Tuesday, June 29, 2010

სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში

მამუკა ბიჭაშვილი
სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში







საქართველოს დღევანდელი სოციალური მდგომარეობის ანალიზისას, ცალკეული პოლიტიკოსები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავენ, რომ უამრავი პრობლემა რომლის წინაშე ქვეყანა დგას, გამოწვეულია სამოქალაქო საზოგადოების არ არსებობით. ამიტომ სამოქალაქო საზოგადოებაზე საუბარი განზრახული გვაქვს სწორედ ამ ფუნქციონალური კუთხით და არა თავისთავად.. სამოქალაქო საზოგადოება სამკაული როდია, რომელიც დაამშვენებდა საქართველოს და როგორც თავისთავადი ღირებულების მატარებელი ფენომენი, შესძენდა ქვეყანას პრესტიჟსა და საერთაშორისო რენომეს. მას გააჩნია სავსებით კონკრეტული სოციალური დატვირთვა, რომელიც ტიპიურია დღევანდელი დასავლური დემოკრატიებისათვის. ამ თვალსაზრისით, საქართველოში არსებული მდგომარეობის მიმოხილვამ პასუხი უნდა გასცეს რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას. ჯერ ერთი გასარკვეკია თუ რა იმედებს ვამყარებთ სამოქალაქო საზოგადოებაზე და რისთვის გვჭირდება ის. შემდეგ, გასარკვევია თუ რა ტიპის სამოქალაქო გაერთიანებები არსებობს ქვეყანაში და როგორია მათი ფინანსური წყაროები, როგორია მათი დამოკიდებულება სახელმწიფო სტრუქტურებთან, როგორ გამოიყურება პერსპექტიული მომავალი და ა.შ.



რისთვის სამოქალაქო საზოგადოება

სამოქალაქო საზოგადოების არსებობა იმდენად მნიშვნელოვანია ამა თუ იმ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის, რომ ბევრი ავტორი სამოქალაქო საზოგადოების არსებობას ქვეყნის დემოკრატიულობის წინა პირობადაც კი მიიჩნევს. ტერმინი “სამოქალაქო საზოგადოება” ახალი დროის ფილოსოფოსებთან, ჰობსთან, ლოკთან, ფერგიუსონთან და სხვებთან პრაქტიკულად “პოლიტიკური საზოგადოების” ექვივალენტური იყო და ის აღინიშნავდა ქაოსსა და ძალადობაზე დამყარებული ყოფის ნაცვლად კანონის სფუძველზე მართულ ადამიანთა ერთიანობას. ჰობსი “ლევიათანში” პირდაპირ აიგივებდა პოლიტიკურ და სამოქალაქო საზოგადოებებს, რაც ტერმინის დღეს გავრცელებული მნიშვნელობისათვის პრინციპულად მიუღებელია.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ტერმინს თანამედროვე მნიშვნელობა მისცა, ჰეგელი იყო. იგი “სამოქალაქო საზოგადოებით” აღნიშნავდა ადამიანთა არაპოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებიც მიმართულია ინდივიდების მრავალფეროვანი ინტერესების დაკმაყოფილებაზე. ჰეგელის წარმოდგენით, სამოქალაქო საზოგადოება დგას ოჯახსა და სახელმწიფოს შორის. ის არის ორგანიზაციბის ან ინსტიტუტების ერთიანობა, რომელიც ახორციელებს ისეთ სხვადასხვა სახის სამუშაოს ქვეყანაში, რომელსაც ვერ ან არ ასრულებს მთავრობა. აქედან გასაგებია, რომ სამოქალაქო საზოგადოების არსებობა მისი მოქალაქეების ისეთი მნიშვნელოვანი აქტიურობის მაჩვენებელია, რომელიც მთელ საზოგადოებას ძალზე დინამიურ და კრეატიულ ხასიათზე მეტყველებს. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებს შორის ათავსებენ ისეთ ნებაყოფლობით გაერთიანებებს, როგორიცაა საქველმოქმედო ორგანიზაციები, კომუნალური ფონდები, კოოპერატივები, გარემოს დაცვითი ორგანიზაციები, პროფესიული ასოციაციები, რელიგიური ჯგუფები, სამოქალაქო კლუბები, სამოქალაქო მილიცია, აკადემიური გაერთიანებები და ა.შ.

დასავლეთის დემოკრატიებს სამოქალაქო საზოგადოებების ფუნქციონირების დიდი და რაც მთავარია ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ. ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი გაერთიანებები დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში ნაციონალურ სახელმწიფოებამდე უფრო ადრე გაჩნდა და მნიშვნელოვანი სოციალური როლიც იტვირთა. ეს ვითარება ძალზე მნიშვნელოვნად გვეჩვენება საქართველოს გამოცდილებისათვის რომელსაც განსხვავებული ისტორიული წარსული ჰქონდა. საბუთად დავასახელებ ორი კარგად ცნობილი ავტორის გამოკვლევას - ტოკვილის “დემოკრატია ამერიკაში” და ჰეგელის “გერმანულ კონსტიტუციას”. როდესაც სამოქალაქო საზოგადოებაზე ვფიქრობთ, ეს ნაწარმოებები, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წმინდა თეორიული თვალსაზრისით, არამედ როგორც ისტორიული წყაროები დასავლეთის სოციალური ისტორიიდან.

ტოკვილმა, რომელიც გაოცებული იყო ამერკაში დემოკრატიის აღმოცენებით, ამერიკული სახელმწიფოს საფუძველში აღმოაჩინა ნებაყოფლობითი სამოქალაქო გაერთიანებები თემის სახით და დიდი ადგილი დაუთმო მის წარმოშობის და ფუნქციონირების დეტალურ ანალიზს. თემი როგორც ამერიკელ ახალმოსახლეთა გაერთიანება, ცხადია, ამერიკულ სახელმწიფოზე ადრე წარმოიშვა, მარგამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოყალიბების შემდეგ მას არ შეუწყვეტია არსებობა და ტოკვილის დროიდან არა მხოლოდ თანამშრომლობს და სოციალურ ფუნქციებს ინაწილებს სახელმწიფოსთან, არამედ ინდივიდუალური თავისუფლებების არსებითი დასაყრდენიცაა. დაახლოებით მსგავს ვითერებას აღწერს ჰეგელი, როდესაც გერმანული თანმიმდევრულობით ჩამოთვლის იმ ფუნქციებს, რომლისაგანაც სამოქალაქო საზოგადოებას (Büრგერლიცჰე Gესელსცჰაფტ ) შეუძლია გაათავისუფლოს სახელმწიფო. ჰეგელი ამ შრომას წერდა გერმანული ნაციისათვის ძალიან მძიმე პერიოდში, როდესაც ცენტრალური ევროპის ძველი პოლიტიკური გაერთიანება, გერმანელი ხალხის წმინდა რომის იმპერია პრაქტიკულად დაშლილი იყო და მისი პოლიტიკური აპარატი ვეღარ პასუხობდა ახალი ეპოქის გამოწვევებს. ასეთ პირობებში სამოქალაქო საზოგადოება როგორც ადამიანების სხვადასხვა სახის ნებაყოფლობითი გაერთიანებების ერთობლიობა იყო ერთადერთი ინსტანცია, რომელიც უზრუნველყოფდა სოციალური პრობლემების რეგულაციას. ამ ვითარების გათვალისწინებით, ჰეგელის ზემოთარნიშნულ გამოკვლევას შეგვიძლია შევხედოთ როგორც პოლიტიკურ პროექტს, რომელიც სახელმწიფოსაგან მოითხოვდა იმ მინიმალური ფუნქციების შესრულებას (ჯარი და პოლიცია. სასამართლო. გადასხადები), რის გარეშეც არ არსებობს პოლიტიკური ორგანიზმი. რამდენადაც განხილვა პრინციპულ სიახლეს ჩვენი ინტერესებისათვის არ შეგვძენს, შეგვიძლია უბრალოდ აღვნიშნოთ, რომ არსებობდა ამგვარი პროექტის ბრიტანული ნაირსახეობა ე.წ. ღამის დარაჯი სახელმწიფოს თეორიის სახით, რომელშიაც ასევე ნაგულისხმებია სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფოს ფუნქციების ნათელი გამიჯვნა და მათ შორის კოოპერაცია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რომლის თაობაზე აღნიშნული ავტორები საკმარის ინფორმაციას გვაწვდიან სამოქალაქო საზოგადოების ეკონომიკური მხარეა. ჰანა არენდტი წიგნში “რევოლუციის შესახებ” ეხება რა ტოკვილის ეპოქის ამერიკას ერთგან შენისნავს, რომ რევოლუციამდე ამერიკა მდიდარი ქვეყანა იყო. “ამერიკა მდიდარი ქვეყანა იყო” არ ნიშნავს ამერიკის სახელმწიფოს ეკონომიკურ ძლევამოსილებას. არენდტს მხოლოდ იმის აღნიშვნა სურს, რომ ამერიკელები ეკონომიკურად უზრუნველყოფილნი იყვნენ. როდესაც აქ საქმე მიდგებოდა რაიმე სამოქალაქო წამოწყების ეკონომიკურ, ფინანსურ უზრუნველყოფაზე, მის წყაროს ისევ ხალხი, მოქალაქეები წარმოადგენდნენ. მსგავსი ვითარებაა გამოკვეთება ჰეგელის დროინდელ გერმანიაშიც. შეძლებული მოქალაქეები ქვეყნის ძირითად ეკონომიკურ დასაყრდენს წარმოადგენდნენ. სიმდიდრე, საკუთრება, თუნდაც თუნდაც წოდებრივი უთანასწორობით დანაწილებული, მოქალაქეების ხელშია და არა სახელმწიფოსი. ჰეგელის პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმის გარკვევის მცდელობას თუ როგორაა შესაძლებელი საიმპერიო საგადასახადო სისტემის გამართვა, რაც სახელმწიფოსათვის სულის მოთქმის საშუალება გახდებოდა..

ამრიგად დასავლური სოციალური გამოცდილება გვასწავლის, რომ სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება წინ უსწრებდა ნაციონალური სახელმწიფოების წარმოშობას. სამოქალაქო გაერთიანებები, სამოქალაქო წამოწყებებისათვის აუცილებელი ფინანსურ წყაროს ისევ მოქალაქეების ნებაყოფლობითი შესაწირები წარმოადგენენ. შემდგ, ნაციონალური სახელმწიფოების გაჩენა არ სპობს ადამიანების თავისუფალ კავშირებს. პირიქით, თანამშრომლობს მასთან. და ბოლოს, სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ადგილი აქვს ფუნქციონალურ დივერსიფიკაციას. გადავავლოთ თვალი ახლა ამ პოზიციებიდან საქართველოს.



პოსტსაბჭოური პერიოდი საქართველოში

ისტორიული განვითარების თვალსაზრისით, საქართველო ნამდვილად არ ყოფილა სამოქალაქო გაერთიანებების ოაზისი. წარსული ჯერ პატრონყმური და შემდეგ ბატონყმური ურთიერთობები მოსახლეობის უმეტეს ნაწილში ადგილს აღარ ტოვებდა ადამიანებს შორის თავისუფალი გაერთიანებებისათვის. თუმცა სოფლად არსებობდა სასოფლო თემი (გავიხსენოთ ვაჟა ფშაევლას “... თემს რაც სწადია მას იზამს თავის თემობის წესითა”), როგორც ლოკალური სოციალური რეგულატორი, მაგრამ ის უფრო ტრადიციაზე დამყარებული სოციალური სტრუქტურა იყო, ვიდრე ადამიანებს შორის თავისუფალი კოოპერაციის გამოხატულება.

შუა საუკუნეებიდან მოყოლებული თბილისში არსებობდა ხელოსნებისა და ვაჭრების თავისუფალი გაერთიანებები, ამქარი და გილდიები. საქართველოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ XIX საუკუნეში ქალაქში წარმოიშვა საქველმოქმედო ფონდების, თავისუფალი ჟურნალ-გაზეთების და საზოგადოებრივ-კულტურული დანიშნულების ორგანიზაციების შთამბეჭდავი რაოდენობა. ამ ორგანიზაციულმა სტრუქტურებმა ვერ პოვეს შესაბამისი განვითარება ქვეყანაში რუსული ბოლშევიზმის შემოსვლის გამო. საბჭოთა მთავრობამ ყველა თავისუფალი ორგანიზაცია დახურა და ადამიანთა შორის ურთიერთობებზე ტოტალური კონტროლი დაამყარა. რა თქმა უნდა, საბჭოთა საქართველოში არსებობდა სხვადასხვა სახის შემოქმედებითი ორგანიზაციები, ვთქვათ, მწერალთა კავშირი, კომპოზიტორთა კავშირი და ა.შ. მაგრამ ეს ორგანიზაციები სახელმწიფოს მკაცრი იდეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდნენ და ფინანსურად მთლიანად კონტროლდებოდნენ მის მიერ. იდეოლოგიური კონტროლი ამ ტიპის დაწესებულებებზე საბჭოთა რეჟიმის ტრანსფორმაციის კვალად მკაცრდებოდა ან მსუბუქდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ორგანიზაციები სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენდნენ და ის ვითარება, რომ ცალკეული ინდივიდები ამგვარ პირობებშიაც ახერხებდნენ არასტანდარტული, ჭეშმარიტად შემოქმედებითი ნაწარმოებების პროდუცირებას, სულაც ვერ სცვლის საერთო სურათს. ტოტალიტარულ საზოგადოებაში სახელმწიფომ დაფარა ადამიანის აქტიობის თითქმის ყველა სფერო. მისი ძალისხმევით ჰეგელისეული სტრუქტურიდან, სახელმწიფო- კორპორაცია-ოჯახი, მეორე ელემენტი მთლიანად შთანთქმული იქნა სახელმწიფოს მიერ და ამ უკანასკნელის პირისპირ ინდივიდი, როგორც ატომიზირებული სოციალური სეგმენტი, სრულიად მარტო დარჩა. წინამდებარე წერილში ადგილი არ არის ამ თეზისის გაშლილი არგუმენტირებისათვის. მხედველობაში მაქვს, მტკიცება იმის შესახებ, რომ ტოტალიტარული საზოგადოება ინდივიდების ატომიზაციის წყაროა. ჩვეულებრივ, ამგვარ “დანაშაულს” ღია საბაზრო პრინციპებზე დამყარებულ საზოგადოებას მიაწერენ, რომელშიაც გამეფებულია მძაფრი კონკურენცია და არსებობისათვის ბრძოლა. მიუხედავად ამისა, სადავო არ არის, რომ ტოტალიტარული რეჟიმი ვერ დაუშვებს ადამიანების თავისუფალ კოოპერაციას და რაიმე სახის არაკონტროლირებად გაერთიანებებს. მართლაც და, თუ თვალს გადავავლებთ დღევანდელ ქართულ საზოგადოებას, რომელშიაც ზოგიერთი ექსპერტი ტოტალიტარიზმის ნიშნებს ეძებს, ძნელი შესამჩნევი როდია ინდივიდების მსგავსი სეგმენტაცია.

სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრები არიან ე.წ. NGO-ები, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთის ძალისხმევით დაიწყეს აღმოცენება. აღმოსავლეთ ევროპის გამოცდილების მსგავსად, იდეის მიხედვით, ეს ორგანიზაციები (ე.წ. “მესამე სექტორი”) ახალი საზოგადოების ფორმირების უმნიშვნელოვანესი ბერკეტები უნდა ყოფილიყო, რომლებიც არა მხოლოდ ტოტალიტარულ წარსულის მემკვიდრეობიდან გაათავისუფლებდა მოსახლეობას, არამედ მისცემდა მას თვითრეგულირებად სახეს. ამიტომ, ტოტალიტარიზმიდან დემოკრატიული საზოგადოებისაკენ გადასვლისათვის ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დასავლეთიდან, განსაკუთრებით შეერთებული შტატებიდან ამ მიმართულებით გაწეულ ძალისხმევას. დემოკრატიული ცხოვრების დიდი გამოცდილების მქონე დასავლეთში კარგად იცოდნენ როგორ გაედოთ თანხები რეფორმირებადი ქვეყნანაში. დემოკრატიული სახელმწიფო არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოების, მაშასადამე სახელმწიფოსაგან დამოუკიდებელი სოციალური სექტორის გარეშე. ამგვარი სექტორის არ არსებობის პირობებში მოქალაქე მთლიანად სახელმწიფოზე დამოკიდებული ხდება, რაც იმთავითვე ნოყიერი ნიადაგია ტოტალიტარული ან, უკეთეს შემთხვევაში ავტორიტარული საზოგადოების რეანიმაციისათვის. შესაბამისად, დასავლეთი დაინტერესებული იყო NGO-ების, ფართო ქსელის შექმნით მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე და მათ შორის საქართველოში. 2002-2003 წლების მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული იყო 3000-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთაგან 500-დან 800-მდეს მიღებული ჰქონდა ერთზე მეტი გრანტი. ამ ორგანიზაციებიდან მხოლოდ 100 თუ იქნებოდა იმდენად აქტიური, რომ მისი წევრების საქმიანობა მთლიანად შემოფარგლული იყო ამ არასამთავრობო სფეროთი და მხოლოდ 20-30 არასამთავრობო ორგანიზაციას შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა სახელმწიფო გადაწყვეტილებაზე (4.55). ეს მონაცემები იმდენად საინტერესოა, რომ უპრიანი იქნება უფრო დეტალურად შევჩერდეთ მათზე.


არასამთავრობო ორგანიზაციების პროფილი, პროექტების იმპლემენტაცია და დაფინანსება



2004 წელს
ISAR-ის პროგრამის მენეჯერი ცავკასიაში, მაიკლ კლეიტონი აღფრთოვანებული წერდა არასამთავრობო ორგანიზაცია “ვარკეთილის” მოღვაწეობის შესახებ, რომლის წევრებმაც ქმედითი მონაწილეობა მიიღეს თბილისის ამ უბნის შუქით მომარაგების უზრენველყოფაში(5). ამ ორგანიზაციის ნამდვილად სამოქალაქო ინიციატივების აღწერა დაინტერესებულ მკითხველს შესაბამის ვებგვერდზე შეუძლია იხილოს. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ეს ორგანიზაცია მართალია ვერ მოხვდებოდა 20-30 ზემოთაღნიშნულ “რჩეულ” არასამთავრობოთა შორის, მაგრამ უთუოდ საპატიო ადგილს დაიკავებდა 100 NGO-ს შორის, რომლის წევრები არა მხოლოდ დაკავებულნი არიან შესაბამისი საქმიანობით, არამედ რეალურად აკეთებდნენ საქმეს იქ, სადაც სახელმწიფო უძლური იყო. სამოქალაქო ორგანიზაციების პროფილი საქართველოში საკმაოდ ფართოა და მოიცავს როგორც გარემოს დაცვით ორგანიზაციებს, ასევე ქალთა, ადამიანის უფლებათა დაცვით, პოლიტიკურ და სოციალური პრობლემებზე მომუშავე გაერთიანებებს. ასეთი მრავალფეროვნების მიუხედავად მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალზე დაბალია როგორც საზოგადოებრივი სარგებლიანობის თვალსაზრისით, ასევე უფრო ფართოდ, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების დამკვიდრების კუთხით. ამ მიმართულებით არსებული პრობლემებიდან შევარჩევთ ორს. დაფინანასებას და პროექტების იმპლემენტაციას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ამგვარ გაერთიანებებში კონცენტრირებულია ქვეყნის, სოციალურად აქტიური ინტელექტუალური ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის ძირითად ფინანსურ წყაროს საქართველოში დამკვიდრებული ისეთი უცხოური ფონდები შეადგენენ, როგორიცაა UშAID, სოროსის ფონდი, ევრაზიის ფონდი, ფონდი ჰორიზონტი, IღEX-ი, ებერტის ფონდი და ა.შ. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ე.წ. მესამე სექტორის ფინანსური უზრუნველყოფა მთლიანად დასავლურ ორგანიზაციებს აქვთ მინდობილი, ზეგავლენას იქონიებს არასამთავრობო ორგანიზაციების მოღვაწეობის სპეციფიკაზე და მათი თავისუფლების ხარისხზე. მართლაც გრანტის გაცემემდე ფონდების უმეტესობა, აყალიბებს წლის პრიორიტეტებს, სხვადასხვა მიმართულებიდან, ვთქვათ განათლებიდან, მასმედიიდან, სოციალური სექტორიდან და ა.შ. შეარჩევს რომელიმე ერთს. დაფინანსებას როგორც წესი მხოლოდ ის პროექტები იღებენ რომლებიც შესაბამის წლის პრიორიტეტებს აკმაყოფილებენ. თავისთავად გავსებით გამართლებულია, რიმ ფონდმა განურჩევლად კი არ დააფინანსოს გრანტის მომლოდინე არასამთავრობო სექტორი, არამედ განახორციელოს ეს სწორედ აღწერილი, გეგმაზომიერი სახით, მაგრამ მეორე მხრივ, ვერც იმაზე დავხუჭავთ თვალს, რომ ასეთ პირობებში, გამოდის, ფონდმა უკეთ იცის ქვეყნის ეკონომიკის თუU სოციალური ყოფის რომელი უბანი საჭიროებს დახმარებას და სწორედ ამიტომ მისი პოლიტიკაა ქვეყნის განვითარების განმსაზღვრელი. საზოგადოება, რომელსაც საკმარისი რაციონალიზმი და ქვეყნისადმი პასუხისმგებლობა ახასიათებს, იოლად მოახდენდა ფონდების ასეთ პოლიტიკასთან ადაპტირებას და თავისუფალი მოღვაწეობის მაღალი ხარისხის შენარჩუნებას, რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით ქართულ არასამთავრობო სექტორზე. ამიტომ ისინი აკეთებენ არა იმას რასაც საჭიროდ თვლიან, არამედ იმას რისი გაკეთებაც შესაძლებელია ქვეყნისათვის მათთვის გაურკვეველი პროექტის მიხედვით.

როდესაც არასამთავრობო სექტორის ფინანსურ უზრუნველყოფაზე ვფიქრობთ, უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ კიდევ ერთ მომენტს. ისეთ უკიდურესად გაჭირვებულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ქვეყანაში სადაც ყვავის კორუფცია, უმუშევრობა, ხოლო ხელფასს მხოლოდ ნომინალური მნიშვნელობა ჰქონდა, არა კრედიტების, არამედ გრანტების სახით დასავლური ფონდების მიერ გაცემული თანხები ნორმალური არსებობის ძირითად საშუალებად იქცა. სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის კათედრის გამგე, ედუარდ კოდუა, რომელიც საუკუნის დასაწყისში თავის ერთ-ერთ საგაზეთო წერილში ქართველ მკვლევართა შორის პირველად შეეხო ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი ქართული საზოგადოების სტრატიფიკაციის პრობლემას, აღნიშნავდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებში მობილიზებული ადამიანების სახით საქართველოში ჩამოყალიბდა ახალი “კასტა” საკმაოდ ნორმალური შემოსავლებით და რიგით მოქალაქეზე გაცილებით უფრო უზრუნველყოფილი ცხოვრების წესით. ასეთ პირობებში, არასამთავრობო სექტორმა (მით უფრო ეს ითქმის ზემოთაღნიშნულ წარმატებულ 20-30 NGO-ზე), მიიღო უაღრესად დახურული, გაუმჭვირვალე სახე. უფრთხოდნენ რა შიდა კონკურენციას და შემოსავლიანი ადგილის დაკარგვას, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ყოველმხრივ ცდილობდნენ თავიანთი საქმის უხმაუროდ წარმართვას[1]. წლების შემდგომ მესამე სექტორში შეიქმნა პარადოქსული ვითარება. თუ ორიენტირად ავიღებთ პოპერის ნეოლიბერალურ იდეას ღია საზოაგდოების შესახებ და ამ იდეის საფუძველზე შექმნილ სოროსის ფონდს, მის მსგავსად არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა შეესრულებინათ რაღაც გამტარის ფუნქცია სახელმწიფოსა და ხალხის ინერტულ მასას შორის. სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციებს ღია კარის პოლიტიკით უნდა მოეზიდათ მოსახლეობის მაქსიმალურად ფართო ფენები, გაევრცელებინათ ახალი ინიციატივების გენერირების, კოოპერაციის და სოლიდარობის უნარჩვევა. სანაცვლოდ, ქვეყანაში ჩვენ მივიღეთ ერთ-ერთი ყველაზე უფრო გაუმჭვირვალე ორგანიზაციების სისტემა, რომელიც თავის ძირითად დეკლარირებულ ფუნქციას, თუკიUეს ფუნქცი სწორად მოვინიშნეთ, ვერ ასრულებდა2.

კიდევ ერთი დიდი პრობლემა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას ახლავს საქართველოში შეეხება რეალიზებული პროექტების პრაქტიკულ იმპლემენტაციას (თუკი ამგვარი რამ იგულისხმება პროექტით). გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, როდესაც არასამთავრობო სექტორი ქართულ სახელმწიფოსთან ერთად იდგავდა ფეხს, მათი ურთიერთობა საკმაოდ რთულად აეწყო. შევარდნაძის ხელისუფლება, მიუხედავად მისი ლიდერის ღრმა საბჭოური გამოცდილებისა, ხელს არ უშლიდა არასამთავრობო სექტორის მომძლავრებას. პირიქით, ქართული NGO-ების უდიდესი ნაწილი სწორედ შევარდნაძის დროს დარეგისტრირდა და მომძლავრდა. მაგრამ როდესაც საქმე შეეხებოდა თანამშრომლობას არასამთავრობო სექტორსა და ხელისუფლებას შორის, ურთიერთობა შორს იყო სასურვეილსაგან. ალბათ უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ შევარდნაძის ხელისუფლება ანგარიშს უწევდა რა დასავლელი პარტნიორების პოლიტიკურ გემოვნებას, უბრალოდ ითმენდა არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობას. თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ თითებზე ჩამოსათვლელია მესამე სექტორში მომზადებული ისეთი პროექტების რაოდენობა, რომლის რეკომენდაციებიც გაითვალისწინა ხელისუფლებამ, ხოლო ისეთ შემთხვევებში როდესაც საქმე შეეხებოდა კორუპციას ან პენიტენციალურ სისტემას და ადამიანის უფლებების დაცვას, ხელისუფლება აშკარად აგრესიული ხდებოდა და კონფრონტაციაში შედიოდა არასამთავრობო სექტორთან. შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ დაიკარგა ან განუხორციელებელი დარჩა არაერთი სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური ხასიათის სამოქმედო ღონისძიებათა ნუსხა და რომ ისეთ შემთხვევებში, როდესაც საჭირო იყო ხელისუფლების არათუ ყურადღება და თანადგომა, არამედ გარანტირებული ჩაურევლობა, ხელისუფლების ქცევა, იშვიათი გამონაკლისების გარდა, საერთო სარგებლიანობის პრინციპის საპირისპირო იყო.

კიდევ უფრო გართულდა ურთიერთობა სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორს შორის დღეს. სააკაშვილის რეფორმების ერთ-ერთი ძირითადი მოტივი ემყარებოდა სავსებით სწორ თეზისს ქართული სახელმწიფოს არაქმედითუნარიანობის შესახებ. სხვადასხვა საერთაშორისო გამოკითხვებით შევარდნაძის დროინდელი საქართველო არაერთხელ აღმოჩენილა არშემდგარი სახელმწიფოების ნუსხაში. ამიტომ, სააკაშვილის მთავრობის ძალისხმევა, მცდელობა იმისა, რომ რეფორმების გზით მიგვეღწია სახელმწიფო სექტორის გაძლიერებისათვის, თავისთავად მისასალმებელია. აქ ადგილი არ არის გატარებული რეფორმების ავკარგიანობის შესაფასებლად. უფრო მნიშვნელოვნად მიგვაჩნია აღნიშვნა იმისა, რომ რეფორმებმა თანდათანობით უაღრესად რადიკალური სახე მიიღო და სრულ სახელმწიფო კონტროლს დაუქვემდებარა სოციალური სფერო. განხორციელდა სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა მკვეთრი შეკვეცა და ადამიანების დიდი მასის სრული მარგინალიზაცია მას შემდეგ, რაც საცოდავ მდგომარეობაში მყოფმა ქართულმა ბიზნესმა ვერ მოახერხა იაფი გამოთავისუფლებული მუშახელის დასაქმება. ადამიანების ყოველდღიური არსებობა სერიოზულ პრობლემად იქცა, რამაც საზოგადოების ისეთივე ატომიზაცია გამოიწვია, როგორიც ზემოთ იყო აღნიშნული. მართალია ხელისუფლებას ვერ დავაბრალებთ, რომ მან დახურა რომელიმე სარასამთავრობო ორგანიზაცია, მაგრამ ასეთ სოციალურ ვითარებაში არასამთავრობო სექტორი სრულიად უფუნქციოდ არსებობს. მას სახელმწიფომ აღარ დაუტოვა რეალური სამოქმედო ველი. სხვაგვარად ეს იმას ნიშნავს, რომ ატომიზირებული ინდივიდი კვლავ სახელმწიფოს პირისპირ დგას თანაც იმის სრული შეგნებით, რომ ამგვარ დაპირისპირებაში ის ყოველთვის დამარცხებული იქნება. თუ ამ გადასახედიდან შევაფასებთ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას და გაღებულ დიდძალ ფინანსურ დახმარებას, რომლის მიზანი იყო საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, აშკარა გახდება, რომ ეს თანხები წყალშია გადაყრილი. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა მთლად უკვალოდ არ გამქრალა მან გარკვეული შედეგები მოიტანა სხვა მიმართულებით.



არასამთავრობო ორგანიზაციების მოღვაწეობის ზოგიერთი შედეგის შესახებ

როდესაც საუბარია არასამთავრობო სექტორში მომზადებული პროექტების შესახებ, რომელთა იმპლემენტაციას მნიშვნელოვანი შედეგი მოყვა არა მხოლოდ გარკვეული რეგიონის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეგვიძლია რამდენიმე იშვიათი გამონაკლისის დასახელება. განათლების რეფორმა, მაგალითად, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული პროექტი იყო დიდწილად მომზადდა სოროსის ფონდში. შეიძლება სულ მცირე ერთი ორგანიზაციის დასახელება (მხედველობაში მაქვს თავისუფლების ინსტიტუტი), რომლის პროექტები შევარდნაძის დროს მჭიდროდ იყო კოორდინირებული ხელისუფლების რეფორმატორულ ძალებთან. ამ ორგანიზაციის კავშირები დღევანდელ ქართულ ხელისუფლებასთან იმდენად მჭიდრო გახდა, რომ ის უფრო ჩამოჰგავს სამთავრობო ინტელექტუალურ ცენტრს, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციას.

ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი რაც უცხოური ფონდებისა და NGO-ების მოღვაწეობას მოყვა საქართველოში, იყო ახალი პოლიტიკური კლასის, მომავალი მმართველი ელიტის ჩამოყალიბება. თავის დროზე, საქართველოში აკრედიტებულმა უცხოურმა ფონდებმა, ჩვენს ქვეყანაში დაფუძნებისა და უამრავი ბიუროკრატიული ბარიერების დასაძლევად, ცხადია პირველ რიგში ხელისუფლებას მიმართეს. მაშინ ხელისუფლებაში მყოფმა, როგორც უწოდებდნენ, ახალგაზრდა რეფორმატორებმა (ჟვანიამ, სააკაშვილმა და სხვებმა) კარგად გათვალეს აღნიშნული ფინანსური წყაროს პოლიტიკური მომგებიანობა და როდესაც ხელისუფლების უფროსი თაობის წარმომადგენლები, “წითელი დირექტორები” საკუთარი ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილებას სხვადასხვა მაქინაციებით, ხშირად სახელმწიფოს მიერ აღებული უცხოური ვალების დატაცებით ცდილობდნენ, სრული კონტროლი დაამყარეს იმ ფონდებზე და ფონდების მიერ მსუყედ დაფინანსებულ NGO-ებზე რომლების გრანტების სისტემაზე მუშაობდნენ. ამ კონტროლს ორმაგად მომგებიანი ხასიათი აღმოაჩნდა:

პირველი, ფონდების და
NGONGO-ების მაღალანაზღაურებადი (პროგრამების დირექტორების, მენეჯერების, კოორდინატორების და ა.შ.) თანამდებობები ჟვანია-სააკაშვილის პროტჟეებმა დაიკავეს. გარკვეული პოლიტიკური, კერძოდ დეკლარირებულად ლიბერალური ღირებულებების და ინსტიტუტების განმტკიცებაზე ორიენტირებულ უცხოურ ფონდებში არსებულმა მაღალმა ფინანსურმა უზრუნველყოფამ განსაზღვრა, ერთი მხრივ ჟვანია-სააკაშვილის პოლიტიკური პლათფორმა და ლტოლვა აშშ-საკენ, ხოლო მეორე მხრივ, კარგი შანსი მისცა მათ შეექმნათ ერთგული ბირთვი ფართო პოლიტიკური სპექტრისათვის.

მეორე, ფონდებში ძირითად თანამდებობებზე “თავისი ხალხის” გაყვანით, ჟვანია-სააკაშვილმა საკმაოდ სოლიდური სახსრების საკუთარი შეხედულებებისამებრ რეგულირების მარჯვე მექანიზმი მოიპოვა. შედეგად, კონკრეტული მიმართულებით ანგაჟირებული და ერთგული ინტელექტუალების რიცხვმა უფრო იმატა. რეფორმატორების გუნდის მიერ არასამთავრობო სექტორის შესაქმნელად გამიზნული დასავლური სახსრების გონივრული და მარჯვე გამოყენების კიდევ ერთ ნიმუშად შეგვიძლია გავიხსენოთ “რუსთავი 2”-ის დაარსების ისტორია, როდესაც ხელისუფლების მიერ დახურულმა და შერისხულმა პროვინციულმა ტელევიზიამ სათანადო საგრანტო დახმარების შედეგად არამხოლოდ ადგილმდებარეობა შეიცვალა, არამედ თანდათან ჩამოყალიბდა აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფის მძლავრ Pღ მანქანად. აქ უთუოდ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მათი შევარდნაძის ხელისუფლებისაგან ჯერ განდგომისას, ხოლო შემდეგ რადიკალური დაპირისპირებისას, აღნიშნული ინფრასტრუქტურა ძალზე აქტიურად მონაწილეობდა. ის ჩამოყალიბდა და მომძლავრდა მმართველი წრეების თვალწინ ყოველგვარი კანონდარღვევის გარეშე. რამდენადაც ეს ფონდებისა და NGO-ების სისტემა არასამთავრობო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების რეპუტაციით სარგებლობდა, ხელისუფლების ყოველი კონტრზომა ძალზე იოლად იყო ინტერპრეტირებული “სამოქალაქო საზოგადოების ხელყოფად”, “თავისუფალ ტელევიზიაზე თავდასხმად”, “კორუმპირებული ჩინოვნიკების და მაფიოზური კლანების თვითნებობად” და ა.შ. ცხადია შექმნილი ვითარება, პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმულ ხელისუფლებას იმთავითვე წამგებიან პოზიციაში აყენებდა, რადგან იქმნებოდა ხელისუფლების სამოქალაქო საზოგადოებასთან დაპირისპირების, ძალაუფლების თავისუფლებასთან ბრძოლის ეფექტი.

რევოლუციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ “წარმატებულმა” არასამთავრობო ორგანიზაციებმა მათზე დაკისრებული ამოცანა, რომელიც დიდად განსხვავებული იყო მესამე სექტორის მომძლავრებისაგან, ამოწურა. ამიტომ ის ხალხი, ვინც რევოლუციამდე დაკავებული იყო პრივილეგირებულ არასამთავრობო სექტორში, დღეისათვის გაბნეულია იქ სადაც უნდა ყოფილიყო თავდაპირველი ჩანაფიქრით - შეადგენენ ძირითად სახელისუფლებო წრეებს.





No comments:

Post a Comment