებია. - სხვაგვარად რომ ვთქვათ, საბაზრო ეკონომიკის პირობებში მოსახლეობის შინამეურნეობების მიერ წარმოებული პროდუქციის დასაქონლიანების დონე უფრო დაბალია, ვიდრე არასაბაზრო კოლექტივისტური ეკონომიკის პირობებში.  შედარებისათვის: 1980-იან წლებში მოსახლეობის პირად დამხმარე მეურნეობებში  წარმოებული პროდუქციის 45 პროცენტი ღებულობდა სასაქონლო ფორმას.  კიდევ უფრო კონტრასტული იქნება მონაცემები, თუ შედარებებს განვახორციელებთ არა მოსახლეობის დამხმარე მეურნეობებზე, არამედ მთელ სოფლის მეურნეობებზე. – 1989 წელს საქართველოში სოფლის მეურნეობის დასაქონლების დონე 82%–ს უდრიდა, 1998 წელს – 22%–ს, ამჟამად კი 18%–ის ტოლია. ანუ სახეზე გვაქვს ჩვენთვის ფრიად სამწუხარო პარადოქსი: საბჭოურ, ადმინისტრაციულ-მბრძანებლურ სისტემაში პირადი დამხმარე მეურნეობები უფრო მეტად იყო ბაზარზე ორიენტირებული, ვიდრე დღესაა. მაშასადამე, ჩვენ საქმე გვაქვს სასოფლო სამეურნეო წარმოების ნატურალიზაციასთან, რაც მისი დეგრადირების მაჩვენებელია.


    არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი, მგრძნობიარე ინდიკატორი, თუ მოცემული ქვეყნის რამდენი მცხოვრების გამოკვება შეუძლია სოფლად დასაქმებულ ერთ ადამიანს თავისი საქმიანობით. – განვითარებული ქვეყნების მიხედვით ეს მაჩვენებელი რამდენიმე ათეულს აღწევს. ფორმალურად სოფლად ერთ დასაქმებულზე ჩვენთან ქვეყნის 4.2 მცხოვრები მოდის (1988 წელს - თითქმის 7.0 მცხოვრები).

   მაგრამ თუ რეალურად დამატებული ღირებულების მოცულობას მივიღებთ მხედველობაში, მაშინ აღმოჩნდება, რომ დღევანდელ პირობებში ერთ დასაქმებულს საშუალოდ თავისი გამოკვებაც კი არ ძალუძს და რომ არა საქმიანობის სხვა, არააგრარული სახეობები (პირველ რიგში, ვაჭრობა, მომსახურება), სოფლად ტოტალური შიმშილი და გაჭირვება დაისადგურებდა. დღეისათვის ადგილობრივი წარმოების წილი გამოყენების საერთო მოცულობაში შეადგენს: ხორბალი - 7.2%, სიმინდი - 76%, კარტოფილი - 82.8%, ბოსტნეული - 67.1%, ხორცი - 45.7%, რძე - 88.7%, კვერცხი - 96.4%. „სამაგიეროდ“ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული პროდუქციის წილი ქვეყანაში მოხმარებული სასურსათო კალათის მოცულობაში და დღეისათვის იგი 2/3–ს, ხოლო თბილისის მასშტაბით თითქმის 4/5–ს შეადგენს. იმპორტის ასეთი მოძალება, რა თქმა უნდა, არსებითად უშლის ხელს ადგილობრივი სასოფლოსამეურნეო წარმოების განვითარებას.

     არ იზრდება (ყოველ შემთხვევაში, ასეა ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით)  სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულთა რიცხოვნობა  სოფლის მეურნეობაში. - ამ დარგში ასეთთა რიცხვი 2010 წლისთვის შეადგენდა მხოლოდ 4112 კაცს - მეწარმეთა საერთო რაოდენობის 1.1 პროცენტს, ანუ ფაქტობრივად 2003 წლის რაოდენობას, მაშინ როდესაც მთლიანად სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულთა რაოდენობა ქვეყანაში  იმავე პერიოდში თითქმის ერთი მეოთხედით (297.8 ათასიდან 371.3 ათასამდე) გაიზარდა.

    საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობაზე გამოყოფილია 55.348 ათასი ლარი – საბიუჯეტო ასიგნებების მხოლოდ 0.82 პროცენტი, მაშინ როდესაც ძალოვან სტრუქტურებზე (თავდაცვა, შსს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის) 1411 მლნ. ლარი, ანუ ბიუჯეტის მეხუთედზე მეტი (20.9%). მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება 10–ჯერ აღემატება სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებას. 

    სოფლის მეურნეობის წილად მოდის ფიქსირებულ აქტივებში ინვესტიციების მხოლოდ  0.7 პროცენტი.
   შედარებისათვის შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო ასიგნებების საერთო მოცულობიდან სოფლის მეურნეობაზე [სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნაციები] მხოლოდ 0.82 პროცენტი მოდის. ბოლო სამი წლის მანძილზე საქართველოს აგრარულ სექტორში შემოვიდა მხოლოდ 45.6 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ანუ ინვესტიციების საერთო მოცულობის (4237.2 მლნ. აშშ დოლარი) მხოლოდ 1.08 პროცენტი. შედარებისათვის შეიძლება ითქვას, რომ იმავე პერიოდში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა საქართველოს უძრავ ქონებაში  შეადგინეს არც მეტი, არც ნაკლები, ზუსტად 10–ჯერ მეტი თანხა – 455.7 მლნ. აშშ დოლარი. რომელიც სერიოზული დაფიქრების და განსჯის საბაბს უნდა იძლეოდეს.
   ამჟამად საბანკო სექტორის მიერ სოფლის მეურნეობაზე გაცემული სესხების მოცულობა მხოლოდ 1.0 პროცენტია, ხოლო მოსახლეობაზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების მოცულობა (1017.9 ,ლნ. ლარი) 18.5–ჯერ აღემატება სოფლად სამეწარმეო საქმიანობაზე გაცემული სესხების მოცულობას. გასათვალისწინებელია, რომ ნათესი ფართობების 97.2 პროცენტი მოდის ოჯახურ მეურნეობებზე და მხოლოდ 2.8 პროცენტი - სასოფლო-სამეურნეო საწარმოებზე.

გრაფიკი 8
სოფლის მეურნეობის წილი
(პროცენტი) :
მეწარმეთა საერთო რაოდენობაში -  1.1;
ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში -  0.7;
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - 1.08;
საბანკო სექტორის მიერ გაცემულ სესხებში -  1.0.

     2009 წელს სოფლის მეურნეობაში შეიქმნა სულ 1422 ლარის დამატებული ღირებულება ერთ დასაქმებულზე, მაშინ როდესაც 1988 წელს - 4.0 ათას მანეთზე მეტი. მანეთისა და ლარის პარიტეტის გათვალისწინებით გამოდის, რომ შრომის მწარმოებლურობა ამჟამად ორი ათეული წლის წინანდელ დონეს თითქმის 7-ჯერ მაინც ჩამოუვარდება (14.5%). ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველოს სოფლის მეურნეობაში შემცირდა წარმოება (ჯერ): ხორცისა - 3.3-ჯერ, რძის - 1.3-ჯერ, კვერცხისა - 2.0-ჯერ, მატყლის - 3.6-ჯერ. ეს სოფლად დასაქმებულთა საერთო რიცხოვნობის ზრდისა და დაქირავებით დასაქმებულების 4.4-ჯერ შემცირების პირობებში. ეს ადვილად ახსნადია, თუკი გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ 1988 წელს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობა არ გამოირჩეოდა მოწინავე პოზიციებით და რბილად რომ ვთქვათ, სულაც არ წარმოადგენდა სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისა და ტექნოლოგიური ნოვაციების პოლიგონს, მიუხედავად ამისა, გააჩნდა დაახლოებით ნახევარი მილიარდი მანეთის მანქანა-იარაღები და სატრანსპორტო საშუალებები, მათ შორის 27231 ტრაქტორი, 1691 კომბაინი, 28.5 ათასი სატვირთო ავტომობილი.  ძირითადი საწარმოო ფონდების ღირებულება კი ოთხ მილიარდ მანეთს აღემატებოდა. 1990 წელს ყოველ 100 ჰა ნათეს ფართობზე 526 კვტ.-სთ ენერგეტიკული სიმძლავრეები მოდიოდა (მთლიანად სოფლის მეურნეობაში 3.2 მლნ. კვტ.-სთ-ის ენერგეტიკული სიმძლავრეები მოდიოდა).
   1980-იანი წლების ბოლოს საქართველოში მარცვლეულ კულტურებს ეკავათ 270 ათასი ჰა, მოსავალი კი 600 ათას ტონას აღემატებოდა. 2009 წელს, შესაბამისად, 216.8 ათასი ჰა და 364.8 ათასი ტონა,  1988 წელს მოგვყავდა 326 ათასი ტ კარტოფილი, 2009 წელს -  216.8  ათასი ტონა, ბოსტნეული, შესაბამისად, 641 და  214.0,  ხილი - 653 ათასი ტონა და 181.2, ყურძენი - 620 ათასი ტონა და 150.1, ციტრუსები - 437 ათასი ტონა და 70.9 ათასი ტონა.

მემცენარეობის პროდუქციის წარმოება საქართველოში 1988 და 2009 წელს
(ათასი ტონა)

1988
2009
2009 %–თ 1988–თან
მარცვლეულის ნათესი ფართობი, ათასი ჰა
270
216.8
80.3
მარცვლეულის მოსავალი
600
364.8
60.8
კარტოფილი
326
216.8
66.5
ბოსტეული და ბახჩეული
641
214
33.4
ხილი
653
181.2
27.7
ყურძენი
620
150.1
24.2
ციტრუსები
437
70.9
16.2
     საქართველოს სოფლის მეურნეობაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობა წარმოადგენს რიგი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების  მოქმედების შედეგს. კერძოდ:
      არ არსებობს ამ დარგის განვითარების სახელმწიფო სტრატეგია;
      ფერმერულ მეურნეობებში არ არსებობს შიდა დაგროვების წყაროები და შესაბამისად არ ხდება წარმოებაში სახსრების ინვესტირება;
      ფერმერულ მეურნეობებს არ გაეწევათ ვეტერინალური, აგრონომიული, საკონსულტაციო მომსახურება;
      ფერმერებს არ შეუძლიათ კრედიტებით სარგებლობა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა, რის გამოც სოფლის მეურნეობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა თითქმის არ განიცდის განახლებას.
      სოფლის მეურნეობაში არ ხდება ქონების, კომერციული რისკებისა და სხვათა დაზღვევა

    მიგვაჩნია, რომ აუცილებელია სიღრმისეული და კომპლექსური ღონისძიებების გატარება საქართველოს სოფლის მეურნეობის კრიზისიდან გამოსაყვანად. კერძოდ, უნდა შეიქმნას სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო სტრატეგია და მისგან გამომდინარე:
      ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის დაფინანსება უნდა გაიზარდოს მინიმუმ 4,5%-მდე ანუ ოთხჯერ და მეტად;
      სახელმწიფოს მონაწილეობით უნდა შეიქმნას სასოფლო სამეურნეო წარმოებაში კომერციული რისკების დაზღვევის გამართული და ეფექტიანად ფუნქციონირებადი სადაზღვევო სისტემა. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ფერმერებისათვის დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი კრედიტების ხელმისაწვდომობაზე;
      უნდა შეიქმნას სოფლად საინჟინრო და აგროსერვისული მომსახურების თანამედროვე სისტემა; შემუშავდეს და ამოქმედდეს საშუამავლო სტრუქტურების ფუნქციონირების მექანიზმი;
      უნდა ჩამოყალიბდეს საკონტრაქტო ურთიერთობის სისტემა, სადაც განმსაზღვრელი როლი მიენიჭება სასურსათო პროდუქტებზე სახელმწიფო დაკვეთებს და განხორციელდება ფერმერთა პროდუქციის გარანტირებული შესყიდვა;
      უნდა დამუშავდეს სოფლად საბითუმო ვაჭრობის განვითრებისა და საშუამავლო სტრუქტურების შექმნის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს მტკიცე კავშირს სოფლის  საქონელმწარმოებლებსა და პროდუქციის რეალიზატორებს შორის;
      უნდა შემუშავდეს და დაინერგოს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან შემოტანილი იმ სასურსათო საქონლისაგან საქართველოს ეროვნული ბაზრის დაცვის მექანიზმი, რომელ საქონელსაც ადგილობრივი მეწარმეები ქმნიან;
      მთავრობამ ველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი ფერმერული ორგანიზაციების, კოოპერატივებისა და ასოციაციების შემქნას;
      აუცილებელია, ადგილობრივი ხელისუფლების მაქსიმალური ჩართვა სასოფლო სამეურნეო წარმოების პრობლემების გადაწყვეტაში.
სწორი და მეცნიერულად დასაბუთებული სტრატეგიის საფუძველზე შესაძლებელია საქართელოს სოფლის მეურნეობის აღმავლობა, რაც გააძლერებს ქართული სახელმწიფოს საფუძვლებს და ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლებას.