Wednesday, April 14, 2010

სახელმწიფო

არალიბერალურ დემოკრატიებში კონსტიტუციის სამართლებრივი ნორმების ღია დარღვევა და მუდმივი გადახრა (გადაქაჩვა) პრეროგატივებისა (ძალაუფლების რესურსებისა) საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებიდან აღმასრულებელი ხელისუფლების სასარგებლოდ შედეგია არაფორმალური ინსტიტუტების დომინირებისა, მათი როლის ზრდისა ფორმალურ ინსტიტუტებთან შედარებით. თავად ამ როლის ზრდა კი არის არა პირდაპირი შედეგი ავტოკრატიული მემკვიდრეობისა (როგორც ეს ხშირად წარმოუდგენიათ), არამედ აქტორთა რაციონალური სტრატეგიებისა: იგულისხმება ისეთი პრაქტიკები, როგორიცაა პერსონალიზმი, კლიენტელიზმი, საყოველთაო კორუფცია, არაკონსტიტუციურ ჩარჩოებში შექმნილი აქტორთა კარტელები და სხვა. ამგვარი ვითარება წარმოიქმნება ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური კრიზისების დროს, როდესაც აქტორები იძულებულნი არიან იმოქმედონ მაღალი (დონის) ეკონომიკური და პოლიტიკური განუსაზღვრელობის პირობებში. განუსაზღვრელობის პირობებში არაფორმალური წესები შესაძლებლობას აძლევს აქტორებს დაწიონ (დაადაბლონ) არაპროგნოზირებადი აქციების ხარჯები. როდესაც არ არის ნათელი, რამდენად შედეგიანია (ეფექტურია) ახალი დემოკრატიული და კონსტიტუციურ-სამართლებრივი ინსტიტუტები, განსაკუთრებით ძლიერდება (ძლიერი ხდება) სტიმულები არაფორმალური წესების შექმნისათვის, ხოლო დანახარჯები მოქმედებებზე (აქციებზე), რომელნიც არღვევენ (ანგრევენ) სამართლებრივ და საკონსტიტუციო სახელმწიფოს ნორმებს, _ განსაკუთრებით დაბალი.

ამგვარი წესები შეიძლება ჩამოყალიბდეს, როგორც ფორმალური ინსტიტუტების ჩარჩოების გარეთ (“პარალელური ინსტიტუტები”), ასევე მათ შიგნით. არაფორმალური ქმედებები ფორმალური ინსტიტუტების ჩარჩოებში, შესაძლებლობას აძლევს აქტორებს მოახდინონ კომბინირება არაფორმალური წესრიგის (გარე აქტორთა გამოთიშვა, მოლოდინთა გარანტირება, მაღალი მოქნილობა გადაწყვეტილებათა მიღებისას) და ფორმალური დემოკრატიული ინსტიტუტების (დემოკრატიული ლეგიტიმურობა) სარგებლებისა. საბოლოო ჯამში, დაძაბულობამ ფორმალურ და არაფორმალურ ინსტიტუტებს შორის შეიძლება მიაღწიოს ისეთ დონეს, რომ წარმოიქმნება ახალი ფორმალური წესები, რომლებიც უფრო მეტად შეესატყვისებიან არსებულ ფორმალურ პრაქტიკებს და პასუხობენ მნიშვნელოვანი აქტორების მოთხოვნილებებსა და ინტერესებს (მაგალითად, ცალკეული ფორმებისთვის საგადასახადო შეღავათების დაკანონება).

ფორმალური და არაფორმალური პოლიტიკური (სოციალური) ინსტიტუტები შეიძლება გაიმიჯნოს შემდეგნაირად. ფორმალური ინსტიტუტები – ეს არის კონსტიტუციები, კანონები, ადმინისტრაციული ნორმები და სხვა ამგვარი (დაწერილი-დადგენილი). ისინი განსაზღვრავენ პოლიტიკური სისტემის ფორმალურ სტრუქტურებს და ლეგიტიმური ძალაუფლების მექანიზმებს. სახელმწიფო ინსტიტუტები უზრუნველყოფენ ფორმალური წესების დაცვას დარწმუნების (იდეალში), მუქარისა (მოლოდინის) და სანქციების (დასჯის) მეშვეობით. არაფორმალურ სოციალურ (პოლიტიკურ) ინსტიტუტებს მიეკუთვნება “დაუწერელი კანონები”, ტრადიციები, ჩვევები, რელიგიური რწმენები (როგორც წესები), ღირებულებრივი სისტემები (მოწესრიგებული – პოზიტიური და ნეგატიური ურთიერთმიმართებებითურთ) და სხვა წესები (ნორმებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული) გრძელვადიანი (მაღალი სტაბილობის მქონე) ურთიერთობებისა. ფორმალური ინსტიტუტები იქმნება, იცვლება და ინერგება გარედან ძალისხმევით, ხოლო არაფორმალური ინსტიტუტები წარმოიქმნება (წამოიზრდება) სოციალური ურთიერთქმედების თვითორგანიზებადი დინამიკის საფუძველზე. ფორმალურ ინსტიტუტებს ქმნის სახელმწიფო, არაფორმალური ინსტიტუტები კი გენერირდება სოციალურად. ფორმალური ინსტიტუტები ატარებენ (მიისწრაფიან მაინც) საყოველთაო უნივერსალისტურ ხასიათს, არაფორმალურები კი _ პარტიკულარისტულს (მიისწარფიან მაინც). გადაწყვეტილებათა მიღების ფორმალური პროცესები მიმდინარეობს ბიუროკრატიზებულ ინსტანციებში და დადგენილი პროცედურების მიხედვით. არაფორმალური ინსტიტუტები და პროცესები გადაინაცვლებენ ამ ინსტანციებიდან პარალელურ სტრუქტურებში და მიმდინარეობენ მონაწილე აქტორთა შორის “მოლაპარაკებათა სისტემის (წესრიგის)” სახით.

საკვანძო (ძირეული) განსხვავება ლიბერალურ (ეფექტურად ფუნქციონირებად) და არალიბერალურ (“დეფექტურ”) დემოკრატიებს შორის დაკავშირებულია არა მათში ფორმალური და არაფორმალური ინსტიტუტების არსებობასთან (ისინი არსებობენ ორივე ტიპის სახელმწიოფებში _ საზოგადოებებში), არამედ იმასთან, თუ როგორ (რა წესით და ფორმით) შეეზრდებიან არაფორმალური ინსტიტუტები ფორმალურებს.

ლიბერალურ კონსტიტუციურ-სამართლებრივ დემოკრატიულ სახელმწიფოში ორივე ფორმა ინსტიტუტებისა (ფორალური და არაფორმალური) ავსებს ერთმანეთს იმ აზრით, რომ ფორმალური ინსტიტუტები ეყრდნობა არაფორმალური ინსტიტუტების დამატებით მხარდაჭერას. ეს ანიჭებს ფორმალურ ინსტიტუტებს მოქნილობას და ელასტიურობას, რაც აძლევს მათ შესაძლებლობას მიესადაგონ საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესის მოთხოვნებს. წესების ინტერპრეტირებისა და მოლაპარაკებათა პროცესის ამგვარი დეფორმალიზაცია არ აძლევს დემოკრატიის (დემოკრატიული სახელმწიფოს) ლიბერალურ კონსტიტუციურ-სამართლებრივ შენაარსს ვიდრე მხოლოდ კომპეტენტური და კონსტიტუციურ-სამართლებრივი ფორმით (წესით) ლეგიტიმირებული ორგანოები იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებებს.

არალიბერალურ (არასამართლებრივ-დეფექტურ) დემოკრატიაში (დემოკრატიულ სახელმწიფოში) არაფორმალური წესები და პატერნები (ნიმუშები) არღვევენ (ანგრევენ) და ზღუდავენ ფორმალური, დემოკრატიულად (და სამართლებრივად) ლეგიტიმირებული ფორმალური ინსტიტუტების ფუნქციონირების წესრიგს. ისინი არღვევენ ფორმალურ ინსტიტუტთა ფუნქციონალურ კოდებს, ამახინჯებენ და განაგდებენ (განთესავენ) მათ, როგორც მნიშვნელობის მქონე (მაღალი ან უბრალოდ რელევანტურობის მქონე) გადაწყვეტილებათა მიღების პროცედურებსა და პრაქტიკებს. არაფორმალური ინსტიტუტები შეაღწევენ (შეიჭრებიან) ფორმალურ ინსტიტუტთა გარსში და ავსებენ მას თავისი ფუნქციური ლოგიკის შესაბამისად.

ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებათა მიღების დონეზე დემოკრატია (დემოკრატიული სახელმწიფო) ფუნქციონირებს არაფორმალური და არალეგიტიმირებული ინსტიტუტებისა და წესების შესაბამისად, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის სამართლებრივი (დემოკრატიული) სახელმწიფოს პრინციპებთან. ამგვარი შეცვლა (ჩანაცვლება) მოქმედების ფორმალური წესებისა არაფორმალურით შეიძლება განხორცილედეს როგორც ზევიდან, ისე ქვევიდან.

პრაქტიკაში არაფორმალური შეზღუდვები (წესები) ზემოდან ხშირად “შეერევიან” იმ არაფორმალურ შეზღუდვებს (წესებს), რომლებიც წარმოიქმნებიან ქვემოდან და პირიქით. ეს არის ორმხრივი პროცესი, როდესაც ერთი მიმართულება მეორეს “კვებავს”, ახდენს მის სტიმულირებას. ამგვარი “შერევა-ათქვეფის” შედეგი შეიძლება იყოს იმგვარი სახელმწიფო (დეფექტური დემოკრატია), რომელშიც პოლიტიკური ელიტის სეგმენტები თანაარსებობენ საზოგადოების სეგმენტებთან არაფორმალური, მაგრამ სტაბილური (შეიძლება კონსოლიდირებული) სიმბოლურ-კლიენტელისტური კავშირების მეშვეობით. ამ ვითარებაში, კონსტიტუციურად განსაზღვრული წარმომადგენლობის მექანიზმები ზიანდება და ნაწილობრივ ან დროებით კარგავს ძალას (თუმცა კი ფორმალურად არსებობენ). ამ შემთხვევაში, პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღების დეფორმალიზაცია (წა)ართმევს დემოსს მის სუვერენიტეტს, რომელიც გარანტირებულია წარმომადგენლობით.


მმართველობის სისტემის კონსტიტუციური ინსტიტუტები
არალიბერალური კავშირშია არაფორმალურთან. მედისონისა და ჰამილტონის შეხედულებების საწინააღმდეგოდ, თანამედროვე სამყაროში დემოკრატიის თვითრღვევა (თვითგანადგურება) დაკავშირებულია არა უპირატესად პარლამენტთან, არამედ მის (პარლამენტის) ძალაუფლებისგან ჩამოშორებასთან პოპულისტური და კვაზიპლებისციტარულად ლეგიტიმირებული პრეზიდენტების მიერ. მმართველობის საპრეზიდენტო სისტემებს, არაკონსოლიდირებულ დემოკრატიებში (დემოკრატიულ სახელმწიფოებში) აქვთ ტენდენცია კონფლიქტის პროვოცირებისაკენ პარლამენტსა და პრეზიდენტის აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. კრიზისულ ვითარებებში პრეზიდენტს ენიჭება საგანგებო პოლიტიკური უფლებამოსილებები და გადაწყვეტილებების მიღების უფლებები. ეს უფლებები შეიძლება გამოყენებულ იქნან კონსტიტუციის არსის (სულის) საწინააღმდეგოდ. პრეზიდენტი იწყებს მართვას ბრძანებულებების მეშვეობით. პრეზიდენტს ეძლევა შესაძლებლობა გვერდი აუაროს (ნაწილობრივ მაინც) ხელისუფლების კონკურენტულ და მაკონტროლებელ შტოებს სწორედ ამ ბრძანებულებების (დეკრეტების) მეშვეობით. ამ ვითარებაში აღმასრულებელი ხელისუფლება თავისკენ გადაქაჩავს მნიშვნელოვან საკანონმდებლო უფლებამოსილებებს. გადაწყვეტილებათა მიღების პოლიტიკური პროცესი ხდება არაგამჭვირვალე და გადადის (გადაეცემა) ფორმალური ინსტიტუტებიდან არაფორმალურ ჯგუფებში.

სხვა პოლიტიკურ აქტორთა გამორიცხვა და სახელისუფლებო უფლებამოსილებათა მთელი (სრული) მოცულობის გამოყენება წარმოშობს “ზეპოლიტიკურ” და “ზეპარტიულ” მმართველობის სტილს, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება და (რეფორმები) ხორციელდება არა პარლამენტთან და პარტიებთან ერთად, არამედ მათ საწინააღმდეგოდ (ხშირად). იქმნება არაკონსტიტუციური “კაბინეტები” და “ოჯახები”. (მაგ.; ელცინის რუსეთი, ან მენემის არგენტინა და სხვ.) ამას ხშირად მივყავართ ძალაუფლების “ბოროტად” გამოყენებასთან და განხორცილებული პოლიტიკური “რეფორმები” რეალურად მიმართულია არა პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესებისკენ, არამედ ძალაუფლების განმტკიცებისკენ, აღმასრულებელი ხელისუფლების გაძლიერებისკენ და სხვა პოლიტიკური აქტორებისა და ინსტიტუტების (მათ შორის პარლამენტის) მიზანმიმართული ნეიტრალიზაციისკენ. ამგვარი წესით მიღებული გადაწყვეტილებები არ რეალიზდება (ან მხოლოდ მცირე ნაწილში რეალიზდება), რამდენადაც ხვდება წინააღმდეგობას სახელმწიფო (და ეკონომიკური) ბიუროკრატიის მხრიდან ან/და არ მიიღება (არ აღიარდება) საზოგადოებისა და ეკონომიკის მიერ. ამდენად უაღრესად იზრდება არაფორმალური ინსტიტუტების (წესრიგის) როლი.

[ცხადია, არაფორმალური წესრიგის დამკვიდრება პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღების პროცეში შესაძლებელია საპარლამენტო სისტემებშიც. ამავე დროს, ისიც ნათელია, რომ არაფორმალური ინსტიტუტების და არალიბერალური წესრიგის წარმოშობისა და დამკვიდრების შანსი საპრეზიდენტო სისტემებში, მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ვითარებაზე პოლიტიკური სისტემის სხვა ნაწილებში.]

სხვა (მეორე) გზა არაფორმალურ ინსტიტუტთა დამკვიდრებისა და დომინირებისა არის ელიტური ჯგუფების კლიენტელისტული სტრუქტურების “ჩართვა” (“ჩაწერა”, “ჩაშენება”...) მთავრობის, სასამართლოსა და პარლამენტის ფორმალურ ინსტიტუტებში. ამის შედეგად, კონსტიტუციურად ლეგიტიმირებული ინსტიტუტები ან იზღუდებიან (“იქცევიან”, “ხდებიან”) ინდივიდთა ან ელიტურ ჯგუფთა (კარტელთა) სარგებლის მაქსიმიზაციაზე ორიენტირებული სტრატეგიით, ან სრულად (თითქმის სრულად) კარგავენ ძალას. ასეთ ვითარებაში პოლიტიკური ლიდერები თავისუფლდებიან (თავს აღწევენ) დემოკრატიული და კონსტიტუციურ-სამართლებრივი კონტროლისაგან.

თუმცა, არაფორმალური პრაქტიკების შეღწევამ ფორმალურ სამართლებრივ ინსტიტუტებში შესაძლოა მიანიჭოს პოლიტიკურ სისტემას ფარდობითი სტაბილურობა, მაგრამ მისი განმტკიცება (ძლიერად კონსოლიდირება) პრობლემატურია. სტაბილურობა დამოკიდებულია, უპირველეს ყოვლისა, აქტორთა და მათ სტრატეგიათა სპეციფიურ კონფიგურაციაზე, ხოლო აღწერილ ვითარებაში ეს კონფიგურაცია ექვემდებარება ხშირ ცვლილებებს, რამდენადაც არ არის ჩამოყალიბებული (დადგენილი) ფორმალური ინსტიტუტების სახით (გრძელვადიანი ტრადიციითურთ). შუა და გრძელვადიან პერსპექტივაში არაფორმალური ინსტიტუტების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება ნეგატიურად მოქმედებს სისტემის კონსოლიდაციაზე და მის რეფორმატულ უნარზე. რასაკვირველია, ამ ვითარებაში, ლიბერალურ კონსტიტუციურ-სამართლებრივი და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცედურების მიმართულებით განვითარების პერსპექტივას უჩნდება სხვა, ბევრად უფრო ძლიერი (მოსალოდნელი) ალტერნატივები.

No comments:

Post a Comment