Sunday, August 1, 2010

ქართველი მემარცხენე ლიბერალი, ანუ როგორ ჩნდებიან მემარჯვენე-მემარცხენეები

ქართველი მემარცხენე ლიბერალი, ანუ როგორ ჩნდებიან მემარჯვენე-მემარცხენეები


2010 წლის 28 07,

ჩვენს ქვეყანაში, ბოლო დროს, საგრძნობლად იმატა `მემარცხენეთა~ რაოდენობამ. თუმცა, მთლიანად ქვეყნის სახელით ამაზე საუბარი არასერიოზულია, ვინაიდან მოსახლეობის უმეტესობა გადარჩენისათვის ყოველდღიურ ბრძოლაშია ჩაბმული და `ინტელექტუალური~ წიაღსვლებისათვის არც დრო და არც მოტივი არ დარჩენია. ეს ტენდენცია, უფრო ალბათ `საჯარო სივრცის~ იმ მოკრძალებულ ნაირსახეობას ეხება, რომელიც სულ რამოდენიმე ასეული ადამიანისაგან შედგება და ძირითადად ონლაინ რეჟიმში ახერხებს `იდეოლოგიურ თუ ინტელექტუალურ~ მოღვაწეობას.

მემარცხენეთა მომრავლება ბუნებრივია მემარცხენე იდეების პოპულარიზაციას მიგვანიშნებს. ამას კი ალბათ მთელი რიგი მიზეზები აქვს: ულტრამემარჯვენე ხელისუფლების არაპოპულარულობა; მსოფლიოს ფინანსური კრიზისი და მასში დადანაშაულებული მსხვილი კაპიტალისტები; პროგრესისა და `გათანამედროვების~ რომანტიკული ხიბლი და ალბათ უბრალოდ ინტელექტუალური პროგრესიც.

ყველაზე საიმედო, რასაც ამ ტენდენციაში მემარცხენე კაცი დაინახავდა, ალბათ იმ პოტენციალის ზრდაა, რომელსაც `ინტელექტუალური~ მსჯელობებიდან კონკრეტულ მოქმედებებზე გადასვლა და რეალური ცვლილებების განხორციელება შეუძლია. მემარცხენე განწყობების პოლიტიკური ორგანიზებისა და საერთო და ნათელი მიზნისაკენ მიმართვის შანსი, ერთი შეხედვით, დღეს უფრო მეტია. თუმცა, პირადად ჩემთვის არც იმედგაცრუებას დაუყოვნებია.

მემარცხენეობის პოპულარულობის კიდევ ერთი უაღრესად სასურველი შედეგი პოსტსაბჭოთა სტერეოტიპებიდან თავის დაღწევა იქნებოდა, რომელთა მიხედვითაც ნებისმიერი `სოციალური~ ან `კოლექტიური~ ორიენტაცია თუ ქმედება საბჭოთა კავშირში დაბრუნების, დამოუკიდებლობის დაკარგვის და ტოტალიტარიზმში გადავარდნის სინონიმებად განიხილებოდა. მსგავს პროპაგანდას წლების მანძილზე ეწეოდა ხელისუფლება, რომელმაც თავად თითქმის სრულყოფილად მოახერხა საბჭოთა მმართველობითი მეთოდიკის თანამედროვეობასთან ადაპტირება და წარმატებით იყენებს. ხელისუფლებამ, რომელმაც შეცვალა მხოლოდ იდეოლოგია და `ულტრამემარჯვენე ფუნდამენტალიზმს~ ისეთივე უალტერნატივო ჭეშმარიტებად ასაღებს, როგორც `მათთვის საძულველი კომუნისტები~ მარქსისტულ იდეალებს.

ერთი შეხედვით ისეთი სურათი დავხატე, რომ მემარცხენე კაცი უკეთესს ვერაფერს ინატრებს და ისღა დაგვრჩენია ერთიანი ძალებით დავიწყოთ ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლა, მაგრამ როგორც ჩანს ამ `მემარცხენეობაში~ არც მთლად ერთნაირი, უფრო სწორად ერთმანეთთან შეთავსებადი გაგებები იგულისხმება.

ვეცდები ზედაპირული მსჯელობითა და საკუთარი დაკვირვებებით მოკრძალებული შეხედულება განვმარტო. დავიწყოთ იმით, თუ როგორ კომპოზიციაშია ყველაზე ხშირად ტერმინი `მემარცხენე~ მოხსენიებული და რა იგულისხმება თითოეულ სიტყვაში.

როგორც ჩანს, პოსტსაბჭოთა სტერეოტიპი მაინც თავისას შვება და ჩვენც თავს მოვალედ მივიჩნევთ სადაც `მემარცხენეს~ ვახსენებთ იქვე ლიბერალიც მოვიხსენიოთ. ასე დამკვიდრდა გამოთქმა მემარცხენე-ლიბერალი (ეს ტერმინი საქართველოში არ შექმნილა, მაგრამ ჩვენთან წარმოქმნის მიზეზებიც სპეციფიური აქვს და შინაარსიც).

როგორ შეიძლება გავიგოთ მემარცხენე-ლიბერალი? პირადად ჩემთვის ლოგიკური იქნებოდა შემდეგნაირი განმარტება: მემარცხენე – როგორც სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის სოციალური, პოლიტიკური, ინდივიდუალური და ეკონომიკური უფლებების უზრუნველყოფის აუცილებლობის მომხრე, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სოციალური უთანასწორობების აღმოფხვრას და ამისათვის სპეციფიური პოლიტიკების გატარებას მოითხოვს; და ლიბერალი _ როგორც ღირებულებებისა და ცხოვრების წესის თვალსაზრისით განსხვავებული ადმაინებისადმი შემწყნარებელი და მათთან თანაარსებობის უნარის მქონე ტოლერანტული პიროვნება. ამასთან ამგვარი ურთიერთობების უზრუნველყოფა უფრო კულტურული ფენომენია და მხოლოდ ირიბად შეიძლება გახდეს სახელმწიფოს პოლიტიკის სამიზნე (განათლების პოლიტიკადა ა.შ.), ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო, რომელიც ადამიანთა ღირებვლებების გადაკეთებას უშუალოდ ცდილობს, რაც არ უნდა წმინდა და კეთილი მიზნებით მოქმედებდეს, ტოტალიტარულია.

ეს ყველაფერი ჩემი ლოგიკის მიხედვით, მაგრამ, როგორც ჩანს, ხშირად რეალობაში საპირისპირო სურათი გვაქვს: ღირებულებრივი თავისუფლება და თანასწორობა სწორედ სიტყვა `მემარცხენე~-ში იგულისხმება, `ლიბერალი~-ში კი ან იგივე (და ამ შემთხვევაში `მაშ რა საჭიროა ეს ორი სათაური~), ან ლიბერალური მიდგომები სახელმწიფოს სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკების მიმართ, რაც სინამდვილეში სწორედაც რომ მემარჯვენეობაა. მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური თანასწორობის მემარცხენეობისათვის ქვაკუთხედ იდეას კი ხშირად ქართველ `მემარცხენეთა~ პოზიციებში ადგილი საერთოდ არ მოეძებნებათ! ასე ჩნდებიან საქართველოში მემარცხენე-მემარჯვენეები!

სინამდვილეში, ადამიანთა ღირებულებრივი თანასწორობის საჭიროება იმდენად მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ამაზე განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება ფუჭი და არაფრისმომცემი საქმიანობაა. ეს ხომ თავისთავად ცხადია და არამგონია ამ მოსაზრებას ვინმე სერიოზული ოპონენტიც ჰყავდეს (ვიმეორებ – სერიოზული!). ამასთან, როგორც უკვე ავღნიშნე, ეს არაა ის საკითხი, რომლის თაობაზეც ჩვენ სახელმწიფოს უნდა ვებრძოლოთ (თუკი კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით მოქალაქეთა ელემენტარული თავისუფლებები აღიარებული და დაცულია). სამაგიეროდ საზოგადოებაშია ამ მხრივ უამრავი პრობლემაო, მეტყვის ქართველი მემარცხენე-ლიბერალი. საქმეც იმაშია, არ შეიძლება მემარცხენე ადამიანი საზოგადოებას ებრძოდეს. მემარცხენეობა სწორედ საზოგადოების ბრძოლაა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტებთან. საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლა კი სრულებით უარყოფს ქართული მემარცხენეობის ავთენტურობას და მას კარიკატურად აქცევს.

სამაგიეროდ, რასაც ნამდვილად ბრძოლა და დაცვა ჭირდება, მოქალაქეთა სოციალური და ეკონომიკური უფლებებია. ამ მხრივ იდეური ოპონენტებიც მრავლად არიან და არგუმენტაციაც (დემაგოგიური მაგრამ მაინც) ასე თუ ისე გააჩნიათ. რაც მთავარია, პოლიტიკური ძალაუფლებაც მათ ხელშია. სწორედ ამგვარი მემარცხენე ძალისხმევების ადრესატი შეიძლება იყოს ხელისუფლება და ელიტები. რაც შეეხება საზოგადოებრივ ღირებულებებს, გავიმეორებ, რომ მათი გარდაქმნა მხოლოდ ირიბი და არაგარანტირებული მეთოდებითაა მისაღები მემარცხნეობისათვის.

გელა ბანძელაძე

No comments:

Post a Comment