Wednesday, April 14, 2010

პასუხისმგებელი (responsible) და რეაგირებადი (responsive) მთავრობა

გამოვყოთ 1) პარტია, რომელიც რჩება უცხო გარეთ მთავრობისგან და არ ერევა მის საქმიანობაში 2) რომელიც მონაწილეობს სისტემაში მაგრამ არ მართავს 3) მმართველი პარტია. სხვადასხვაა პარტია მთავრობაში და პარტიული მმართველობა. თავიდან XVIII ს-ში ინგლისში იყო არა პარტიული მმართველობა, არამედ პასუხისმგებელი მთავრობა, რის შემდეგაც განვითარდა პარტიული სისტემა. თავიდან კი წარმომადგენლები კონტროლის ფუნქციას ასრულებდნენ ხალხისთვის, რაც არ ნიშნავს კონტროლს ხალხის მიერ. წარმომადგენლობა იყო ვირტუალური და არა ელექტორალური. პარტია იყო არისტოკრატული, მას არ სჭირდებოდა ხმები. მთავრობა პასუხისმგებელი იყო პალატების მიმართ. როცა ის პასუხისმგებელი გახდა ხალხის მიერ არჩეული პარტიების, ანუ ხალხის მიმართ, ის გახდა რეაგირებადიც. ეს პროცესი ზემოდან დაიწყო, როცა წარმომადგენლებმა ჩათვალეს, რომ მათ ხმას მეტი წონა ექნებოდა, თუ ისინი უფრო დაუკავშირდებოდნენ ხალხს, ანუ გახდებოდნენ უფრო ელექტორული. ეს საარჩევნო უფლებების გაზრდით გამოიხატა. ამრიგად, საარჩევნო უფლებების გაზრდა პარლამენტისა და მთავრობის პაექრობის რეზულტატი იყო. არა მარტო პარლამენტი, არამედ მთავრობაც მიმართავდა ამომრჩევლების მხარდაჭერის არსებობას პარლამენტის გვერდის ავლით. ეს არ ნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ზემოდან იყო გატარებული, ქვემოდანაც იყო ზეწოლა. ამ პროცესის შედეგი არის 1) პარტიის გამყარება (solidification), ანუ პარტიები შეკრულები ხდებიან არა მარტო პრინციპების საფუძველზე, არამედ იმიტომაც, რომ მათი სტაბილურობა ელექტორალური წარმატებების საწინდარია; და 2) მთავრობა პასუხისმგებელიდან გარდაიქმნება რეაგირებად მთავრობად (responsible responsive), ან ამ ორის კომბინაციად. შეიძლება მთავრობა იყო რეაგირებადი და არა პასუხისმგებელი, ანუ უარყოფდეს მხოლოდ მის პასუხისმგებლობას. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რეაგირებადი მთავრობა ნიშნავს პარტიულ მთავრობას, რადგან თუ პარტიებს არ ექნებათ მართვის საშუალება, ისინი ვერ შეძლებენ ელექტორატის მოთხოვნების ცხოვრებაში გატარებას, თუმცა მეორეს მხრივ, თუ ეს პარტიები არ გაატარებენ თავიანთ პროგრამებს, მაშინ პარტიული მთავრობის საჭიროება არ არსებობს.

ელექტორალური სისტემის გაფართოება ქმნის ხმებისთვის მებრძოლი პარტიების ფენომენს, ეს ელექტორატის წინაშე პასუხისმგებელ პარტიებს, პარტიულ მთავრობას _ რეაგირებად მთავრობას. ანუ პარტიული სისტემა იქნება უფრო გვიან ვიდრე პარტიები, მხოლოდ მას შემდეგ რაც საარჩევნო უფლებების გაზრდა იმ დონეს მიაღწევს, როცა ხელისუფლებისთვის ბრძოლაში ელექტორატის მხარდაჭერა პარტიებისთვის გადამწყვეტი ხდება, არისტოკრატული პარტიები იქცევიან დემოკრატიულ პარტიებად, მასიურ პარტიებაd, (mass party, ეს არ შეეხება თავად პარტიის ზომას). თანმიმდევრობაა: პასუხისმგებელი მთავრობა; არჩვენების “რეალობა” ; პარტიული სისტემის ჩამოყალიბება.

პასუხისმგებელი მთავრობა საპარლამენტო პარტია

 (შიგნით ორიენტირებული)

საარჩევნო უფლების ელექტორალური (ხმებისთვის

პირველი გაფართოება მებრძოლი) პარტია
რეაგირებადი მთავრობა

პარტიული მთავრობა პარტიის გამყარება

პარტიული სისტემა

საარჩევნო უფლების მასიური პარტია

დიდი გაფართოება


რაციონალიზაცია

პარტიის ძირითადი პარამეტრებია: (რაციონალური მიდგომა ეს არ არის ყოველთვის რეალური)

1. პარტიები არ არიან დაჯგუფებები (factions)

2. პარტია არის მთელის ნაწილი (parts of a whole)

3. პარტიები არიან ექსპრესიის არხები (chennels of expression)

1. დაჯგუფებები გამოხატავენ მხოლოდ ვიწრო, პერსონალურ ინტერესებს. ეს არ ნიშნავს, რომ პარტიის წევრებს ასეთი ინტერესები არ გააჩნიათ, მაგრამ მისი ქცევა ვერ იქნება ამ მოტივაციის შესაბამისი, რასაც სისტემის მექანიზმები უზრუნველყოფს. მოკლედ რომ ვთქვათ, პარტიები ფუნქციონალური ინსტიტუტებია, დაჯგუფებები კი არა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პარტიები დაჯგუფებებისგან წარმოიშვნენ და საფრთხე ყოველთვის არსებობს, რომ მათი ფუნქციების დაკარგვა და კვლავ დაჯგუფებებად გადაქცევა მოხდეს.

2. პარტია არის პლურალისტული მთელის ნაწილი, მთელი შედგება ნაწილების ურთიერთქმედებისაგან და არ შეიძლება გაიგივებულ იქნას მხოლოდ ერთ ნაწილთან. ამ შემთხვევაში, არ ნაწილი იქნება ნაწილი, არც მთელი იქნება მთელი. რაც შეეხება პარტიას, ის არის ნაწილი , რომელიც არ შეიძლება განვიხილოთ მთელთან კავშირის გარეშე. თუ ის არ იღწვის მართოს მთელის სასარგებლოდ, მაშინ ის არ არის პარტია და არის დაჯგუფება. პარტია არის ნაწილი, მაგრამ მისი ქმედება არაა ნაწილის, არამედ მთელის საკეთილდღეოდ. თუმცა, “მთელის ინტერესი” აბსტრაქტული და ფარდობითი ცნებაა და ეს ინტერესები სხვადასხვანაირად შეიძლება იქნეს გაგებული, მაგრამ მათი განცალკევება შესაძლებელია პარტიკულარისტული, პირადი ინტერესებისაგან. უფრო სწორი იქნება განსაზღვრება დავიწყოთ არა იმით, თუ რა არის საერთო ინტერესი, არამედ, თუ რა არ არის. არ უნდა გვქონდეს იმის ილუზიაც, რომ პარტიები ალტრუისტული გაერთიანებებია. აქ უბრალოდ მთავარია ბალანსი კერძო და საზოგადო ინტერესებს შორის და ეს ბალანსი მნიშვნელოვან წილად დამოკიდებულია იმ იმპერატივის ეფექტურობაზე, რომლის მიხედვითაც საზოგადო პარტიკულარულზე მაღლა დგას.

3. პარტიები არიან ხალხის წარმომადგენლობის ინსტიტუტები მათი მოთხოვნების გამოხატვის გზით. ეს ყოველთვის ასე არ იყო და ეს პოლიტიკური სისტემის დემოკრატიული განვითარების ბუნებრივი შედეგია, რაზეც ადრე გვქონდა საუბარი. ამრიგად, დღეს პარტიები არის 1) წარმომადგენლობის და 2) გამოხატვის ინსტრუმენტები. პირველი საკმაოდ ბუნდოვანია და საკამათო, რამდენად წარმოადგენენ თავის ამომრჩევლებს პარტიები და არა საკუთარ წევრებს. გარდა ამისა, წარმომადგენლობისათვის არ არის აუცილებელი პარტიების არსებობა. წინა პლანზე გადმოდის ექსპრესიული ფუნქცია. ისინი არიან კომუნიკაციის საშუალებანი მოქალაქეებსა და მთავრობას შორის. თუმცა, თუ მათ მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება ევალებათ ხელისუფლებისათვის, მაშინ ამას თავად მოქალაქეებიც კარგად შეძლებდნენ რაიმე სხვა ფორმით (მაგ.opinion polls ). მთავარი არის ის, რომ პარტიები გადასცემენ მოთხოვნებს მთავრობას გარკვეულ ზეწოლასთან ერთად, და გარდა ამისა, ისინი ახდენენ ამ მოთხოვნების ერთ არხში მოქცევას (channel) მათი გარკვეულწილად ფორმირების, კორექტირების, სისტემატიზაციის საშუალებით. ხშირად ეს მოთხოვნები თავად პარტიების მოღვაწეობის შედეგად არის გენერირებული.



2. პარტია როგორც მთელი არაპარტიულობა ერთპარტიულობის წინააღმდეგ

ჩვენ პარტია როგორც მთელის ერთი ნაწილი განვსაზღვრეთ. ერთპარტიული სისტემის განხილვისას ჩნდება კითხვა: თუ არის მხოლოდ ერთი ნაწილი, რომელიც თავს მთელთან აიგივებს, შეიძლება კი მას ეწოდოს პარტია? მთელი ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე თუნდაც მხოლოდ ერთი ნაწილი (იმიტომ რომ პარტია ყველას ვერ გააერთიანებს), მაგრამ ამ შემთხვევაში მთელი აღარ დგას ნაწილებზე მაღლა. ნაწილი მიისწრაფის მთელთან გაიგივებასთან (მათ შორის მის შიდა სტრუქტურაში). ამრიგად, ერთი პარტიის სისტემის რაციონალიზაცია განსხვავდება მრავალპარტიული სისტემისაგან. თუ ერთი ნაწილი ცდილობს სხვების განადგურებას, მაშინ რატომ არ ყალიბდება საბოლოოდ არა არაპარტიული სისტემა და რჩება ერთი პარტია? აქ ჯერ გამოვყოთ არაპარტიული სისტემების (no-party system) 2 ტიპი: 1) უპარტიო (partyless) და 2) ანტიპარტიული (antiparty). პირველი ეს არის ძირითადად პრე-პარტიული ქვეყნები (საუდის არაბეთი, იემენი, იორდანია, ავღანეთი, ნეპალი...) და მეორე, ძირითადად სამხედრო რეჟიმები.

ჰანტინგტონი ტრადიციული საზოგადოების მოდერნიზაციას (არადემოკრატიულს) თვლის პარტიული სისტემის ევოლუციისას ძირითად ფაქტორად. მოდერნიზაციის შედეგად პარტიული სისტემა შემდეგნაირად ვითარდება: უპარტიო (partyless)  ანტიპარტიული (antiparty); ერთპარტიული. ეს უკანასკნელი ცვლის ანტიპარტიულობას, იმიტომ, რომ მოდერნიზაციის გარკვეულ დონეზე იგი უფრო ეფექტური და სტაბილურია, ვიდრე პარტიის არარსებობა. ეს ნიშნავს, რომ ყველა ერთპარტიულმა სისტემამ განვითარების ეს გზა გაიარა. როგორც წესი, ერთპარტიულობა ცვლის მულტიპარტიულ სისტემას, მაგრამ ჰანტინგტონის მოდელი ხსნის უფრო იმას თუ მოდერნიზაციის მოცემულ დონეზე ავტორიტარიზმის ტენდენციები რა სისტემისკენ არის მიმართული: ანტიპარტიულისკენ თუ ერთპარტიულისკენ.

თუ პარტიული პლურალიზმის პირობა იყო საარჩევნო უფლებების გაზრდა, ერთპარტიულობის _ საზოგადოების პოლიტიზირება. იქაც კი, სადაც პარტიები არ არსებობდნენ ან შეზღუდულნი იყვნენ, ნათელი გახდა რომ საზოგადოების, რომელიც სულ უფრო მეტად ითხოვდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვას, უგულვებელყოფა არასასურველი იყო. შეიძლება პარტიული პლურალიზმი აიკრძალოს, მაგრამ ეს არ შეცვლის სოციალური პოლიტიზაციის ობიექტურ რეალობას, საჭიროა მასების მობილიზაცია რეჟიმის სასარგებლოდ. პარტიის გარეშე სისტემა ვერ ახერხებს მოდერნიზებული საზოგადოების ეფექტურ კონტროლს, აუცილებელი ხდება ორგანიზაცია, რომელიც მოახერხებს მასების დაკავშირებას რეჟიმთან. ეს კავშირი არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ექსპრესიის პროცესს ემსახურება, ის არადემოკრატიულ, ერთპარტიულ სისტემებში სხვა ფუნქციას ატარებს. იგი კონტროლის, მობილიზაციის, პროპაგანდის მექანიზმია, რომელსაც არაპარტიული  სისტემა მოკლებულია.


პარტია-სახელმწიფოს სისტემა (party-state system)

2 შეკითხვას უნდა გაეცეს პასუხი: 1) რამდენად მართებულია ერთპარტიას ეწოდოს პარტია და 2) რამდენად შესაძლებელია ერთპარტიულ სახელმწიფოში განვიხილოთ პარტიული სისტემა.

პირველ შეკითხვასთან დაკავშირებით, საჭიროა გავარჩიოთ პარტია საპირისპირო ნაწილების გარეშე( party without counter party ) პარტიისაგან, რომელიც თავად არის ნაწილი (party as party). რეალურად, პარტიულ პლურალიზმს და ერთ პარტიას შორის განსხვავება ეხება უფრო სისტემას, ვიდრე პარტიას, რომელიც ინარჩუნებს იგივე მექანიზმს და სტრუქტურას, რაც პლურალისტურ სისტემაში, ანადგურებს სხვა პარტიებს, მაგრამ თავად რჩება პარტიის მსგავს ორგანიზაციულ იარაღად. რაც შეეხება სისტემას, აქ ცხადია, რომ ეს სისტემა ვერ იქნება პარტიული სისტემა, ერთ პარტიას არ შეუძლია ამის წარმოქმნა. თუ ვივარაუდებთ, რომ ეს არის ერთი პარტიის სისტემა, მაშინ შემდეგი სირთულეებია: სისტემის კონცეფცია უნდა აკმაყოფილებდეს მინიმუმ ორ მოთხოვნას: 1) მას უნდა გააჩნდეს ატრიბუტები, რომლებიც არ ეკუთვნის სისტემის შემადგენელ არც ერთ ცალკე აღებულ კომპონენტს; 2) ის უნდა შედგებოდეს მისი კომპონენტების სქემატიზირებადი ურთიერთქმედებებისგან, რომელთაც გარკვეული ჩარჩო გააჩნიათ; ერთპარტიული სისტემა კი ვერ პასუხობს პირველ მოთხოვნას, იმიტომ, რომ იგი და მისი ატრიბუტები ემთხვევა პარტიას და მის ატრიბუტებს, ხოლო მეორეს იმიტომ, რომ ურთიერთქმედება ხდება არა სისტემის ჩარჩოში, არამედ მის გარეთ, რადგან სისტემის და კომპონენტის საზღვარი ერთი და იგივეა. ასე რომ, არ არის სწორი დავუშვათ სისტემა პარტიაზე მაღლა, მაშინ ის უნდა ვეძებოთ თავად პარტიაში, პარტია როგორც სისტემა. ამ შემთხვევაშიც არ ვიქნებით კორექტულები. შეცდომა შემდეგშია: ჩვენ სისტემის პარტიაში დაშვებისას ვცვლით ანალიზის დონეს, გადავდივართ რა სისტემის ანალიზიდან პარტიის ანალიზზე. სად არის მაშინ სისტემა? თუ ერთი პარტია არის უკვე არა ნაწილი, არამედ მთელი, ისევე, როგორც სახელმწიფო, მაშინ ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ ორი მთელი ვერ იარსებებს თუ ისინი ერთმანეთს არ ემთხვევა. ამრიგად, სწორია ტერმინი პარტია-სახელმწიფოს სისტემა (party-state system), იქნება ეს სახელმწიფო, რომელიც ცდილობს პარტიის აბსორბირებას თუ პირიქით. უნდა ისიც ავღნიშნოთ, რომ ყოველთვის სადაც ერთი პარტიაა არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ პარტია-სახელმწიფოს სისტემაზე. უბრალოდ, ამ შემთხვევაში ჩვენ ვაქვს ან ამ ტიპის სისტემა, ან საერთოდ არ არის რაიმე მნიშვნელოვანი სისტემა. ამ სისტემის მთავარი ფუნქციონალური მახასიათებელია სუბსისტემური ავტონომიისათვის ხელის შეშლა, რაც მას პარტიების გარეშე სისტემისგან გამოარჩევს. შეიძლება ერთგვარი ტერმინოლოგიური უზუსტობა იყოს, როცა აქ ვიყენებთ სიტყვა “პარტიას”, რომელიც თავისთავად არ შეიძლება იყოს მთელი, რადგან მხოლოდ ნაწილია, მაგრამ სხვა ტერმინის არარსებობის პირობებში ჩვენ შეგვიძლია დავუშვათ ამ ტერმინის გამოყენება მონოპოლიურ პარტიასთან მიმართებაში თუ მკაფიოდ განვასხვავებთ სისტემის თავისებურებებს. ერთპარტიული სისტემა არ არსებობს. პარტიული სისტემები მხოლოდ პლურალისტურ რეჟიმებს ახასიათებთ. უნიპარტიზმის შემთხვევაში სისტემა ერთია _ პარტია-სახელმწიფო.

4. პარტია შიგნიდან


ფრაქციები, დაჯგუფებები და ტენდენციები

პარტია თავად არის მინიატურული პოლიტიკური სისტემა ხელისუფლების სტრუქტურით, წარმომადგენლობითი პროცესით, ელექტორალური სისტემით და სხვა. პარტიების, როგორც სისტემის შესწავლისას ძირითადად 2 მიდგომა გამოიყოფა: 1) შიდაპარტიული დემოკრატიის შესწავლა და 2) ორგანიზაციული მიდგომა. პირველი მიდგომა სათავეს იღებს მიხელსის ნაშრომიდან “ოლიგარქიის რკინის კანონი”. ამ მიდგომაში ძირითადი პრობლემა “დემოკრატიის” შეფასების მეთოდებშია. მეორე მიდგომა იწყება დიუვერჟედან. ორგანიზაციული სტრუქტურების შესწავლა გარკვეულწილად შეეხება შიდაპარტიული დემოკრატიის საკითხსაც, რამდენადაც დემოკრატიული პროცესი მოითხოვს გარკვეულ კონკრეტულ სტრუქტურებს, თუმცა ორგანიზაციული მიდგომა მიზნად არ ისახავს გაარკვიოს თუ რამდენად დემოკრატიული ან არადემოკრატიულია ესა თუ ის სტრუქტურები. პარტია, თვით ტოტალიტარულიც კი, არ არის მონოლითი. მასში არის ფორმალური ან არაფორმალური სუბ-ერტეულები, რომლებიც პარტიის სისტემაში ისეთივე დონეზე უნდა განვიხილოთ, როგორც პარტიულ სისტემაში პარტიები. გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს იმ ტერმინის განსაზღვრა, რითაც ამ სუბ-ერთეულებს ავღნიშნავთ. ტერმინი “დაჯგუფების”  გამოყენება აქ, ალბათ, არ იქნებოდა კორექტული, რამდენადაც ამ ტერმინს აქვს შეფასებითი დატვირთვა. გარდა ამისა, დაჯგუფებები თავისი თავდაპირველი მნიშვნელობით ჯერ კიდევ არსებობენ მთელ რიგ განვითარებად ქვეყნებში და იგივე ტერმინის გამოყენება პარტიული სუბ-ერთეულების კლასის აღსანიშნავად გაუგებრობას გამოიწვევდა. საჭიროა სხვა ტერმინი _ ფრაქცია, რასაც არ აქვს ისეთი შეფასებითი დატვირთვა, როგორც დაჯგუფებას (ფრაქცია შეიძლება იყოს დაჯგუფება, შეიძლება არა). შიდაპარტიული სტრუქტურის კვლევა არ იქნება სრული თუ არ შემოვიტანეთ ტენდენციის ცნება. რიჩარდ როუზის აზრით, ფრაქციებსა და ტენდენციებს შორის განსხვავება მათ ორგანიზაციულ დონეებშია. ფრაქცია არის პირველ რიგში კონკრეტული ჯგუფი, ტენდენცია კი სტაბილური ეტიტუდია. სარტორი: ორგანიზაციული მომენტი არ არის მთავარი განმასხვავებელი. შეიძლება ფრაქცია არ იყოს კონკრეტული ჯგუფი, არსებობს ინდივიდუალური ფრაქციონალიზმი, ხოლო ტენდენციამ შექმნას გარკვეული ორგანიზებული ერთობა რაღაც საკითხთა გარშემო, მაგრამ ეს არ იყოს ფრაქცია. ტენდენცია აღნიშნავს უფრო ფართო, არაერთგვაროვან სუბ-ერთეულს (მაგ. მემარცხენე და მემარჯვენე ტენდენციები), ხოლო ფრაქცია უფრო ერთგვაროვან, მჭიდროდ შეკრულ სუბ-ერთეულს.

ფრაქციები სხვადასხვა სახის არიან და სხვადასხვა ფრაქციები სხვადასხვანაირ ზეგავლენას ახდენენ 1) პარტიის ერთიანობა-ფრაგმენტაციაზე და 2) შიდაპარტიულ ურთიერთობებსა და დინამიკაზე. შეიძლება ითქვას, რომ ფრაქციების ბუნება განსაზღვრავს პარტიის ბუნებას. მსგავსი იდეოლოგიის და სტრუქტურის მქონე პარტიები შესაძლებელია მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ თუ მათი ფრაქციების ბუნება განსხვავებულია.


1) ორგანიზაციონალური, 2) მოტივაციური, 3) იდეოლოგიური და 4) მემარცხენე-მემარჯვენე.

1. ორგანიზაციული მიმართულება. გამოდის პირველ პლანზე, რამდენადაც პარტიას და დაჯგუფებას შორის განსხვავება მნიშვნელოვანწილად მათი ორგანიზაციის დონეებშია გამოხატული, თუმცა დღეს ჩვენ ვიცით, რომ ზოგ შემთხვევაში სუბ-ერთეულები შეიძლება უფრო მეტად იქნენ ორგანიზებული, ვიდრე მთლიანად პარტია. სუბ-ერთეულების ავტონომიურობის ხარისხი პარტიასთან მიმართებაში არის ინდიკატორი, თუ ანალიზის რომელ დონეზე იქნებოდა მოცემულ შემთხვევაში უფრო მართებული _ პარტიულ თუ სუბპარტიულ დონეზე. ორგანიზაციონალური მიმართულება ასევე მიგვითითებს შიდაპარტიული ფრაქციონალიზაციის ხარისხზე. ამ მიმართულების გამოყენებისას არ უნდა გამოგვრჩეს შემდეგი ფენომენის გათვალისწინება: გრაქციების ორგანიზებულობა “გადამდებია”, თუ გარკვეული ფრაქციები მეტად ორგანიზებულნი ხდებიან, დანარჩენები მიჰყვებიან მათ მაგალითს, რათა ეფექტურად გაუწიონ მათ მეტოქეობა. ამრიგად, ორგანიზაციონალური ცვლადი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ფრაქციები დარჩნენ იგივე სხვა პარამეტრების მიხედვით.

2. მოტივაციური მიმართულება. უფრო პირდაპირ შეეხება სხვადასხვა ტიპის სუბ-ერთეულების განსხვავებებს. ჰიუმი ანსხვავებდა ორი ტიპის დაჯგუფებებს: ინტერესის და პრინციპის საფუძველზე. ინტერესით მოტივირებულ დაჯგუფებებში შეიძლება 2 სახეობა გამოიყოს: 1) ძალაუფლების დაჯგუფებები (power factions, ძალაუფლება_მიზანი), 2) “ნადავლის” დაჯგუფებები (spoils factions, უფრო გარკვეულ სარგებელზე ორიენტირებული, ვიდრე ძალაუფლებაზე). რაც შეეხება ჰიუმის პრინციპზე დაფუძნებულ ჯგუფებს, დღევანდელი “პრინციპის ფრაქციებიც” შეიძლება ორ ნაწილად დავყოთ: იდეოლოგიური ჯგუფები და იდეის ჯგუფები, ანუ ჯგუფები, რომლის იდეები, შეხედულებები არ იზიარებენ იდეოლოგიური ჯგუფების სხვა მაჩვენებლებს. ეს დაყოფა მნიშვნელოვანია ევროპულ ლიტერატურაში არსებულ საკითხთან _ იდეოლოგიურ პარტიებთან და შეხედულების პარტიებთან  მიმართებაში. ამ მიმართულების გამოყენებისას სირთულეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ინტერესის საფუძველზე გაერთიანებული ჯგუფები ხშირად ინიღბებიან ეფექტურობის, იდეოლოგიის და სხვა საფარს უკან, რაც ლეგიტიმაციისკენ სწრაფვით აიხსნება. რომ არ შევიდეთ შეცდომაში, აქ უნდა ჩავრთოთ გარკვეულწილად ორგანიზაციონალური მიმართულება და გავარკვიოთ რამდენად გააჩნია ამა თუ იმ ფრაქციას კლიენტელისტური ქსელი და რამდენად არის მისი ფუნქციონირება კლიენტერული ტიპის. თუმცა, აქაც არის სირთულე _ კლიენტელისტული სტრუქტურის არსებობა-არარსებობა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია თუ რა ძალაუფლებას ფლობს ეს ჯგუფი. მოტივაციური მიმართულების გამოყენება უნდა შეიცავდეს მთელ რიგ ინდიკატორებს, პერიოდულ დაკვირვებებს და რეპუტაციონალურ მეთოდს.

3. იდეოლოგიური მიმართულება. ეს მიმართულება გარკვეულწილად შეხებაშია მოტივაციურ მიმართულებასთან, რამდენადაც იდეოლოგია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოტივაციური ძალაა, მაგრამ მოტივაციები იდეოლოგიით არ შემოიფარგლება, ეს სხვა განზომილებაა. მოტივაციური კონტინიუმი მდებარეობს წმინდა დაუინტერესებლობიდან წმინდა ეგოიზმს შორის, იდეოლოგიური კონტინიუმი მდებარეობს იდეოლოგიურ ფანატიზმს და პრაგმატიზმს შორის. ეს ორი მიმართულება ამრიგად შესაძლებელია დამოუკიდებლად იცვლებოდეს. მათი გამოყოფა ერთმანეთისაგან დაგვეხმარება იმ შემთხვევების შესწავლისას, როდესაც პირადი ინტერესებით მოტივირებული დაჯგუფება იდეოლოგიური კამუფლიაჟის მიღმა იმალება. კიდევ ერთი მნიშვნელობა ამ მიმართულების არის ის, რომ იგი მიუთითებს კულტურულ ფაქტორზე, პოლიტიკის საერთო დაძაბულობის დონეზე მოცემულ კულტურულ კონტექსტში.

4. მემარცხენე-მემარჯვენე მიმართულება. ეს ყველაზე ნაკლებად სანდო კატეგორიებია, თუმცა მათი გამორიცხვა არ იქნებოდა მართებული, რამდენადაც, როგორც ფართო საზოგადოება, ასევე ელიტები ხშირად ამ კონტექსტში აღიქვამენ პოლიტიკას. ასევე ეს მიმართულება კარგად ართმევს თავს ტენდენციების, დამოუკიდებელი პოზიციებისა და ატომიზირებული კონფიგურაციების იდენტიფიკაციას. სირთულე აქ იმაშია, რომ ძნელია მრავალმხრივი მიმართულებების ამ სქემით დახასიათება, ამიტომ ეს სქემა უნდა გამოყენებულ იქნას მას შემდეგ, რაც გამოყენებული იქნება მოტივაციური და იდეოლოგიური მიმართულებები, რის შემდეგაც სუფთა სახით ეს კატეგორიაც დამოუკიდებელი ცვლადი იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ეს მნიშვნელოვანწილად სუბიექტური კატეგორიაა და როდესაც რომელიმე ჯგუფზე ვამბობთ, რომ ეს მემარცხენე ან მემარჯვენე ჯგუფია, ჩვენ ვამბობთ, რომ ის ასე აღიქმება ზოგადად.

No comments:

Post a Comment