Wednesday, June 16, 2010

ვაქციოთ ომი ისტორიად!

მიმართვა ქართული საზოგადოებისადმი _
       
         შევცვალოთ პოლიტიკის დღის წესრიგი

ვაქციოთ ომი ისტორიად!


ცივი ომის დასრულების შემდეგ, იმედი იმისა რომ მთელს ევროპის კონტინენტზე სამუდამო მშვიდობა დაისადგურებდა, სამწუხაროდ არ გამართლდა.  ახლადწარმოქმნილ მრავალეთნიკურ სახელმწიფოებში სეცესიონისტურმა კონფლიქტებმა იჩინა თავი, რამაც გარეშე ძალებს ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა ამ კონფლიქტების მათ სასარგებლოდ ინსტრუმენტალიზაციისთვის. ახალგაზრდა ქვეყნების უუნარობამ თავი დაეღწიათ, როგორც საშინაო, ისე საგარეო პრობლემებისთვის, ევროპაში შექმნა ერთგვარი გამყოფი წითელი ხაზი. ერთ მხარეს აღმოჩნდნენ  ცენტრალური ევროპის პოსტკომუნისტური ქვეყნები და ბალტიისპირეთი, მეორე მხარეს კი ბალკანეთი და  დანარჩენი პოსტსაბჭოთა ქვეყნები, მათ შორის საქართველოც. მწვავე კონფრონტაციამ და სამხედრო დაპირისპირებამ დამღუპველი შედეგები მოიტანა კონფლიქტებში ჩართული ქვეყნებისთვის. მაგრამ ამის სათანადო გაცნობიერება ჩვენში ჯერაც არ მომხდარა. მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებული ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკური კურსისა საომარი რიტორიკა დღესაც არ მოხსნილა პოლიტიკის დღის წესრიგიდან.
დასავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილებამ თვალნათლივ დაადასტურა მშვიდობის უცილობელი უპირატესობა. ევროპის ქვეყნებმა  გადალახეს ისტორიული დაპირისპირება და მხოლოდ ამ გზით მიაღწიეს განვითარებას, სამართლიანობის დამკვიდრებას და სახელმწიფოთა პროგრესს.
დღევანდელი საქართველოს განვითარება წარმოუდგენელია მშვიდობის უპირობო პრიორიტეტად აღიარების გარეშე. უარის თქმა ომზე და ძალადობაზე ეს არა პაციფისტურ-იდეალისტური დამოკიდებულებაა ქვეყნის წინაშე მდგომი პრობლემების მიმართ, არამედ მაქსიმალურად რაციონალური. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რევანშისტული პოლიტიკა დამღუპველია, როგორც ეკონომიკურ-პოლიტიკური, ისე დემოგრაფიული  თვალსაზრისით. მტრის ხატის შექმნა, ნაციონალიზმი, რევანშიზმი ჩანასახშივე სპობს ქვეყნის განვითარების პერსპექტივას, რაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის ევროპულ სივრცეში სრულფასოვნად ინტეგრირებისთვის.
ქვეყნის საგარეო პოლიტიკა უნდა გათავისუფლდეს უტოპისტური და იდეოლოგიური მიდგომებისგან  და გახდეს უფრო პრაგმატული, განსაკუთრებით მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან მიმართებაში. ახალი , თანამშრომლობაზე ორიენტირებული მსოფლიო პოლიტიკის ტენდენციები, კერძოდ ობამას ადმინისტრაციის მიერ გაცხადებული ახალი პოლიტიკური კურსი  და ევროგაერთიანების  ინიციატივები მოწმობს ამგვარი პოლიტიკის აუცილებლობას.
პოლიტიკური მოძრაობასოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვისმიიჩნევს, რომ ახალმა სამშვიდობო ინიციატივებმა უნდა შეცვალონ ქართულ საზოგადოებაში წლების განმავლობაში დამკვიდრებული სტერეოტიპები და შეამზადონ ნიადაგი ახალი მიდგომებისთვის.
 ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და თითოეულ მოქალაქეს  დაგმონ რევანშიზმი და მისი პროპაგანდა, დაგმონ ომი, როგორც პრობლემების მოგვარების საშუალება, დაგმონ ომის, ქსენოფობიისა და შეუწყნარებლობის ნებისმიერი გამოვლინება.

ვაქციოთ ომი ისტორიად!

სამუდამოდ დავამკვიდროთ აზრი, რომ ომი პრობლემებს კი არ აგვარებს, არამედ ამრავლებს.
 ომი არ აძლევს საზოგადოებას საშუალებას მოახდინოს კონცენტრირება ქვეყნის განვითარებაზე.
ვაქციოთ: ომი _ ისტორიად!  
მშვიდობა და განვითარება _ აწმყოდ!  
დაპირისპირება _ თანამშრომლობად!

1 comment:

  1. ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. აგვისტოს ომის წინ ყველას ვედავებოდი ვისაც კი შემეძლო ომის საწინაარმდეგოდ , მაგრამ აღმოჩნდა, რომ ომის აგუმენტების დამარცხება არც ისე ადვილია.

    ისტებლიშმენტს ყავს თავსი ხალხი, რომლებსაც აქვთ ფსევდოარგუმენტები, მაგრამ, თუ არ შეედავე, ეს მათი არგუმენტები სისულელედ არ მოჩანს ობივატელისთვის.

    მაგალითად, ერთი არგუმენტი ასეთია – სამოქალაქო ომი ხომ იწვევს განვითარებას? განა ამერიკის სამოქალაქო ომმა არ გააერთიანა ქვეყანა და არ აღკვეთა მონობა?

    ReplyDelete