Sunday, June 27, 2010

ნაციონალური იდენტობა და ნაციონალური ნარატივები

ზაზა შათირიშვილი



ნაციონალური იდენტობა და ნაციონალური ნარატივები


1. ნაციონალური იდენტობა ესაა ნაციის მიერ საკუთარი თავის თვითაღქმა და თვითშეფასება. ნაციონალური იდენტობის განმსაზღვრელი ფაქტორი ნაციონალური ნარატივია. რას ნიშნავს ნაციონალური ნარატივი? ის, რაც პიროვნებისათვის (ავტო)ბიოგრაფიაა, ფაქტობრივად, იგივეა ნაციისათვის ნაციონალური ნარატივი. ნაციონალური ნარატივების მეშვეობით ნაცია ახდენს საკუთარი თავის ფორმირებასა და კონსტიტუირებას. ნაციონალური ნარატივებს აყალიბებს ნაციონალური პოლიტიკურ-ინტელექტუალური ელიტა სკოლის, პრესის/მედიისა და უნივერსიტეტის მეშვეობით.

2. რა არის ნაცია? ნაცია ესაა ერთი ნაციონალური ნარატივი და ერთი ეკონომიკა ერთ მთლიან ტერიტორიაზე. ტერიტორიული მთლიანობის იდეა, საბაზრო ეკონომიკა და განათლების ერთიანი სისტემა ქმნის ნაციას, როგორც მთლიანობას, რომლის აუცილებელი თვისება “სუვერენულობაა”. ამიტომაც, ლეგიტიმურობის წყაროს წარმოადგენს “ერთი ხალხი ერთი ტერიტორიაზე”.

3. ნაციონალური იდენტობა და ნაციონალური ნარატივები პირველად ჩნდება და ყალიბდება XVIII-XIX საუკუნეების ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში. პირველი ორი ნაცია ესაა _ ამერიკული და ფრანგული ნაციები. ფრანგულ ნაციონალური იდენტობას აყალიბებს ფრანგული რევოლუცია (ბასტილიის აღება) და ადამიანის უფლებათა დეკლარაცია. ამერიკულ ნაციონალურ ნარატივს აყალიბებს ამერიკული რევოლუცია და დამოუკიდებლობის დეკლარაცია თავისუფლების ქარტიასთან ერთად.

4. ქართული ნაციონალიზმის თავისებურება: ქართული ნაციონალიზმი იბადება XIX საუკუნის 60/70-იან წლებში რუსული იმპერიის წიაღში. ამ ნაციონალიზმის მთავარი სლოგანია მამული (ტერიტორია), ენა (ერთიანი განთლების სიტემა) და სარწმუნოება (ქრისტიანული ტრადიცია, როგორც “ნაციონალური მემკვიდრეობა”). სწორედ ეს უკანასკნელი პუნქტი გამოარჩევს ქართულ ნაციონალიზმს ნაციონალიზმის ევროპული მოდელისაგან, სადაც ნაციონალიზმი სწორედ მონარქიასა და ეკლესიასთან დაპირისპირებაში ჩამოყალიბდა (ამის შესახებ იხ.: ქვემოთ). ამავე დროს, თუ ევროპაში ნაციონალიზმსა და ნაციონალურ იდენტობას ბურჟუაზია (იმდროინდელი სამოქალაქო საზოგადოება) აყალიბებს, საქართველოში ნაციონალურ იდენტობას ძირითადად არისტოკრატიული წარმოშობის ინტელექტუალური ელიტა (ქართული ინტელიგენცია _ “თერგდალეულები”) ქმნის. ამ აზრით, როგორც შენიშნავს თანამედროვე ამერიკელი ისტორიკოსი რონალდ სუნი (ღონალდ შუნყ), ქართული ნაცია ბოლომდე ჩამოყალიბებული დღემდე არ არის (თჰე Mაკინგ ოფ ტჰე Gეორგიან Nატიონ (Iნდიანა Uნივერსიტყ Pრესს, 1988, 1994)).




ისტორიული ექსკურსი:

“ბიზანტიური” ძალაუფლება და ქართული ნაციონალიზმი




ძალაუფლება ქართულ კულტურაში ყოველთვის პიროვნებაზე იყო მიბმული და პიროვნებიდან მომდინარეობდა. “ქართული” ძალაუფლება ქარიზმული ფენომენია. თანამედროვე ფრანგი ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ საფრანგეთის რევოლუციის შედეგები ჯერაც არ დამთავრებულა. მე კი ვიტყოდი, რომ ჩვენთან ბიზანტიის იმპერიის დაშლა ჯერ არ დასრულებულა. გარკვეული აზრით, საქართველოში (და არა მხოლოდ _ საქართველოში) პოსტბიზანტიური ეპოქა ჯერ კიდევ არ დამდგარა. სწორედ ამიტომაა ძალაუფლება საქართველოში ქარიზმული და პიროვნული _ “ჩვენს” ძალაუფლებას “ბიზანტიური ტრადიცია” განსაზღვარვს.

“ბიზანტიზმი” ესაა იზოლაციისკენ და გამოყოფისაკენ სწრაფვა _ ამ აზრით, საქართველოს რევოლუციური ხელისუფლება, რომელიც ჭეშმარიტი სახელმწიფოს აშენების სახელით თვითიზოლაციაზე საუბრობდა _ მიხეილ კერულარიოსისა თუ პროტოპოპ აბაკუმის ჟესტებს იმეორებდა და სულაც არა აქვს მნიშვნელობა იმას, იცოდა თუ არა მან ეს სახელები, სწამდა თუ არა ღმერთი და მოსწონდა თუ არა, ვთქვათ, სამების ტაძარი და ა.შ.

“ბიზანტიზმის” მეორე ნიშანი ძალაუფლების საკრალიზაციის ის ტიპია, რომელიც საქართველოსა და რუსეთში (და არა მხოლოდ ამ კულტურებში!) გვხვდება. ესაა ძალაუფლების საკრალიზაციის ბიზანტიური ტიპი. ასეთი რამ ევროპაში არასდროს ყოფილა. ევროპაში იმპერატორი (ან მეფე) ლეგიტიმაციას ეკლესიისგან იღებდა. ბიზანტიაში კი განსაკუთრებული პოლიტიკური თეოლოგია შეიქმნა, რომელიც პირდაპირ აღიარებდა, რომ იმპერატორი ქრისტეს მსგავსია _ ანუ იმპერატორის ძალაუფლება “თვითლეგიტიმური” გახლდათ! ამას, სამწუხაროდ ჩვენი ისტორიკოსები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას.

მიუხედავად ამისა, რედუცირებული, “შემოკლებული” სახით ეს “ბიზანტიზმი” ჩვენში მაინც იყო და ახლაც არის. ბიზანტური გაგებით, იმპერატორი თავის თავში აერთიანებს ორივე მომენტს _ Iმპერიუმ-ს _ ძალაუფლებას, და შაცერდოტიუმ-ს _ სიწმიდეს _ სწორედ აქედან წამოიშვა “სამოდერჟავიეს” კონცეპტი და ფენომენი! დასავლურ კულტურაში კი ეს ორივე ფენომენი თავიდანვე გამიჯნული იყო.

ამიტომაც, ძალაუფლების მატარებელი პერსონის მიმართ ჩვენთან არ არსებობს მშვიდი და კრიტიკული დამოკიდებულება. ის ან მხსნელია, ან _ დამაქცეველი. ასეთი განწყობა იყო როგორც ზვიად გამსახურდიას, ისე _ ედუარდ შევარდნაძის მიმართ. სულ სხვა ამბავია, რომ შევარდნაძემ, პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, “მშვიდად წასვლა” მოახერხა.

დღეს საქართველოში ინსტიტუციების კრიზისია, ვერ შეიქმნა თავისუფალი სასამართლო, დამოუკიდებელი პარლამენტი _ ყველაფერი საპრეზიდენტო მმართველობაზეა მიბმული. ტიპოლოგიურად აბსოლუტურად ერთგვაროვნად ვითარდება მოვლენები რუსეთსა და საქართველოში. პუტინის ძალაუფლებაც მსგავსი ტიპის ძალაუფლებაა _ პუტინი და სააკაშვილი შეიძლება უპირისპიდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ, გარკვეული აზრით, რუსეთი და საქართველო ერთმანეთს აირეკლავს და ეს ურთიერთმტრობა კიდევ უფრო ამყარებს ამ ძალაუფლებათა შინაგან სიღრმისეულ ერთიანობას. არსებობს თუ არა აქედან გამოსავალი, ძნელი სათქმელია. ხელისუფლება კი შეიცვლება, მაგრამ ჩვენ რამდენ ხანს ვართ დაზღვეული მსგავსი რეციდივებისაგან, ვერავინ იტყვის.

საქმე ისაა, რომ ჩვენი კულტურა გეტოს ტიპის კულტურაა, ჩვენი დღევანდელი ქრისტიანობაც ხომ “ტერიტორიულია”, იზოლაციისკენ მიდრეკილია, ორინეტირებული სულაც არაა გასვლაზე, მისიონერობაზე... და როცა ქართველებს ჩვენი საკუთარი ძალაუფლება გაგვიჩნდა, მას აშკარად “ბიზანტიური” თვისებები აღმოაჩნდა. ბიზანტიაც, მიუხედავად იმისა, რომ იმპერია იყო, გეტოსავით მოქმედება. მუსლიმური სამყაროს გაძლიერების შემდეგ სულ უფრო და უფრო პატარავდებოდა, დაბოლოს, მხოლოდ კონსტანტინოპოლიღა დარჩა. რუსეთიც თითქოს უზარმაზარი სივრცეა, მაგრამ მასაც იზოლაციისკენ აქვს მისწრაფება _ ცენტრისკენულია. ჩვენც ეს გვახასიათებს. თანაც ორივენი, რუსებიც და ქართველებიც, ჩვენს განსაკუთრებულებაზე ვსაუბრობთ.

ამთგან განსხვავებით, ევროპა ცენტრიდანულია, “ექსპანსიურია” _ ევროპა გადის და ნერგავს თავის ღირებულებებს. ასე იყო კოლონიურ ხანაში და ასეა ახლაც. XIX საუკუნის პირველი ნახევრის რუსი მოაზროვნე პიოტრ ჩაადაევი რუსეთის შესახებ აღნიშნავდა, რომ რუსეთი ისტორიიდან ამოვარდნილია _ რომ რუსეთი თეთრი ლაქაა ისტორიაში. მსგავსი რამ, გარკვეულწილად, საქართველოზეც შეიძლება ითქვას. არადა, იყო პერიოდი, როცა ჩვენ, რუსეთისაგან განსხვავებით, ერთი მთლიანი საქრისტიანოს ნაწილი ვიყავით. როცა იოანე საბანისძე წერდა _ "ყურესა ამა ქვეყნისასა" _ ეს ნიშნავდა, რომ ქრისტიანული ოიკუმენის საზღვარზე მეციხოვნესავით ვიდექით. ჩვენს მერე მუსლიმური სამყარო იყო. ეს არ ნიშნავდა იზოლირებულობას _ პირიქით!

ჩვენ _ ქართულ საზოგადოებას _ არ გვესმის ნაციონალიზმის თავისებურება, ქართულისა კი არა _ საზოგადოდ _ ნაციონალიზმის ფენომენის თავისებურება. ჩვენ გვგონია, რომ ნაციონალიზმი ოდითგანვე არსებობს. ამ დროს, ის XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში ისახება და მერე ვრცელდება. ჩვენ გვგონია, რომ XIX საუკუნის ქართული ნაციონალიზმი შუა საუკუნეების ქართული სამეფოს გაგრძელებაა, სინამდვილეში ეს ასე არ არის. ერთია სამეფო, თავისი იერარქიულობით და სულ სხვა რამეა _ ნაციონალიზმი. ნაცია გულისხმობს ეგალიტარიზმს, თანასწორობას. მაშინ, როდესაც ის, რაც არის ნაციამდე _ სამეფო _ პრინციპულად სხვანაირია _ იერარქიულია და სულ სხვა წესი აქვს ლეგიტიმურობისა.

დღეს ბევრი საუბარი და კამათია ლეგიტიმურობაზე. მნიშვნელოვანი ისაა, რომ საფრანგეთის რევოლუციამდე, ლეგიტიმაციის სულ სხვა წესი არსებობდა. ლეგიტიმურობის წყარო მანამდე იყო არა ხალხი, არამედ _ ღმერთი. როგორც რუსთაველი ამბობს _ “მისგან არს ყოვლი ხელმწიფე, სახითა მისმიერითა”. მეფე ლეგიტიმურია იმდენად, რამდენადაც ეკლესია ადასტურებს მის ლეგიტიმურობას. მეფე ღვითისგანაა. ჯერ კიდევ წარმართ იმპერტორზე ამბობდა პავლე მოციქული _ “დაემორჩილეთ, სანამდეც შეგიძლიათ”.

XVIII საუკუნის ბოლოს მეფეს თავს აჭრიან _ საფრანგეთის რევოლუციას ვგულისხმობ. ეს რეალური აქციაა, მაგრამ დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს. იბადება ახალი ფენომენი _ ნაცია _ და “ჯდება” ამ მოჭრილი თავის ადგილას. ნაცია ახალ წესებს ნერგავს, რომელთა წინაშეც ყველა უნდა იყოს თანასწორი _ აღარ არსებობს დინასტია, იერარქია, აღარ არსებობს არისტოკრატიის პრივილეგიები. ბურჟუაზია აცხადებს, რომ ის ნაციაა. სწორედ აქედან იბადება ნაციონალიზმი _ ერთი კლასი _ თითქოსდა ერის ნაწილი _ თავის თავს მთლიანობას _ მთელ ერს უიგივებს. არისტოკრატია, მეფე და სამღვდელოება ნაციის მოღალატეებად შეირაცხა.

ქართული ნაციონალიზმი XIX საუკუნის მეორე ნახევარში გაფორმდა. ილია ჭავჭავაძე, მართლაც, ქართული ნაციონალიზმის მამაა. ის ერთ პირად წერილში წერდა _ “ქართლის ცხოვრებას ვკითხულობდი და ხალხი ვერ დავინახე, ჩვენი ისტორია მეფეთა ისტორიააო”. ვახუშტი ბატონიშვილის წიგნს ჰქვია "აღწერა სამეფოსა საქართველოსა", ივანე ჯავახიშვილისას _ "ქართველი ერის ისტორია". ამ ორ ტექსტს შორის 130 წელი და უზარმაზარი განსხვავებაა, სადაც მეფე და სამეფო იყო _ იქ ერი, ნაცია გაჩნდა!

საფრანგეთის რევოლუციამ დაგვანახა, რომ მეფის მოჭრილი თავის ადგილი ნაციამ დაიკავა. მეფე იყო სუვერენი, რომელსაც ჰქონდა ნება, ის აღასრულებდა კანონებს, კანონს სჭირდება ნება, ეს მეფის ნებაა, მაგრამ მეფის ნება ღვითის ნებისაგან მომდინარეობს. მეტაფიზიკურად ძალიან გამართული მომენტია! კანონის უზენაესობა და ნაციის სუვერენულობა სწორედ მეფის სუვერენულობის ჩანაცვლებაა, და _ იმ ლეგიტიმურობისა, რომლის წყაროც არის ღმერთი. ამიტომაც, საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ დღემდე ლეგიტიმურობის კრიზისის სიტუაციაში ვიმყოფებით. ფრაზა _ “კანონის უზენაესობა” _ მალავს გარკვეულ მელანქოლიასა და სევდას ნამდვილი ლეგიტიმურობის _ მეფის ლეგიტიმურობის _ მისამართით. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ლეგიტიმურობა შემცირდა ან გაიზარდა. არადა, ლეგიტიმურობა ან არის, ან _ არა, ის არაა თვლადი. თუ ის იცვლება და ითვლება, მაშინ ის უკვე რეიტინგია და არა _ ლეგიტიმურობა. ეს პრობლემა ონტოლოგიურად საფუძველშივე უდევს დემოკრატიას _ ევროპული დემოკრატია და ნაცია ხომ ერთი და იგივეა!

ილია ჭავჭავაძე თავისი ცნობილი სლოგანით _ "მამული, ენა, სარწმუნოება" _ შეეცადა ამოევსო ის წყვეტა, რომელიც სამეფოსა და ნაციონალიზმს შორის არსებობდა. უფრო მეტიც _ ილია შეეცადა მეფის ნაცვლად ერი გამოეცხადებინა საკრალურად! ამიტომაც მას “ერის მამა” და “საქართველოს უგვირგვინო მეფე” უწოდეს. ეს კვაზიმონარქისტული ეპითეტები ძალიან სიმპტომურია!

სამეფოში ყველაფერი მეფისადმი ლოიალურობით იზომება. მაგალითად, ერეკლეს დროს ქართველები და სომხები რელიგიურად დაპირისპირებულები კი იყვნენ, მაგრამ ნაციონალური დაპირისპირება მათ შორის არ არსებობდა. იმიტომ, რომ არ არსებობდა ისეთი ხედვის კუთხე, როგორიცაა ნაციონალიზმი. ეს დაპირისპირება XIX საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა _ რუსეთის იმპერიაში ჩვენი ყოფნისას, როცა ქართული არისტოკრატია და გლეხობა გაუუცხოვდა სომხურ ბურჟუაზიას. ეს ძალიან კარგად არის ნაჩვენები "ხანუმაში", როცა ქეთოსა და კოტეს ქორწინების სახით ხდება ალქიმიური ქორწინება სომხურ ბურჟუაზიასა (რომელსაც რეალური კაპიტალი აქვს) და ქართულ არისტოკრატიას (რომელსაც სიმბოლური კაპიტალი აქვს) შორის.

მამათა და შვილთა ბრძოლა იყო არა იმდენად თაობათა შორის ბრძოლა, რამდენადაც _ ბრძოლა მონარქიზმსა და ლიბერალურ ნაციონალიზმს შორის. მონარქიზმი გულისხმობს იერარქიულობას, ლიბერალიზმი _ თანასწორობას; მონარქიზმი აგებულია დინასტიზმის პრინციპზე, ის არ არის ტერიტორიაზე მიბმული _ სადაც მეფეა, იქაა სამეფოც. ტერიტორიული პრობლემები მნიშვნელოვანია შუა საუკუნეებში, მაგრამ არ არის გადამწყვეტი. ნაცია კი არის _ ერთი ეკონომიკა და ერთი ნაციონალური ნარატივი ერთ ტერიტორიაზე. იმპერია თავისი არსით უპირისპირდება ნაციონალიზმს _ ის გლობალ(ისტ)ური ფენომენია. იმპერიაში მთავარია, რომ ის ფართოვდება გარკვეული სამეფოების დინასტიურ პრინციპში “ჩართვით” _ იმპერია გაფართოებადი მონარქიაა. ნაციონალიზმს კი სჭირდება კონკრეტული ტერიტორია და ბევრი სისხლიც იღვრება ამ ტერიტორიის დასაკავებლად. გარკვეული აზრით, ნაციონალიზმი სამოქალაქო ომსა და გენოციდს მოითხოვს. ფრანგებს დასჭირდათ საკუთარი ხალხის გენოციდი _ ვანდეა, თურქებს _ სომხების გენოციდი, იმიტომ, რომ ერთ ტერიტორიაზე ორ ერს ჰქონდა სხვადასხვა ნაციონალური პროექტი. არადა, სომხები საუკუნეების მანძილზე მშვიდად ცხოვრობდნენ თურქეთის იმპერიის ფარგლებში. იმისათვის რომ გაჩენილიყო თურქეთის სეკულარული ნაციონალური სახელმწიფო, თურქებს სომხების გენოციდი დასჭირდათ.

თუმცა, აქ სრულიად გარკვეულად უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართული ნაციონალიზმი მაინც განსხვავდება ევროპული ნაციონალიზმისაგან _ საქმე სულაც არაა ის, რომ ჩვენ “ეთნიკური ნაციონალიზმი” გვაქვს, ხოლო ევროპული ნაციონალიზი “სახელმწიფო ნაციონალიზმია”. საქმე ისაა, რომ XV საუკუნის შემდეგ ჩვენ “ბიზანტიურ გეტოს” წარმოვადგენთ... როგორ მოხდა ეს, ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ ქართული ნაციონალიზმი, რომელიც XIX საუკუნეში გაფორმდა, ევროპული ნაციონალიზმისაგან განსხვავებით, სეკულარიზაციის ანუ _ ეკლესიასთან დაპირისპირების გზით არ ჩამოყალიბებულა _ პირიქით! ქართული ნაციონალიზმი სხვა “აღმოსავლურ ნაციონალიზმებთან” ერთად (ვგულისხმობ სერბულ, ბულგარულ, რუმინულ, რუსულ და ა.შ. ნაციონალურ ნარატივებს) სეკულარიზიციის გზით არ ჩამოყალიბებულა (სეკულარიზაცია ესაა ეკლესიის “ამორთვა” ძალაუფლებიდან _ ის აღარაა ძალაუფლების ლეგიტიმაციის წყარო _ არადა საფრანგეთის რევოლუციამდე ეკლესია ევროპაში ძალაუფლების ლიგიტიმაციას უზრუნველყოფდა!). ილიას ფორმულა _ “მამული, ენა, სარწმუნოება” _ გვიჩვენებს, რომ ეკლესია ქართული ნაციონალური პროექტის ნაწილია, როგორც “კულტურული მემკვიდრეობა”, ხოლო ფაქტობრივად, _ როგორც ჩვენი “იზოლაციონიზმის”, “განსხვავეულობის” ნიშანი _ ის, რომ ჩვენ “ბიზანტიურ გეტოს” წარმოვადგენთ... ეს განმასხვავებელი ნიშანი რჩება. საგულისხმოა, რომ ეკლესია თვით სტალინმაც კი ჩართო საბჭოთა “ნაციონალურ” პროექტში.

აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ საბჭოთა კავშირი იმპერიულ პრინციპზე აგებული არ ყოფილა. ნუ დაგვავიწყდება, რომ საბჭოთა კავშირი იყო თანამედროვე გლობალიზაციის პირველი მცდელობა, გლობალიზაციის პირველი ტალღა _ მოდერნისტული გლობალიზაცია (განსხვავებით დღევანდელი პოსტმოდერნისტული გლობალიზაციისაგან), რომელიც მარცხით დასრულდა. საბჭოთა კავშირი პერმანენტული რევოლუციის დამარცხების შედეგად წარმოშობილი იზოლაციონისტური ბასტიონია. XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს აღმოჩნდა, რომ პერმანენტული რევოლუცია არარეალურია (ის დამარცხდა ირანში, პოლონეთში, ფინეთში და ა.შ.). ამიტომაც, საბოლოოდ, საბჭოთა კავშირი ნაციონალურ-ტერიტორიული ნიშნით მოაწყვეს, და სწორედ აქ ჩაიდო “ნელი მოქმედების ჭურვი”. საბჭოთა კავშირიც ცენტრისკენული იყო, მუდმივად იყო ორიენტირებული შენარჩუნება-შენახვაზე და, ამიტომაც, არსებობდა რკინის ფარდა _ საბჭოთა კავშირი რკინის ფარდის გარეშე წამოუდგენელია! ეს იყო ნამდვილი გეტო, ესეც ბიზანტიური მემკვიდრეობაა. ეთნოკონფლიქტებიც კი სინამდვილეში ნაციონალურ-ტერიტორიული კონფლიქტებია.

ჩვენც _ ქართველები _ აღმოვჩნდით იმ სიტუაციაში, როცა ჩვენ და აფხაზებს ერთ ტერიტორიაზე სხვადასხვა ნაციონალური პროექტი გვაქვს (ოსეთის სიტუაცია აფხაზეთის ანარეკლს წარმოადგენს) _ ესაა სამოქალაქო ომის სიტუაცია! ამიტომ, “მძვინვარე სიტყვა” გენოციდი, სრულიად ბუნებრივია _ ნებისმიერი ნაციონალიზმი გენოციდით მკვიდრდება. სამწუხაროდ, ნებისმიერი ნაციონალიზმი თავისი არსით შინაგანად გულისხმობს გენოციდსა და სამოქალქო ომს _ ან საკუთარი ან სხვა ხალხის წინააღმდეგ!

აქვე უნდა ითქვას, რომ ნაციონალიზმი ქრისტიანული ისტორიის გადაწერაა, ნაციონალიზმი უპირისპირდება ქრისტიანულ პოზიციას. ნებისმიერი ნაციონალიზმი ქრისტიანობის ჩანაცვლების მცდელობაა _ “ჩემი ხატია სამშობლო...” ამ აზრით, ნაციონალიზმი ერესია!

ამავე დროს, კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენთან _ საქართველოში _ ბიზანტიის იმპერიის დაშლის პერიოდი ჯერ ბოლომდე არ დამთავრებულა. ქართული ნაციონალიზმის ჩაწერა ევროპულ კონტექსტში აი ახლა _ ჩვენ თვალწინ ხდება. დღეს ევროპული ნაციონალიზმი ახალ ეტაპზე გადავიდა. პოსტმოდერნისტული გლობალიზაცია _ გლობალიზაციის II ტალღა _ არის ევროპული ტიპის ეკონომიკის გლობალიზაცია ერთ ტერიტორიაზე კი არა _ მთელ დედამიწაზე. გლობალიზმი ევროპული ნაციონალიზმის გაგრძელებაა. ჩვენ _ საქართველოს მკვიდრნი _ ჯერ ბოლოდე გაფორმებული არა ვართ როგორც ნაცია, და უკვე გვიწევს გლობალიზაციაში ჩართვა. ამიტომაც, რაც ახლა საქართველოში ხდება, ამას მხოლოდ ჩვენს ხელისუფლებას ვერ დავაბრალებთ _ ესაა ნაციონალიზმის მუტაცია და “გადასვლა” გლობალური ფრაგმენტაციის მდგომარეობაში.

არადა, “ბიზანტიური ქრონოტოპოსი” მუდმივად იზოლაციისკენ მიისწრაფვის, რაც “ბუნებრივად ბადებს” ძალაუფლების საკრალიზაციის ფენომენს _ “გეტო” საკრალურ ძალუფლებას წარმოშობს. როგორც ჩანს, საქმე საგულისხმო ინვარიანტთან გვაქვს _ აღმოსავლური სქიზმის შემოქმედი XI საუკუნის კონსტანტინოპოლის პატრიარქი მიხეილ კერულარიოსი, პროტოპოპი აბაკუმი (“სტაროობრიადელების” სულიერი წინამძღოლი, რომელიც დაწვეს), რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I, სტალინი, ზვიად გამსახურდია, პუტინი, სააკაშვილი _ სხვადასსხვა დროსა და განსხვავებული პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ისწრაფვოდნენ თვითიზოლაციისკენ, რკინის ფარდისკენ და ამკვიდრებდნენ საკრალური (“ქარიზმული”) ძალაუფლების მოდელს.




თანამედროვე ქართული კულტურის სამი ნაციონალური ნარატივი

“აგვისტოს ომამდე”: 2003 _ 2008 წწ.





თანამედროვე ქართული კულტურის კონტექსტში საუბარი შეიძლება სამი ნაციონალური ნარატივის შესახებ. პირველი ნარატივი “ძველი” ანუ “კლასიკური” და “მონოლითური” ნარატივია, ესაა _ ქართველი ერის ხსნისა და გადარჩენის ისტორია (ჰისტორყ ანდ სტორყ): თუ როგორ გადარჩა ქართველი ერი მრავალსაუკუნოვანი შემოსევებისა და იმპერიული აგრესიის მიუხედავად. ამავე დროს, მას ესქატოლოგიური განზომილებაც აქვს _ აწმყო ყოველთვის ტრაგიკულია, ხოლო მომავალი _ ნათელი. ამ ნარატივის სათავეებში ქართული ლიბერალური ნაციონალიზმის ფუძემდებელი მწერალი და პუბლიცისტი, “ერის მამა” ილია ჭავჭავაძე (1837-1907) და XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის პირველი მესამედის სხვა ქართველი ლიბერალი მწერლები და პუბლიცისტები დგანან.

ნარატივი I-ის ინსტიტუციონალიზაცია ლიტერატურის, ფილოლოგიისა და ისტორიის, როგორც საუნივერსიტეტო დისციპლინების, მეშვეობით XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის პირველ ნახევარში მოხდა. ამ ნარატივის მატარებელი ინსტიტუცია ჯერ პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართველოლოგიის კათედრა იყო (XIX საუკუნის დასაწყისიდან 1917 წლამდე), ხოლო შემდეგ _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) _ დღევანდელი ჯავახიშვილის უნივერსიტეტი _ პირველი ქართული უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც 1918 წელს დაფუძნდა.

კლასიკური ნაციონალური ნარატივის “ოქროს ხანა” XX საუკუნის 60-80-იანი წლები იყო, როცა საქართველოს რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის ნაწილს წარმოადგენდა, ხოლო “პერესტროიკის” მომავალი გმირი ედუარდ შევარდნაძე (დაბ. 1929) საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი (1972-1985) გახლდათ. ეს ნარატივი იმ წლებში განსაკუთრებულად ლიტერატურის, კინემატოგრაფისა და თეატრის მეშვეობით წარმოჩინდა. მაგრამ მისი ნამდვილი ტრიუმფი 1988-1991 წლები იყო, როცა “პერესტროიკის” ტალღაზე ქართულმა ნაციონალურმა მოძარაობამ 1990 წელის ოქტომბრის მაშინდელი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში შემავალი საქართველოს პარლამენტის (უფრი ზუსტად, უზენაესი საბჭოს) არჩევნებში კომუნისტები დაამარცხა, ხოლო 1991 წლის მაისში საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად დისიდენტი მწერალი და ფილოლოგი ზვიად გამსახურდია (1939-1993 წწ.) გახადა. მაგრამ ეს ტრიუმფი არა მხოლოდ სამხედრო გადატრიალებითა და სამოქალქო ომით დასრულდა (1991-1993 წწ.), არამედ ამ “კლასიკური” და “მონოლითური” ნარატივის ფრაგმენტაციითიაც. დღეს მისი რამდენიმე “ლოკალური” ვერსია არსებობს: ერთი _ “ძველ” (“საბჭოთა”) ინტელიგენციას ეკუთვნის, მეორე _ ზვიად გამსახურდიას დაქსაქსულ მომხრეებს, ხოლო მესამე, ფაქტობრივად, იმ დანარჩენ ორ ნარატივშია გადაზელი, რომელთა შესახებაც ქვემოთ გვექნება საუბარი.

თუკი ნარატივი-I ხსნისა და გადარჩენის ნარატივია, II ნარატივს “ახალი ინტელექტუალები” მოგვითხრობდნენ. ესაა “ვარდების რევოლცია” (“ღოსე ღევოლუტიონ”), რომელიც 2003 წლის ნოემბერში პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომითა და მიხეილ სააკაშვილის ეპოქის დასაწყისით აღინიშნა. “ვარდების რევოლუცია” “კოსმოგონიური” ნარატივია, რომელიც შევარდნაძის კორუფციული ქაოსიდან ახალი ნაციისა და “ძლიერი ქართული სახელმწიფოს” შექმნის შესახებ გვესაუბრება.

ამ ნარატივის ინტელექტუალური ბაზა ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტი (დაფუძნდა 2005 წელს) და განათლების სამინისტროა. ესაა, დღეს, არსებითად, ხელისუფლებისა და ხელისუფლების “შლეიფში” არსებული ინტელექტუალების ნარატივი. მისი ვიზუალური გამოხატულებად ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში წარმატებული ხელოვანის ზურაბ წერეთლის მიერ შექმნილი წმ. გიორგის მონუმენტი იქცა, სადაც ცხენზე ამხედრებული შუბოსანი ჭაბუკი, კოსმოგონიური მითოსის შესაბამისად, კოსმოსის დემიურგს (შემოქმედს) განასახიერებს, ხოლო განგმირული გველეშაპი _ დასაბამიერ ქაოსს. მნიშვნელოვანია, რომ ეს მონუმენტი სწორედ იქ _ დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე _ აღიმართა, სადაც კომუნისტურ პერიოდში ლენინის ძეგლი იდგა (მოედანსაც ლენინის სახელი ერქვა). ეს ძეგლი 1990 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში დაანგრიეს, ხოლო მოედანს თავისუფლების მოედანი უწოდეს. 15 წლის განმავლობაში ამ მოედანზე არაფერი იდგა. 2006 წელს ახალმა ხელისუფლებამ წმ. გიორგის მონუმენტი აღმართა.

III ნარატივი _ ესაა “მართლმადიდებლობა როგორც ქართველთა გენეტიკური” რელიგია. მისი ინსტიტუციური ბაზა, ცხადია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტებლიშმენტი _ საპატრიარქოა. ნარატივი-III პრეტენზიას აცხადებს, რომ ისაა ქართული კულტურის ერთადერთი სრულფასოვანი რეპრეზენტატორი. ქართული ეკლესია დღეს ქართველი ერის ნაციონალური ეკლესიაა, ხოლო მის ნარატივი _ ნაციონალური რელიგია. ამ ნარატივის ვიზუალური გამოხატულება თბილისის სამების ტაძარია. ტაძრის მშენებლობა 1996 წელს დაიწყო _ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში, მაგრამ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ დასრულდა.

სწორედ ამ სამი ნარატივის ურთიერთდიფუზია და ბრძოლა განსაზღვრავს დღევანდელ ქართულ ნაციონალიზმს. ბრძოლა მიმდინარებს, ფაქტობრივად, I ნარატივის მემკიდრეობის გარშემო. [საგულისხმოა, რომ საქართველოში დღემდე არ არსებობს, “მემარცხნე ინტელექტუალური დისკურსი”, უფრო სწორად, ის აბსოლუტურად მარგინალურია.]

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ მიმდინარეობდა I ნარატივისა და “ძველი” ინტელიგენციის მარგინალიზება, რაც “კონსპიროლგიური რიტორიკის” მეშვეობით ხორცილდებოდა _ “თქვენ საბჭოთა რელიქტები და რუსეთის აგენტები ხართ” (ე. ი. რუსული კულტურის ხალხი ხართ) _ ეუბნებოდა ახალი ხელისუფლება “ძველ” ინტელიგენციას; II ნარატივისა და ახალი ინტელექტუალების (სახელისუფლებო ისტებლიშმენტის) წინააღმდეგ “ტიპოლოგიურ-ფენომენოლგიური რიტორიკა” გამოიყენებოდა: “თქვენ, სამაგიეროდ, ნამდვილი ბოლშევიკები ხართ” _ ეუბნებოდნენ “ძველები” “ახლებს”. III ნარატივის წინააღმდეგ “ახალი ინტელექტუალები” (ანუ _ II ნარატივი) ასევე “კონსპიროლოგიურ რიტორიკას” მიმართავდნენ _ “თქვენ რუსული ეკლესიის ფილიალი ხართ” _ ეუბნებოდნენ ისინი საეკლესიო ისტებლიშმენტს. უნდა აღინიშნოს, რომ სამივე რიტორიკა ერთგვარი ამალგამაა, სადაც რაციონალური და კონსპიროლოგიური ელემენტები ერთმანეთში გადაზელილია.

თუკი შევარდნაძის მეორე _ პოსტსაბჭოთა _ ხელისუფლების პერიოდი (1992-2003) “ახალი ბიზნესის”, ძველი ნომენკლატურისა და “ძველი” ინტელიგენციის ურთიერთშერწყმას წარმოადგენდა, ახალი სახელისუფლებო ისტებლიშმენტი არასამთავრობო სექტორისა და “ახალი აკადემიის” ურთიერთშეზრდის პროცესის შედეგად ყალიბდებოდა. ახალი ინტელექტუალური ელიტის თვითდამკვიდრება “ძველი” (საბჭოთა) ინტელიგენციის” ვიქტიმიზებისა და მისი ნარატივის მისაკუთრების გზით დაიწყო. “საბჭოთა” დღეს ნიშნავს როგორც ძველ სტრუქტურებს, ისე _ “რუსულ კულტურას”.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, საზოგადოდ, “რუსული არგუმენტი” სამივე რიტორიკას განსაზღვრავს _ “რუსულია” ინტელიგენცია, ხელისუფლება და “ახალი” ინტელექტუალები “ბოლშევიკები” არიან, ხოლო ეკლესია, ასევე, “რუსულია”, “რუსული ეკლესიის ფილიალია.” თუკი “ძველი ინტელიგენციის” მარგინალიზება, ვიქტიმიზება და, ამასთანვე, “ძველი ნარატივის” მისაკუთრება თანამედროვე კულტურული პროცესის საზრისს წარმოდგენს, მაშინ მთავარი კითხვა ამგვარია _ ვის ეკუთვნის ქართველი ერის ისტორია და ილია ჭავჭავაძე როგორ “ერის მამა”?

რაც შეეხება წმ. გიორგის მონუმენტისა და სამების ტაძრის შერკინებას _ “გიგანტომაქიას” _ ეს ვიზუალური კულტურის სივრცეში ამგვარ კითხვას ბადებს: _ ვინ დაეუფლება “თეთრ ტაძარს” _ ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტს _ ქართული “კლასიკური” ნაციონალური ნარატივის ვიზუალურ გამოხატულებასა და მეხსიერების ადგილს?




“აგვისტოს ომი” _ ახალი ნაციონალური ნარატივი?





მოცემულ პოლიტიკურ კონტექსტში სახეზეა ქართული ნაციონალური იდენტობის სერიოზული კრიზისი. “ვარდების რევოლუციამ”, როგორც ახალმა ნაციონალურმა ნარატივმა ახალი ნაციის დაბადების შესახებ, მარცხი განიცადა. სწორედ ამიტომ გააქტიურდა ნარატივი-III _ მართლმადიდებლობა, როგორც ქართული ნაციონალური იდენტობის საფუძველი. ამავე დროს, არსებულმა ხელისუფლებამ ნებსით თუ უნებლიედ ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებათა სერიოზული დისკრედიტაციაც მოახდინა.

ამიტომ, დღეს ხდება ის, რასაც შეიძლება ხელისუფლების მხრიდან “ვარდების რევოლუციის” ნარატივის “აგვისტოს ომის” ნარატივით ჩანაცვლება ვუწოდოთ. თუ ეს, საბოლოოდ, რამდენადმე ჩამოყალიბებულ სახეს მიიღებს, მაშინ შესაძლოა, რომ “აგვისტოს ომი” იქცეს ლიბერალური ნაციის დაბადების ახალ წერტილად _ დაახლოებით ისე, როგორ ჰოლოკოსტის ტრავმულმა ნარატივმა საბოლოოდ ჩამოაყალიბა გერმანია ლიბერალურ ნაციად. მაგრამ ასეთ შემთხვევაში “აგვისტოს” ომი უნდა გააზრებულ იქნას ქართული ინტელექტუალური ელიტის მიერ არა როგორც “რუსულ იმპერიალიზმთან ბრძოლა”, არამედ როგორც ქართული სამოქალაქო ომის ერთ-ერთი ეტაპი. “ქართულ სამოქალაქო ომში” მე ვგულისხმობ ქართული და აფხაზური ნაციონალური პროექტების დაპირისპირებას, რომელიც სიმბოლურად პავლე ინგოროყვას ნაშრომის “გიორგი მერჩულეს” პირველი ტომის პუბლიკაციითა და ლიხნის ცნობილი პირველი წერილით (XX საუკუნის 50-ანი წწ.) დაიწყო.




შესაძლებელია თუ არა ახალი ქართული ნაციონალური იდენტობისა და ახალი

ნაციონალური ნარიტივის ფორმირება?



დღეს ჩვენს წინაშეა იდენტობათა და ნაციონალური ნარატივთა ფრაგმენტები: “ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი” _ აწ გარდაცვლილი პრემიერის ფრთოსანი ფრაზა _ იდენტობის ერთ პოლუსს მოხაზავს: “ჩვენ ევროპა ვართ”. ამავე დროს, არსებობს იდენტობის ამგვარი ვექტორიც _ “ვარ ქართველი, მაშსადამე, ვარ კავკასიელი”. ინდენტობის კიდევ ერთი ფორმა ესაა “ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ _ გენეტიკურად მართლმადიდებელი”. არსებობს კიდევ ერთია იდენტობა, რომელიც დღეს საკმარისად მარგინალიზებულია და რომელიც XX საუკუნის 20-იან წლებში გალაკტიონმა ასე ჩამოაყალიბა: “ჩვენ აზია ვართ!”

“მართლმადიდებლური” იდენტობის გაძლიერება XX საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო, რასაც საგულისხმო პრაქტიკული შედეგები მოჰყვა. ერთ-ერთი ასეთი შედეგი აჭარისა და მეხსეთის მოსახლეობის “გამართლმადიდებლებაა” _ პროცესი, რომელიც დღედმე არ დასრულებულა და რომელიც დროდადრო საკმაოდ კონფლიქტური ფორმებითაც მიმდინარეობს.

შეიძლება ითქვას, რომ იმავე XX საუკუნის 90-იანი წლების განმავლობაში ქართული ნაციის ჩამოყალიბების პროექტი ორი პარალელური გზით მიდიოდა _ რელიგიურ განსხვავებათა წაშლისა და ტერიტორიული ჰეტეროგენულობის წაშლის მეშვეობით. მაგრამ სამოქალაქო ომის კატალიზატორი სწორედ ეთნოლინგვისტური ნიშნით შექმნილი ტერიტორიული ერთეულები (აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი) აღმოჩნდა და არა _ რელიგიური ნიშნით შექმნილი ავტონომია (აჭარა). აქედან შეიძლება დავასკვნათ: ნაციონალური პროექტის შესაქმნელად აუცილებელია “წარმოსახვითი გეოგრაფია” _ ტერიტორიის (ან _ ტერიტორიული) ხატი. ამგვარი ხატი საქართველოში შექმნეს მხოლოდ აფხაზებმა.

როგორი უნდა იყოს ახალი ქართული იდენტობა? შესაძლებელი თუ არა ახალი იდენტობის შექმნა? შესაძლებელია თუ არა ახალი კოპმლექსური ნაციონალური ნარატივის ფორმირება?

ევროპული ქვეყნების თანამედროვე ისტორია გვეუბნება, რომ ეს სავსებით შესაძლებელია, მაგრამ ეს არაა მყისეული და უეცარი ხდომილება. ამას სჭირდება დრო და გარკვეული მაკრისტალიზებელი ფაქტორები. ერთი ძირითადი ფაქტორია ესაა _ ტერიტორიის ხატი, მეორე _ ერთიანი სალიტერატურო ენა და განათლების სიტემა, რომელიც ნერგავს ამ ენასა და შესაბამის ნაციონალურ ნარატივებს, მესამე ფაქტორი ესაა _ ერთიანი ეკონომიკა. მაგრამ ამ ყველაფერს ესაჭიროება ნაციონალური ბურჟუაზია _ ბიზნესი _ მესამე წოდება, რომელიც დინასტიური და იერაქრიული პრინციპების მაგივრად კაპიტალის დაგროვების ჰომოგენურ წესს ამკვიდრებს. არადა, დღეს ქართული ბიზნესი სწორედ იმ დროს ყალიბდება, როცა მსოფლიო კლასიკური კაპიტალიზმის პერიოდიდან გლობალური კაპიტალიზმის პერიოდში გადადის და როცა წამყვანი ძალა არა ნაციონალური ბუჟუაზიაა, არამედ _ ტრანსნაციონალური კორპორაციები.

დაბოლოს, უნდა შევნიშნოთ, რომ თანამედროვე გამოწვევებს ადეკვატური პასუხი ესაჭიროება. საქართველოს საზოგადოებამ უნდა დაამტკიცოს, რომ ის მართლაც წამოადგენს საზოგადოებას და უნდა “შვას საკუთარი მყოობადი”.




No comments:

Post a Comment