Thursday, June 3, 2010

პოლიტიკური მოძრაობის _ „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ დაფუძნების შესახებ

ახალი პოლიტიკური მოძრაობის _ „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ დაფუძნების შესახებ
16.03.2010

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გამოჩნდა ახალი პოლიტიკური ძალა _ “სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის”. საქართველოში ახალი პარტიის გამოჩენა დიდი ხანია იწვევს სკეპტიკურ რეაქციას _ მორიგი პარტია და მორიგი ჯგუფი, რომელიც ეცდება ხელისუფლებაში მოსასვლელად ამომრჩევლების ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ეს ბუნებრივი რეაქციაა იმ საზოგადოებისგან, რომელიც 20 წლის განმავლობაში აკვირდებოდა პოლიტიკური პარტიების შექმნას, მოღვაწეობასა და დაშლას, მათ ერთფეროვნებასა და უიდეოლოგიო მოღვაწეობას, მოქმედებას მხოლოდ ცალკეული ლიდერების ან ლიდერთა ჯგუფის ინტერესების და ამბიციების შესაბამისად და არ გამოხატავდა საზოგადოების ამა თუ იმ ფენის რეალურ ინტერესებს.
ჩვენ ქართველი სოციალ-დემოკრატები მოვდივართ, რათა დავიწყოთ ახალი ერა ქართულ პოლიტიკაში, დავამსხვრიოთ არსებული სტერეოტიპები და შევქმნათ ევროპული ტიპის პოლიტიკური კულტურა.
  პოლიტოლოგ გია ჟორჟოლიანის ხელმძღვანელობით და 2 წლიანი მუშაობის შედეგად, პროფესიონალთა ჯგუფმა შეიმუშავა სოციალ-დემოკრატების პროგრამული პრინციპები, რომელშიც დასახულია საქართველოს არსებული პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური პრობლემებისგან თავის დაღწევის და ქვეყნის განვითარების ძირითადი მიმართულებები. მოძრაობის პროგრამული პრინციპები დაფუძნებულია არა კონკრეტული პირების იდეებზე, არამედ მსოფლიოში საუკუნის ისტორიის მქონე, სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიაზე, პლატფორმაზე, რომლითაც წარმატებით ხელმძღვანელობს მსოფლიოს ათეულობით სახელმწიფო, მათ შორის Aავსტრალია, ავსტრია, სკანდინავიის ქვეყნები, გერმანია, პორტუგალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები და ეპანეთი. ამ ქვეყნებში არსებული პარტიები არ შექმნილა კონკრეტული არცევნებისთვის, ან კონკრეტული ლიდერების ხელისუფლებაში მოსასვლელად, მათ ათწლეულების ისტორია აქვთ, ხდება პარტიათა ლიდერების მუდმივი როტაცია, მაგრამ ფუნდამენტი მუდმივად სოციალ-დემოკრატიაა.
გაუთვითცნობიერებელ ადამიანს სოციალ-დემოკრატიის ხსენებაზე ავტომატურად ახსენდება საქართველო პირველი რესპუბლიკის დროინდელი პარტია, რომელმაც ვერ მოახერხა წინ აღდგომოდა ბოლშევიკთა ინტერვენციასა და ქვეყნის ოკუპაციას. მაგრამ მიუხედავად იმ კონკრეტული პარტიის მარცხისა, მსოფლო სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიეს არსებობა არ დაუსრულებია, პირიქით, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპის ბევრმა სახელმწიფომ (განსაკუთრებით სკანდინავიამ) და ლათინურმა ამერიკამ მიაღწიეს უდიდეს წარმატებებს. ჩვენ ქართველი სოციალ-დემოკრატები ვართ ევროპული სოციალ-დემოკრატიის ტრადიციების გამგრძელებელი ძალა, რომელიც ევროპული ტიპის პარტიითა და თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით ვაპირებთ ქვეყნის პრობლემებიდან გამოყვანას და განვითარებას. ჩვენი პრიორიტეტები ცალსახაა და საერთოა მსოფლიო სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიისთვის :
თანასწორობა, რომელიც გულისხმობს თანასწორობას არა მარტო კანონის წინაშე, არამედ სოციალურ თანასწორობას, თანასწორობას განათლებაში, სამედიცინო მომსახურებაში და განვითარებაში.
თავისუფლება, არა მხოლოდ ინდივიდების, არამედ თავისუფლება დისკრიმინაციისგან, თავისუფლებას საწარმოთა მეპატრონეებისგან ან პოლიტიკური მმართველობებისგან.
განვითარება, როგორც არა კონკრეტული ჯგუფების პრივილეგია, არამედ როგორც საყოველთაო განვითარება
სოლიდარობა, რომლის გარეშე შეუძლებელია თანასწორობა, თავისუფლება და განვითარება
ჩვენ, ქართველი სოციალ-დემოკრატები, მივიჩნევთ შრომას, როგორც ჩვენი განვითარების ფუნდამენტს და მოწოდებულნი ვართ დავიცვათ ყველა მშრომელი ადამიანის, წვრილი მეწარმეების, უმუშევრების და სტუდენტობის ინტერესები. ჩვენი მოძრაობის აქტივისტთა უმრავლესობას შეადგენს ახალგაზრდობა, რომელიც გამორჩეულია განათლებით, პროფესიონალიზმითა და სოციალ-დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულებით, რომლის მიზანია საფუძველი ჩაუყაროს საქართველოს ახალგაზრდობის საყოველთაო და უფასო უმაღლეს მაღალხარისხიან განათლებას. ამის მიღწევა შესაძლებელია სახელმწიფო რეგულირების როლის ზრდით საბაზრო ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობის აღორძინებითა და ახალი სამუშო ადგილების ზრდით რესურსების მიზანმიმართული გადანაწილებით.
და ბოლოს, მსოფლიოში დასასრულს უახლოვდება გაბატონებული(მათ შორის საქართველოში) ფუნდამენტალისტური ნეოლიბერალური იდეოლოგიის პერიოდი, დგება დიდი ცვლილებების დრო, რომელიც გულისხმობს კაპიტალისტური ეკონომიკური წესრიგის აქტიურ რეგულირებასა და სოციალიზაციას. საქართველოში არსებული პარტიების უდიდესი ნაწილი, როგორც ხელისუფლებაში ასევე ოპოზიციაში ბრმად მისდევს ნეოლიბერალურ ტენდენციებს, ჩვენ, ქართველი სოციალ-დემოკრატები მოწოდებული ვართ აქტიური ქმედებებით შევამზადოთ ქვეყანა მომავალი ცვლილებებისთვის, ჩვენ არ ვჩქარობთ, და ამიტომაც ვაკეთებთ ორიენტაციას ახალგაზრდობაზე, იმ მომავალ თაობაზე, რომელიც არ ჩქარობს ყველანაირი გზით, მათ შორის რევოლუციით შეცვალოს არსებული მმართველი ძალა, და ცვლილების შემდეგ დაიწყოს ფიქრი იმაზე თუ მერე რა გაკეთდეს. ამ ტრადიციით ცხოვრობდა საქართველო 20 წლის განმავლობაში, ამ ტრადიციით ემხობოდა რეჟიმები და ქვეყანა კვლავ რჩებოდა გაურკვევლობაში. ჩვენ ვიცით, როგორი იქნება მომავალი საქართველო და ჩვენ შეგვწევს ძალა საქართველოს მთელ საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ მათი დღევანდელი საზრუნავი, ინტერესები და მიზნები სწორედ სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიაშია ასახული

No comments:

Post a Comment