Wednesday, April 14, 2010

სოციალ დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის - პროგრამული პრინციპები

პროგრამული პრინციპები

მეორე ათწლეული სრულდება საქართველოს თანამედროვე დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებიდან. ამ პერიოდში, სერიოზული და ინტენსიური მსჯელობა თუ როგორ უნდა იცხოვროს ხალხმა და განვითარდეს ქვეყანა, არ დამდგარა საზოგადოებრივი დისკურსის დღის წესრიგში. საქართველოს, ჩვენ ხალხს არჩევანი არ გაუკეთებია.

ქვეყანა მისდევდა გარკვეულ პოლიტიკას, რომელიც უმთავრესად გარე ზეგავლენებით განისაზღვრებოდა.

გლობალისტური ნეოლიბერალიზმისა და ნეოკონსერვატიზმის რადიკალური ფორმების გაბატონებამ ახალ, არასტაბილურ, საბჭოთა ეპოქის რთული მემკვირდეობისა და უამრავი გამოწვევების წინაშე (ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, ეკონომიკური კავშირების მოშლა, ღირებულებრივი განუსაზღვრელობა, არაეფექტური ცენტრალიზებული და კონცენტრირებული მმართველობის გამოცდილება...) მდგომ საქართველოში მრავალი უარყოფითი შედეგი მოიტანა: განვითარებულ ქვეყნებთან ჩამორჩენის ზრდა, ავტორიტარული მმართველობისაკენ გადახრა (საბჭოთა `დემოკრატიული ცენტრალიზმის პრინციპი კარგად შეერწყა რადიკალურ ნეოლიბერალურ ექსპერტულ ავანგარდიზმს რევოლუციონერ მმართველთა იდეოლოგიაში), სოციალური უთანასწორობის და ოლიგარქიის დამკვიდრება (კონკურენციაში წარმატების დარვინიზმამდე მისული პროპაგანდით მხარდაჭერილი), კულტურული ერთგვაროვნების (საკუთარი იდენტობის მარგინალიზაციის) საფრთხე და ა.შ.
განვლილი ოცი წელი გვარწმუნებს, დამკვიდრებული ფუნდამენტალისტური ტიპის გლობალისტური ნეოლიბერალიზმი ვერ ქმნის გარანტიებს ქვეყნებისა და ხალხების განვითარებისათვის.

სოციალური შინაარსისა და განვითარების პერსპექტივისაგან დაცლილი დემოკრატიზაციის, ადამიანის უფლებებისა და ეფექტური საბაზრო ეკონომიკის ლოზუნგებმა ამ ლოზუნგების საპირისპირო შედეგები მოიტანეს.

ჩვენ წარმოვადგენთ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც არსებული მდგომარეობა უსამართლოდ და უპერსპექტივოდ მიაჩნია. ამიტომ მისი შეცვლისკენ მოვუწოდებთ მთელს საზოგადოებას, ხალხს.

ჩვენი საზოგადოება დღეს დგას უაღრესად რთული, საპასუხისმგებლო ამოცანების წინაშე.

ჩვენ უნდა შევძლოთ და მოვძებნოთ შემოქმედებითი მიდგომები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს გამოვიდეთ პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ჩიხიდან, და განვსაზღვროთ ქვეყნის განვითარების პერსპექტიული გზები.

ჩვენ გვწამს, რომ ერთადერთი სუბიექტი, რომელსაც ამ უაღრესად საპასუხისმგებლო მოვალეობის შესრულება შეუძლია არის თვით ხალხი.
ჩვენ, როგორც ამ ხალხის ნაწილი, მზად ვართ გავიზიაროთ ეს პასუხისმგებლობა და აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ამ საქმიანობაში, იმ საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად, რომელნიც ესწრაფვიან ქვეყნის განვითარებას.



გ ა ნ ვ ი თ ა რ ე ბ ა

ჩვენ უმთავრეს და უპირველეს მიზნად ქვეყნის განვითარებას მივიჩნევთ, რაც გულისხმობს – სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ, პიროვნულ განვითარებას, განვითარებას ყველასთვის.

ქვეყნის ყოველმხრივი განვითარების გარეშე შეუძლებელია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და სრულფასოვანი დემოკრატიული წესრიგის დამკვიდრება, ადამიანის ცხოვრებითვის ღირსეული პირობების შექმნა.

ჩვენ გთავაზობთ განვითარების იმგვარი გზის არჩევას, რომელიც ნაკარნახევია ქვეყნის წარსულითა და აწმყოთი, საქართველოს კულტურითა და ტრადიციებით, ქართველი ხალხის ინტერსებითა და მისწრაფებებით.

საქართველო არის ევროპული ქვეყანა და ჩვენი განვითარების ბუნებრივი გზა არის ევროპული განვითარების გზა, რომელიც ისეთ უნივერსალურ ღირებულებებს ეყრდნობა, როგორიცაა: თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა, სოლიდარობა, თანამშრომლობა, კეთილმეზობლობა და ჰუმანიზმი.

ხაზგასმა იმისა, რომ საქართველოს არჩევანი არის ევროპული არჩევანი გულისხმობს არა ვინმესადმი ბრმად მიბაძვას, არამედ პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ ბედ-იღბალზე, თვითგანვითარებაზე ზრუნვას.

საქართველოს, როგორც ქვეყნის განვითარებაში იგულისხმება

• სოციალური განვითარება.

• ეკონომიკური განვითარება.

• პოლიტიკური განვითარება.

• კულტურული განვითარება.

• რეგიონალური განვითარება.

• ინდივიდუალური განვითარება.

ჩვენ ვისწრაფვით საზოგადოებისაკენ, სადაც:

• მიღწეულია თაობათა სოლიდარობა; დაფასებულია ტრადიციები, გამოცდილება და პროფესიონალიზმი.

• პიროვნებას შეუძლია თავისუფალი განვითარება.

• უმუშევრობა აღიარებულია არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ სოციალურ, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ პრობლემად.

• მოდერნიზაცია უპირატესად განიხილება, როგორც ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში.

• ეკონომიკისა და მთელი საზოგადოების განვითარება დამყარებულია ცოდნაზე, განათლებაზე, მეცნიერებაზე.

• ეკონომიკის განვითარება მაქსიმალურად ითვალისწინებს ეკოლოგიურ გარემოს, ანუ უზრუნველყოფილია მდგრადი განვითარება.

• პრიორიტეტია ქვეყნის სიმეტრიული განვითარება _ რეგიონების ურბანული და აგრარული რაიონების სოციალ-ეკონომიკური და კულტურული დონის დაახლოება.

• უპირობო პრიორიტეტია განათლების სფეროს განვითარება, მეცნიერებისა და შემოქმედებითი საქმიანოიბის სახელმწიფო მხარდაჭერა.

ჩვენი უმთავრესი მიზანია ხალხის კეთილდღეობის ზრდა, რომელიც ეყრდნობა რეგიონების განვითარებას, მათი პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებების ზრდას, ინოვაციური პროცესების სტიმულირებას, ქვეყნის პოლიტკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მოდერნიზაციას.

ჩვენ მივისწრფვით ისეთი განვითარებული საზოგადოებისკენ, სადაც ეფექტურად ფუნქციონირებს სოციალური ეკონომიკა და სოციალური დემოკრატია, სადაც უზრუნველყოფილია თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა, სოლიდარობა.

თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა, სოლიდარობა

• თავისუფლება და თანასწორობა თანაბარი ღირებულებებია. თავისუფლება შეუძლებელია თანასწორობის გარეშე, ხოლო თანასწორობა - თავისუფლების გარეშე.

• ყველა ადამიანი თანასწორი და თავისუფალია - თანაბრად თავისუფალია.

• ადამიანის თავისუფლება ვრცელდება მანამ, სანამ იგი არ ზღუდავს სხვა ადამიანის თავისუფლების ან თანასწორობის ბუნებრივ უფლებას.

• პიროვნული თავისუფლება _ ადამიანური ღირსების გარანტიაა.

• პოლიტიკური თავისუფლება _ არჩევანის და მონაწილეობის უფლებაა.

• სახელმწიფო და საზოგადოება მოწოდებულია შეუქმნას მოქალაქეებს თანასწორი პირობები და შესაძლებლობები უნარების გამოვლენის და უფლებების რეალიზებისათვის.

• სამართლიანობის პრინციპი გულისხმობს ყველას თანასწორობას კანონის, სახელმწიფოს, სამართლისა და საზოგადოების წინაშე.

• სამართლიანობის პრინციპის სრულად რეალიზება ცხოვრებაში შეუძლებელია სოციალური სამართლიანობის პრინციპის ძლიერი საზოგადოებრივი და ინსტიტუციონალური მხარდაჭერის გარეშე.

• თავისუფლება, თანასწორობა და სამართლიანობა დამოკიდებულია საზოგადოებრივი სიკეთეების ხელმისაწვდომობაზე. თუკი ყველა თანაბრად არ ფლობს ამ სიკეთეებს, ყველა თანაბრად თავისუფალი არ არის.

• თავისუფლად ყოფნის შანს იყენებს ის, ვინც სოციალურად დაცულია.

• სოციალური დაცვის უზრუნველყოფა თავისუფლების დაცვის უზრუნველყოფაა.

• თავისუფლების, თანასწორობის, სამართლიანობის რეალურად დამკვიდრება თანამედროვე რთულ საზოგადოებაში შესაძლებელია მხოლოდ სოლიდარობის პრინციპის მაქსიმალური რეალიზებით საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

საზოგადოება და სახელმწიფო

სოლიდარული საზოგადოება და სოციალური სამართლიანობა

საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლა ჩვენთან დროში დაემთხვა საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობის აღდგენას, მსოფლიო მეურნეობრიობაში კი - გლობალიზაციისა და ნეოლიბერალური ეკონომიკური პროცესების ინტენსიფიკაციას.

ამ ფაქტორების რთული ურთიერთქმედების შედეგად საქართველოში ჩამოყალიბდა ახალი წესრიგი, რომელშიც მოქალაქეები იძენენ სულ უფრო მეტ მნიშვნელობას, როგორც მომხმარებლები, მაგრამ კარგავენ შესაძლებლობებს, როგორც დემოკრატიულ უფლებათა მქონენი, რომელთაც ხელეწიფებათ მოახდინონ გავლენა მიმდინარე პროცესებზე, როგორც პოლიტიკის, ასევე ეკონომიკის სფეროში.
საზოგადოება სოლიდარული ძალისხმევით უნდა უზრუნველყოფდეს კეთილდღეობას ყველასთვის და ამ კეთილდღეობის სამართლიან გადანაწილებას.

ჩვენ მივისწრაფვით საზოგადოებისკენ, რომელშიც არ არის უსამართლო პრივილეგიები, დისკრიმინაცია და ადამიანთა იზოლაცია.

ადამიანის ინდივიდუალური და სოციალური უფლებები ერთმანეთს ვერ ჩაანაცვლებენ, მათი ურთიერთდაპირისპირება არ შეიძლება.
მხოლოდ იქ, სადაც რეალიზებულია ადამიანის სოციალური უფლებები, საზოგადოების ყველა წევრს შეუძლია ინდივიდუალური უფლებებით სარგებლობა.
ადამიანები შრომობენ არა მხოლოდ შემოსავლისთვის, არამედ რათა შეიძინონ მათი ცხოვრებისთვის შესაბამისი სოციალური პროდუქტი, შექმნან საფუძვლები მათი სოციო-კულტურული იდენტობისა, დაიკმაყოფილონ თავმოყვარეობა, თვითპატივისცემა. შრომითი შემოსავლის დაგროვების პოტენცია, შესაბამისად, არის უმთავრესი პირობა მოქალაქის თავისუფლების პოზიტიური უფლების განხორციელებისა.

ჩვენ ვეწინააღმდეგებით საბაზრო ფუნდამენტალიზმს, რომელიც ძირს უთხრის საზოგადოებრივ ღირებულებებს.
ჩვენ მხარს ვუჭერთ მთლიანობაში საბაზრო ეკონომიკას, მაგრამ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე (განზომილებებში) უნდა შეასრულოს ცენტრალური (და მნიშვნელოვანი) როლი, როგორც სოციალურ, ასევე ეკონომიკურ საკითხებში.
მოქალაქეთა პასუხისმგებლობის გაზრდა საკუთარ ქმედებაზე უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა გამოიწვიოს სახელმწიფოსაგან პასუხისმგებლობის მოხსნა და გადანაწილების იდეის დისკრედიტირება საზოგადოებრივ ცნობიერებაში.

ამგვარი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი წესრიგის შემოქმედი და გარანტი უნდა იყოს საშუალო კლასი.

საქართველოში დღეს საშუალო კლასი მეტისმეტად მცირერიცხოვანია და ამიტომ ვერ უზრუნველყოფს ისტორიულად და ინსტიტუციურად მისი მთავარი ფუნქციების, მათ შორის სოციალური სტაბილურობის, ისტორიის უწყვეტობისა და საზოგადოების საერთო პერსპექტივის უზრუნველყოფის რეალიზებას.
საშუალო კლასი წარმოადგენს თანამედროვე საზოგადოების განვითარებისა და პროგრესის მთავარ მამოძრავებელ ძალას, სოციალური მდგრადობისა და პოლიტიკური სტაბილურობის გარანტს.
ეკონომიკურად საშუალო კლასი არ არის სოციალურად და პოლიტიკურად საშუალო კლასი _ ის სოციალურად და პოლიტიკურად წამყვანი კლასი უნდა იყოს.

ფართო სოციალური წარმომადგენლობის მქონე საშუალო კლასის ფორმირება უნდა გახდეს პრიორიტეტი თანამედროვე სახელმწიფოსათვის.

ახალი სოციალური კონტრაქტი

დღეს საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს სოციალური ინსტიტუტები, რომლებიც ასრულებენ შუამავლის როლს (ფუნქციას) სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის.

სახეზეა ტრადიციული საზოგადოებრივი ღირებულებების ეროზია, ღირებულებრივ ორიენტირთა განუსაზღვრელობა და ბუნდოვანება. იზრდება მისწრაფება პერსონალური ავტონომიისა და ცხოვრების ყველა სფეროს ინდივიდუალიზაციისადმი.

იზრდება სოციალური უთანასწორობა და სოციალური ფრაგმენტაცია, ძლიერდება სოციალური გაუცხოების განცდა.

სოციალური ინსტიტუტებისადმი სრული უნდობლობის პირობებში ადამიანი რჩება მარტო გამოწვევების წინაშე და პასუხად ამ გამოწვევებისა წარმოიდგინება კონფორმიზმი და ადაპტაცია (დაყრდნობილი ინფანტილურ უიმედობაზე), ან ექსტრემისტული ანტისისტემური ქმედებები, რომელიც მიემართება რევოლუციური ოხლოკრატიისკენ, ეს კი, როგორც უკვე გამოცდილია, ავტორიტარიზმითა და ოლიგარქიული დიქტატით სრულდება.

ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი სახელმწიფო. მოქალაქეებს უნდა გვქონდეს განცდა, რომ არსებული სახელმწიფო ჩვენი სახელმწიფოა, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებია (ან ჩვენი თანამოქალაქეების, რომლებიც ჩვენს ინტერესებსა და მისწრაფებებსაც ითვალისწინებენ).

საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი წესრიგი უნდა დაეფუძნოს საზოგადოებრივ ხელშეკრულებას (სოციალური კონტრაქტი), რომელიც გაზიარებული იქნება მოქლაქეთა უდიდესი უმრვლესობის მიერ.

მოქალაქეები და სახელმწიფო უნდა აცნობიერებდნენ თავის უფლებებს, მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას.

სამოქალქო დიალოგი უნდა გახდეს პოლიტიკის საფუძველი.

მთავრობას უნდა ჰქონდეს მხოლოდ პირობითი მანდატი მმართველობისა, რომელიც უნდა ხორციელდებოდეს საზოგადოებრივ ხელშეკრულებასთან თანხმობაში.

სოციალური ერთობის განცდის კულტივირება, ერთობლივი მოქმედებით უნდა იქნას უზრუნველყოფილი _ სამოქალაქო სფეროს არსებობა _ თავისი ფუნქციონირების ეთიკით, რომელიც დაცულია საბაზრო ძალების შემოჭრისგან.

ეს სოციალური სივრცე არ არის მხოლოდ ოჯახი, ან ახლობელთა წრე, იგი მოიცავს განათლების, ჯანდაცვის, კულტურის, სოციალური უზრუნველყოფის სფეროებს; ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას (გზები, კომუნიკაციები, ენერგეტიკა, ა.შ.).

იგი რეალიზდება ურთიერთქმედების კოლექტიურ ფორმებში (თემები, პროფკავშირები, ასოციაციები, ინტერესთა ჯგუფები, პარტიები).

სამოქალაქო სფეროში მთავარი ფასეულობაა არა ფულადი, არამედ ადამიანური, სოციალური კაპიტალი. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პირობები ე.წ. საზოგადოებრივი სიკეთეების საყოველთაო და თანასწორი ხელმისაწვდომობისათვის.

• საზოგადოებრივი სიკეთეები არის სიკეთეები, რომელთა მოხმარებაც შესაძლებელია ყველა ინდივიდისათვის, იმ ტერიტორიულ და პოლიტიკურ არეალში, სადაც ეს სიკეთეები ნაწილდება. არავინ არ და ვერ გამოირიცხება ამ სიკეთეების მოხმარებაში. ეს გამომდინარეობს ან ამ სიკეთეების ფიზიკური თავისებურებებიდან, ან სამართლებრივი და ლეგიტიმური ხასიათიდან. ასეთი სიკეთეებია მაგალითად ჰაერის სისუფთავე, სოციალური საარსებო მინიმუმი, ადამიანის უფლებების დაცვა, უფასო სწავლება და სხვა.

• საზოგადოებრივი სიკეთეების თანასწორი ხელმისაწვდომობა არის უმნიშვნელოვანესი პირობა საბაზისო უფლებების უზრუნველსასყოფად. უფლებები, ინსტიტუტები, სოციალური და პერსონალური უსაფრთხოება, სუფთა ჰაერი თუ ხელშეუხებელი გარემო, ჯანდაცვა თუ განათლება – ეს არის საზოგადოებრივი სიკეთეები, რომლის თანასწორი მიწოდება ყველასათვის შეუძლებელია, მხოლოდ თვითრეგულირებადი ბაზრის მექანიზმების მეშვეობით და ცალკეული ინდივიდების შეთანხმებით. საზოგადოებრივი სიკეთეებით უზრუნველყოფა პოლიტიკურ ნებასა და მოქმედებაზეა დამოკიდებული, რაც უნდა დაეყრდნოს სოლიდარობისა და სოციალური სამართლიანობის პრინციპებს.


ე კ ო ნ ო მ ი კ ა

ეკონომიკა უდნა ემსახურებოდეს საზოგადოების ინტერესებს და არა საზოგადოება ეკონომიკის ინტერესებს. ჩვენი ორიენტირია სოციალური და სოლიდარული საბაზრო ეკონომიკა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის იმგვარი გზა, რომელსაც დღემდე ადგას საქართველო, ვერ მიგვიყვანს მაღალეფექტიან და სასურველი სოციალური შედეგების მქონე ეკონომიკურ სისტემამდე.

ჩვენი აზრით დაბალი ნიშნული, საიდანაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარება უნდა დაიწყოს, არის არა მარტო პრობლემა, არამედ იმის გარკვეული რეზერვი და შანსი, რომ განვითარებული ქვეყნების ტექნოლოგიური მიღწევებისა და ინსტიტუციური მექანიზმების გამოყენებით, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებით, მეურნეობის შიდა და გარე პირობების უნარიანი შეხამებით _ მივაღწიოთ ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპებს და შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამორჩენილობის სწრაფად დაძლევა.

ჩვენი მთავარი მიზანია სოციალურად ორიენტირებული, კოორდინირებული შერეული ეკონომიკის შექმნა.

შერეული ეკონომიკა ნიშნავს, რომ მიღწეულია საკუთრების ფორმების პლურალიზმი, საბაზრო და კოორდინირების მექანიზმების შეთანხმებული ფუნქციონირება. საკუთრების ნებისმიერი ფორმის პროგრესულობას განსაზღვრავს არა იდეოლოგიური კლიშე, არამედ მისი რეალური ეფექტიანობა. კერძო საკუთრება ეკონომიკური სისტემის საფუძველია, თუმცა მის გვერდით არსებობს და მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს საკუთრების კოლექტიური და სახელმწიფო ფორმები. სახელმწიფო წამყვან როლს თამაშობს საზოგადოებრივი სიკეთეების დაცვაში, შექმნასა და განაწილებაში. საზოგადოებრივი სიკეთეები ის სიკეთეებია, რომელთა მოხმარებაც შესაძლებელია ყველა ინდივიდისათვის, იმ პოლიტიკურ და ტერიტორიულ არეალში, სადაც ეს სიკეთეები ნაწილდება. არავინ არ და ვერ გამოირიცხება ამ სიკეთეების მოხმარებაში, რაც გამომდინარეობს ან მათი ფიზიკური თავისებურებებიდან, ან სამართლებრივი და ლეგიტიმური ხასიათიდან. ასეთი სიკეთეებია: სუფთა ჰაერი და ჯანსაღი გარემო, სოციალური საარსებო მინიმუმი, ჯანდაცვა, უფასო განათლება და სხვა. საზოგადოებრივი სიკეთეების თანასწორი ხელმისაწვდომობა ადამიანის საბაზისო უფლებების რეალიზაციის უმნიშვნელოვანესი პირობაა. სახელმწიფო საკუთრების საფუძველზე ხშირად ხდება ქვეყნისთვის უმნიშნელოვანესი სფეროებისა, მიმართულებებისა და პროექტების განხორციელება.

ეკონომიკა უნდა ვითარდებოდეს მკაფიოდ ფორმულირებული და კანონის ძალის მქონე ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის საფუძველზე, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო და კერძო პოლიტიკების კოორდინირებულ ჯამს (საინოვაციო, აგრარული, გარემოსდაცვითი, ენერგეტიკული, სამეცნიერო, მცირე ბიზნესის, საინვესტიციო, განათლების, საინფორმაციო და სხვ.). მისი შესრულება გარანტირებული უნდა იყოს ერთის მხრივ პოლიტიკის ფარგლებში ეკონომიკური სუბიექტების სრული თავისუფლებითა და უსაფრთხოების გრძნობით, მეორეს მხრივ კი სახელმწიფოს მიერ შემოღებული წამახალისებელი ღონისძიებების სისტემით.

ეკონომიკის კოორდინირებულობა ნიშნავს:

• სახელწიფოს აქტივობას ზოგადეროვნულ და ადგილობრივ (ლოკალურ) დონეებზე, როგორც ეკონომიკურ, ასევე სოციალურ სფეროებში.

• ეკონომიკური სისტემის (წესრიგის) სპეციფიური ურთიერთთავსებადი წესით დაკავშირებას სოლიდარულ საზოგადოებრივ წესრიგთან. ამგვარ სისტემაში არსებობს დაბალანსებული, გაწონასწორებული დამოკიდებულება დამქირავებლებს, დაქირავებულებსა და სახელმწიფოს შორის (ე.წ. ტრიპატრიდის პრინციპი).

ნეოლიბერალური რწმენის საპირისპიროდ, რომ არაკოორდინირებული საბაზრო ეკონომიკები უკეთესად პასუხობენ საფინანსო და სასაქონლო ბაზრების გლობალურ ინტეგრაციას, უახლესი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კოორდინირებული საბაზრო ეკონომიკები საშუალო და გრძელვადიან პერიოდებში უფრო წარმატებულნი არიან.

კოორდინირებული ეკონომიკა გულისხმობს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისა და ინსტიტუტების ინეტერსების დაბალანსებას, დასაბუთებულ და მკაფიოდ ფორმულირებულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც წარმოადგენს კერძო პოლიტიკების ჯამს (საინოვაციო, აგრარული, გარემოსდაცვითი, ენერგეტიკული, მცირე ბიზნესის, საინვესტივიო და სხვ.)

პრიორიტეტებზე დამყარებული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება რთულია, ამიტომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს სახელმწიფო მოხელეების პროფესიულ მომზადებაზე, უცხოური გამოცდილების შესწავლაზე, მართვის სამეცნიერო მხარდაჭერაზე.

სათანადო სიმაღლეზე უნდა დადგეს მაკროეკონომიკური მართვის უზრუნველმყოფი ინსტიტუტების საქმიანობა (ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო, ანტიმონოპოლური სამსახური, სტატისტიკური სამსახური და სხვა). უნდა გამოირიცხოს მათი ხშირი რეორგანიზაცია და ხელი შეეწყოს მუშაობის განუწყვეტელ სრულყოფას.

ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდაზე, რომლის პირველ ეტაპად შესაძლებელია განხილულ იქნას რეგიონული კონკურენტუნარიანობის მიღწევა. წამახალისებელ ღონისძიებათა სისტემა (საგადასახადო, საბიუჯეტო, საკრედიტო, საგრანტო, სამეცნიერო მხარდაჭერებისა და სხვ.) ხელს უნდა უწყობდეს შემდეგ ურთიერთდაკავშირებულ და აპრობირებულ მიმართულებებს:

• ფაქტორებით მართული ეკონომიკიდან ჯერ ინვესტიციებით მართულ ეკონომიკაზე, ხოლო შემდეგ ინოვაციებით მართულ ეკონომიკაზე გადასვლა. აქედან გამომდინარე უნდა განისაზღვროს ინვესტიციური პოლიტიკის მიმართულებები და განსაკუთრებით შეეწყოს ხელი ადგილობრივ ინვესტიციებს, ფასიანი ქაღალდების თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბებას. პრიორიტეტულ ამოცანად უნდა ჩაითვალოს ახალი ტექნოლოგიების შექმნა და ათვისება, ვენჩურული ფირმების განვითარება.

• საესპორტო პროდუქციის შექმნისა და რეალიზაციის წახალისება: ეფეექტიანი მოდერნული ეკონომიკის ფუნქციონირება საქართველოში მძლავრი ექსპორტის გარეშე შეუძლებელია. ექსპორტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს რეგიონალურ ბაზრებზე. გლობალიზაციის ეპოქაში განვითარებულმა პროცესებმა დაგვანახა, რომ რეგიონალურ თანამშრომლობას ალტერნატივა არა აქვს, განსაკუთრებით ისეთი ეკონომიკებისთვის, როგორიც საქართველოა. მთავარ პარტნიორებად ამ თვალსაზრისით შეიძლება განხილული იყოს ჩვენი უახლოესი მეზობლები და ევროკავშირი;

• სოფლის მეურნეობა: საექსპორტო პოტენციალის გაძლიერების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად უნდა იქნას განხილული სასოფლო სამეურნეო პროდუქცია. დღეისათვის ამ თვალსაზრისით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა. სასოფლო სამეურნეო პროდუქცია არათუ წარმოადგენს ექსპორტის მნიშვნელოვან ნაწილს, არამედ შიდა ბაზარზეც მეტად მოკრძალებული ადგილი უკავია. კერძოდ, ერთი დოლარის ღირებულების ეროვნულ პროდუქციაზე 4 დოლარის ღირებულების უცხოური პროდუქცია მოდის. გარემოსდამზოგავი ტექნოლოგიების გამოყენებით, ეკოლოგიური სავაჭრო ნიშნის მქონე პროდუქციის წარმოება, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის აგრარული შემადგენლის უნიშვნელოვანეს პრიორიტეტად უნდა იქცეს. სოფლის მეურნეობა არ წარმოადგენს მხოლოდ საკვებისა და ნედლეულის წარმოების დარგს. სოფლის მეურნეობის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი პროდუქტი არის ცოცხალი პროცესის შედეგი და წამროების მთავარი საშუალება ცოცხალი ნიადაგია. მიწათმოქმედება ოდითგანვე იყო ქართული კულტურის გენერატორი, სოფელი კი ის ადგილი, სადაც, სულიერი და მატერიალური ცხოვრების შედეგად, ეროვნული რაობა, ტრადიციები ყალიბდებოდა და ნარჩუნდებოდა. სოფლის, როგორც სოციალური ფენომენისა და სოფლის მეურნეობის _ საქართველოს ეკონომიკის ერთ ერთი წამყვანი და სტრატეგიული დარგის მიმართ უყურადღებო სახელმწიფო პოლიტიკის გამო ქვეყნის აგრარული პოტენციალი არ არის სათანადოდ ათვისებული და სოფელი დგას მოსახლეობისგან დაცლის საშიშროების წინაშე. შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს ზრუნვა სოფლის მიმართ, ხელი უნდა შეუწყოს ფერმერული მეურნეობის აღორძინება-განვითარებას, კოოპერაციას, აგროინდუსტრიულ ინტეგრაციას, ინოვაციებს, სასოფლო თემების ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას, რაც სოფლის მაცხოვრებლებს თვითრეალიზაციის, დამატებითი პროდუქციის წარმოების საშუალებას მისცემს და შეუქცევადს გახდის სოფლის აღორძინების პროცესს.

• საშუალო კლასი. ეკონომიკური პოლიტიკის ერთ ერთ პრიორიტეტად ჩვენ საშუალო, მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება მიგვაჩნია, რომელიც წარმოადგენს საშუალო კლასის ჩამოყალიბების ერთ ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს. საქართველოში დღეს საშუალო კლასი მეტისმეტად მცირერიცხოვანი და სუსტია. იგი ვერ ასრულებს ისტორიულად და ინსტიტუციურად მის მთავარ ფუნქციას: სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური სტაბილურობის, საზოგადოების პროგრესის, ისტორიის უწყვეტობისა და ქვეყნის საერთო პერსპექტივის უზრუნველყოფას.

• საქართველოს რაიონების, განსაკუთრებით მთიანი რაიონების განვითარება საოჯახო, სათავგადასავლო ეკოტურიზმის, ადგილობრივი რეწვის აღორძინების გზით. საქართველომ სრულად უნდა გამოიყენოს თავისი ხელსაყრელი მდებარეობა, განავითაროს ტრანზიტი, მომსახურება _ მათ შორის ტურისტული და საფინანსო, თუმცა ეკონომიკის განვითარების მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს მატერიალური წარმოება.

• ჩვენ ისე უნდა ვარეგულიროთ ეკონომიკური საქმიანობა, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ჯანსაღი გარემო და ვითვალისწინებდეთ გარკვეული ბუნებრივი რესურსების ამოწურვადობას (ე.წ. განუახლებადი რესურსები) ანუ ჩვენი ორიენტირია მდგრადი განვითარება. სახელმწიფოსათვის პრიორიტეტული იქნება გარემოსდამზოგი ტექნოლოგიების გამოყენება ყველა სფეროში. წახალისებული იქნება ეკოლოგიური სავაჭრო ნიშნის მქონე პროდუქტების მოხმარება და წარმოება.

სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკა:

ჩვენ მხარს ვუჭერთ კოორდინირებულ საბაზრო ეკონომიკას, მაგრამ არა საბაზრო საზოგადოებას.

სოციალური პარტნიორობის პრინციპის~ დამკვიდრებას, რაც ცივილიზებულ სამყაროში შრომასა და კაპიტალს შორის წინააღმდეგობების შერბილების მექანიზმს წარმოადგენს.

ჩვენ ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს დაქირავებულთა და დამქირავებელთა კავშირების, დარგობრივი პროფესიული ასოციაციების გაძლიერებასა და მათ ჩართულობას ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის ფორმირების პროცესში, რაც უზუნველყოფს დიალოგს და კონსენსუსს საზოგადოების შიგნით.

ჩვენ ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ დღეს მოქმედი შრომითი კოდექსი, რომელიც არსებითად მხოლოდ დამქირავებელთა ინტერესებზეა მორგებული, სრულად გამორიცხავს ეკონომიკური დემოკრატიის განხორციელების შესაძლებლობას და, ამდენად, ეკონომიკურადაც არაეფექტიანია. ამიტომ კატეგორიულად ვაყენებთ საკითხს ამ კოდექსის სწრაფად და ძირეულად შეცვლის შესახებ.

ჩვენ უმუშევრობას მივიჩნევთ არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ სოციალურ, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ პრობლემად. ყოველ პიროვნებას აქვს შრომის უფლება, რაც გამომდინარეობს თანასწორი ადამიანური ღირსებისა და სოციალური მოქალაქეობის კონცეფციიდან.

• სახელმწიფოს ვალია იზრუნოს ამ უფლების რეალიზაციისათვის. დაეხმაროს ინდივიდს იპოვოს სამუშაო.

• შემოსავლიანი დასაქმება ქმნის თვითპატივისცემის და სოციალური აღიარების პირობებს. სოციალური უსაფრთხოება თანასწორად უნდა იქნას გარანტირებული.

• შრომის უფლების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო მუშაობს მაქსიმალურ დასაქმებაზე მაკროეკონომიკური პოლიტიკის მექანიზმებით, ადგილობრივი თვითმმართველობის აქტივობით, საგანმანათლებლო პოლიტიკით და ა.შ.

• ეკონომიკის გლობალიზაცია და დაჩქარებული ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია ცოდნაზე დამყარებულ ეკონომიკაში და საზოგადოებაში იწვევს სწრაფ სტრუქტურულ ცვლილებებს, შრომის ფუნქციების გადანაწილებას და პროპესიული ცოდნის სწრაფ `ცვეთას~. ამ ვითარებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფოს მიერ უწყვეტი განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტების ყოველმხრივი მხარდაჭერა. უწყვეტი განათლება (სწავლა ცხოვრების მანძილზე) და პროფესიული ადაპტაციისათვის მუდმივი მზადყოფნა დასაქმების მყარ საფუძვლად იქცევა.

• ეკონომიკაში სახელმწიფოს შენარჩუნებული აქვს ქვეყნის უსაფრთხოების, საზოგადოების სოციალური მდგრადობის უზრუნველყოფის როლი (რასაც ვერ გადაწყვეტს ულტრა-ლიბერალური ეკონომიკა);

• ყველა მოქალაქეს აქვს კანონით მინიჭებული ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური უფლებები და თავისუფლებები;

• სახელმწიფო ქმნის პირობებს მთელი მოსახლეობის უმნიშვნელოვანესი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის, რისთვისაც იყენებს განვითარებულ სოციალურ ინფრასტრუქტურას.

• სახელმწიფო მოქნილი, ეფექტიანი საგადასახადო სისტემის მეშვეობით გადაანაწილებს შემოსავლებს ნაკლებად უზრუნველყოფილი მოქალაქეების სასარგებლოდ და ამ გზით არსებობისა და განვითარების საშუალებას აძლევს მათ, ვისაც საბაზრო ეკონომიკა ბედის ანაბარად ტოვებს, ხელს უწყობს საზოგადოების წევრებს შორის სოციალური პასუხისმგებლობისა და სოლიდარობის ჩვევებისა და ტრადიციების დამკვიდრებას

სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკის, სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს ფარგლებში ჩვენ ვუზრუნველყოფთ:

• ინდივიდებისა და თითოეული ოჯახის მინიმალური შემოსავლის გარანტიის შექმნას.

• ინდივიდებისა და ოჯახების ისეთი სოციალური რისკებისაგან დაცვას, როგორიცაა ავადმყოფობა, მოხუცებულობა, უმუშევრობა.

• განურჩევლად სოციალური-ეკონომიკური სტატუსისა და მდგომარეობისა ყველა მოქალაქისათვის საუკეთესო შესაძლო სოციალური მომსახურების შეთავაზებას.

• შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადმიანებისათვის მაქსიმალური სოციალური მომსახურეობის გაწევას და მათ სრულფასოვან ინტეგრაციას საზოგადოებაში.

ჩვენი უმთავრესი მიზანია სოციალური სამართლიანობის დაცვა, რაც ნიშნავს საბაზისო უფლებების გარანტიას, ცხოვრების შანსის თანაბარ განაწილებას, სოციალური რისკების თავიდან აცილებას და ადამიანთა კეთილდღეობის ამაღლებას ეკონომიკური ზრდის, სამეწარმეო საქმიანობისადმი აქტიური მხარდაჭერის, შრომის მწარმოებლურობისა და სამუშაო ადგილების მატების ხარჯზე.

ჩვენი პრიორიტეტული ამოცანაა ეკონომიკის ჰუმანიზაცია, დემოკრატიზაცია და სოციალიზაცია, ისეთი ეკონომიკური მოდელის შექმნა, რომელიც ემყარება თანასწორობისა და ეკონომიკური ეფექტიანობის სიმბიოზსს.

ჩვენ ღრმად გვწამს, რომ საზოგადოებაში ლიბერალური ფასეულობების რეალიზაცია შეუძლებელია, ვიდრე ეკონომიკა ბადებს სიღარიბეს და ზღვარგადასულ უთანაბრობას შემოსავლების განაწილებაში. ამასთანავე, თანასწორობა ეკონომიკურადაც ეფექტიანია, რადგანაც `როცა მდიდრები კიდევ უფრო მდიდრდებიან, ღარიბები კი ღარიბდებიან, ეკონომიკა კვდება~.

ჩვენ წარმოვადგენთ განვითარებაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ესწრაფვის საქართველოს ეკონომიკის მოდერნიზაციას, სოციალური სამართლიანობის, სოციალური პარტნიორობის და სოლიდარობის, ეროვნული ტრადიციებისა და კულტურის შენარჩუნება-გამოყენება-განვითარების საფუძველზე.


გ ა ნ ა თ ლ ე ბ ა

ჰუმანისტური განათლება

განვითარება შეუძლებელია, თუ საზოგადოებაში არ არსებობს სოლიდარობის, ურთიერთთანადგომისა და დაუცველ ფენებზე მზრუნველობის განცდა. ეს განცდა რომ არსებობდეს, ამისათვის საჭიროა, საზოგადოება თვითონ იყოს განმსჭვალული ღირებულებათა შესაბამისი სისტემით. ღირებულებათა ეს სისტემა კი მხოლოდ მიზანმიმართული აღზრდისა და განათლების შედეგად შეიძლება ჩამოყალიბდეს. ამიტომაც, ჩვენი საზოგადოების განვითარებისა და ტრანსფორმაციისათვის აუცილებელია სრულფასოვანი ჰუმანისტური განათლება. ამგვარი განათლება არა მხოლოდ ცოდნისა და ინფორმაციის, არამედ _ ჰუმანისტურ ღირებულებათა სისტემის გათავისებას გულისხმობს.

ერთ-ერთი ძირითადი ღირებულება ადამიანის პიროვნული საწყისის პატივისცემაა. მოყვასის სიყვარული თავის უმთავრეს მცნებად და იმპერატივად კლასიკურმა ჰუმანიზმმა აქცია. სწორედ პიროვნებისადმი ამგვარი დამოკიდებულება გახდა კლასიკური ჰუმანისტური აღზრდისა და განათლების საფუძველი. ამგვარი განათლება გულისხმობს, როგორც ძირითადი კომპეტენციების გამომუშავებას, ასევე გარკვეული პრინციპების გათავისებასა და ცხოვრების შესაბამის წესს.

თანამედროვე ქართულ საზოგადოებას ჰუმანისტური განათლება სჭირდება. ამგვარი აღზრდა, ცხადია, ადამიანის უფლებებისა და სინდისის თავისუფლების აღიარებულ პრინციპებს უნდა ემყარებოდეს. მაგრამ, ამავე დროს, არ უნდა დავივიწყოთ კლასიკური ჰუმანისტური განათლების საფუძველი _ ქართული და ევროპული კულტურის ანტიკური და ქრისტიანული ფესვები როგორც ჩვენი იდენტობის გამოხატულება კულტურათა მუდმივ და მშვიდობიან დიალოგში. მხოლოდ ამგვარი იდენტობის მყარი შეგნებითაა შესაძლებელი მეორე ადამიანისადმი ჭეშმარიტი გახსნილობა და სხვა კულტურებთან დიალოგისათვის მუდმივი მზადყოფნა _ დიალოგისათვის, რომელიც იქნება არა მორიგი პოლიტიკურ-ეკონომიკური კონიუნქტურა, არამედ _ შინაგანი მოთხოვნილება. განათლება უნდა გახდეს ჩვენი საზოგადოების განვითარებისა და ტრანსფორმციის ფორპოსტი.

თანამედროვე საქართველოს საშუალო და უმაღლესი სკოლა უნდა ეფუძნებოდეს ევროპული კლასიკური განათლების მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას, რაც, ცხადია, არათუ გამორიცხავს, არამედ აუცილებლად გულისხმობს, როგორც საუკეთესო ქართული ტრადიციების, ასევე თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევის მთელი სიგრძე-სიგანით გათვალისწინებას.

განათლება, მეცნიერება და ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოება

განათლება არის განვითარების უმთავრესი წინაპირობა. განვითარება იწყება არა ფინანსებით ან მატერიალური რესურსებით, არამედ ხალხით და მათი განათლებით, ორგანიზებული დისციპლინით. განათლება კი არის თანდათანობითი და ხანგრძლივი პროცესი. უფლება განათლებაზე და უწყვეტი სწავლება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რადგანაც განათლება არის ინსტრუმენტი გავლენა მოახდინოს თითოეული მოქალაქის მომავალ შესაძლებლობებზე.

განათლება არის გასაღები სოციალურად თანასწორი და ეკონომიკურად წარმატებული საზოგადოებისა. მცოდნე საზოგადოებას ყავს მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალა, რომელსაც უნდა და შეუძლია მუდმივად განაახლოს თავისი ცოდნა, ჩვევები და შეიძინოს ახალი კვალიფიკაციები. ეს არის არსებითი. განათლება საუკეთესო დაზღვევაა უმუშევრობისაგან. ინვესტირება განათლებაში არის პერსონალური თავისუფლებისა და პოტენციური სოციალური განვითარების შესაძლებლობებში ინვესტირება.

განათლების პრინციპები

• ყველა ინდივიდს აქვს უფლება საფუძვლიანი საბაზისო განათლებისა, რაც უნდა იწყებოდეს რაც შეიძლება ადრეულ ასაკში და აძლევს პიროვნებას თვითდამკვიდრების საშუალებას.

• ყველა პიროვნებას აქვს პროფესიული განათლების, უმაღლესი განათლების, უნარებისა და ცოდნის მიღების უფლება.

განათლების უფლებას აქვს სამი ასპექტი.

• ეს არის ფუნდამენტური (ძირეული) სოციალური უფლება ყველა მოქალაქისათვის.

• ის შეეხება შესაძლებლობების თანასწორობის პრინციპს. არცერთი სოც. ჯგუფი არ უნდა იყოს პრივილეგირებული ან დისკრიმინირებული წარმოშობის ან ეკონომიკური მდგომარეობის გამო.

• სახელმწიფოს ვალია განახორციელოს აქტიური საგანმანათლებო

• პოლიტიკა, რათა რეალიზებული იქნეს ეს უფლება

დახმარება ადრეულ ბავშვობაში

ამ პერიოდში გამოუყენებელი შესაძლებლობები, გაცილებით მეტ ძალისხმევას საჭიროებს მომავალში, ამდენად ამ ასაკში დახმარება საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით მეტად ნაყოფიერია და მომავალი წარმატების საწინდარია. შესაძლებლობების თანასწორობის პრინციპის უზრუნველყოფა მოითხოვს ისეთი საგანმანათლებლო სისტემის არსებობას, რომელიც ყველა ბავშვს, შეუქმნის თანაბარ პირობებს შემეცნებითი შესაძლებლობების შექმნაში.

სკოლა

ბავშვების ზედამხედველობა მთელი დღის მანძილზე არის შესაძლებლობის თანასწორობა დასაქმების თვალსაზრისით, კერძოთ ქალებისთვის. დღის სკოლები ხელს უწყობს მშობლების სრული დროით დასაქმებას და ამით ხელი ეწყობა თანასწორობას.
საჯარო სკოლებში მნიშვნელოვანია ავტონომიური თვითმართველობის განვითარება. ყველა ინდივიდს კი უნდა ესწავლებოდეს დამოუკიდებლობა სწავლასა და მოქმედებაში. მოსწავლეები და მშობლები ჩართული უნდა იყვნენ პედაგოგიურ მუშაობაში. აქედან გამომდინარეობს სკოლის, როგორც ცნების ახალი გაგება – ეს არის ადგილი სადაც მოსწავლეები ერთმანეთს ეხმარებიან კომპეტენციების შეძენაში და ცხოვრების გაძღოლაში. ეს არის სოციალური ფუნქცია სკოლისა.

პროფესიული განათლება

თავდაპირველი საბაზისო პროფესიული განათლება საწინდარია ყველა ინდივიდისათვის შეძლოს მონახოს შესაბამისი სამუშაო და მიაღწიოს პიროვნულ დამოუკიდებლობას. პროფესიული წვრთნის გავლის უფლება აქვს ყველას, მ.შ ცუდი მოსწრების სტუდენტს. ეროვნული პროფესიული განათლების სისტემა საერთაშორისოდ აღიარებული უნდა იყოს. ეს სისტემა გარანტირებულად უნდა მუშაობდეს ეკ. კრიზისების დროს.

საუნივერსიტეტო განთლება

თანამედროვე ცხოვრება, ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოება და ეკონომიკა მოითხოვს უნივერსიტეტ-კურსდამთავრებულთა სულ უფრო მზარდ რაოდენობას. წარმატებული საუნივერსიტეტო განათლება საწინდარია ინდივიდუალური თავისუფლებისა და სოციალური გავლენისა. Gგანათლების პოლიტიკა უნივერსიტეტის დონეზე უნდა ითვალისწინებდეს სოციალურად გაჭირვებული ოჯახებიდან გამოსული ნიჭიერი სტუდენტების ფინანსურ დახმარებას.

შემდგომი განათლება: სწავლა ცხოვრების მანძილზე უნდა იყოს შესაძლებლობა ყველას ვისაც შეუძლია განავითაროს და აიმაღლოს ცოდნა და უნარჩვევები. ამის საშუალებას უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამისი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტები

ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი განათლების სისტემის შექმნას და გონებრივი შრომის მუშაკების ამაღლებას საზოგადოებაში, მათი მატერიალური პირობების და სოციალური სტატუსის გაუმჯობესების საფუძველზე.

მ მ ა რ თ ვ ე ლ ო ბ ა

ჩვენ ვიღწვით თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოსათვის, რომელიც დამყარებულია მოქალაქეთა პოლიტიკურ აქტიურობაზე, სახელმწიფოსთვის, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ მიზნებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოსათვის, რომელიც იცვლება ახალ გამოწვევებთან ერთად და ამტკიცებს მათთან გამკლავების უნარს.
სახელმწიფო მმართველობა უნდა იყოს – პასუხისმგებლური, ანგარიშვალდებული, ეფექტური, რაც უნდა განხორციელდეს წარმომადგენლობისა და მონაწილეობის პრინციპების მეშვეობით.

აუცილებელია მმართველობის დეცენტრალიზაცია, Eრაც უნდა განხორციელდეს ძალაუფლების დაყოფისა და გაზიარების პრინციპების მეშვეობით, რაც გულისხმობს ძალაუფლების დაყოფას, როგორც ჰორიზონტალურ განზომილებაში (საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო), ასევე ვერტიკალურად (ცენტარლური, რეგიონალური, ადგილობრივი მიმაღტულებები).
სახელმწიფოებრივ (ცენტრალურ, ეროვნულ) დონეზე მაქსიმალურად უნდა იქნას უზრუნველყოფილი წარმომადგენლობა, ხოლო ადგილობრივი და საზოგადოებრივი ინსტიტუტების დონეზე – მონაწილეობა.

კომპეტენციათა გადანაწილებამ და მონაწილეობის ფართოდ დანერგვამ უნდა ხელი შეუწყოს გაზიარებული (კონსენსუალური) გადაწყვეტილებების მიღება, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს პასუხისმგებლურ, ანგარიშვალდებულ ეფექტურ მმართველობას.
პირველი და აუცილებელი ნაბიჯი ამ მიმართულებით უნდა იყოს რეალურად წარმომადგენლობითი პარლამენტის ფორმირება.

საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს რეგიონალურ – პროპორციული სისტემით (რეგიონებში წარმოდგენილი სიების საფუძველზე), რაც უზრუნველყოფს, როგორც მოქალაქეთა პროპორციულ წარმომადგენლობას ( რაც აბსოლიტურად უგულველყოფილია დღეს არსებული მაჟორიტარული სისტემის არჩევნებში) და არჩეული პარლამენტის წევრების პასუხისმგებლობსა და ანგარიშვალდებულებას რეგიონის მცხოვრებთა (ამომრჩეველთა) წინაშე.

ამგვარი სისტემა ხელს შეუწყობს რეგიონებში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების გააქტიურებს, რეგიონის მოსახლეობის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ზრდას, შექმნის სტიმულს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის თანამშრომლობისათვის, უზრუნველყოფს საფუძველს ძალაუფლების გაზიარებისა და კონსენსუალური გადაწყვეტილებებისათვის

ხსენებული პრინციპების განმტკიცებისათვის მნიშვნელოვან პოზიტიურ როლს შეასრულებს აგრეთვე პერეფერენციული ხმის მიცემის წესიც, როდესაც ამომრჩეველს შეუძლია ხმა მისცეს რამოდენიმე სუბიექტს რანჟირებულად.
არსებული საპრეზიდენტო სისტემა იწვევს ავტორიტარული მმართველობის (ზეცენტრალიზებული, ზეკონცენტრირებული, პერსონიფიცირებული) ინსტიტუციონალიზირებასა და კონსოლიდირებას, პარლამენტის წარმომადგენლობითი ფუნქციის პრაქტიკულად გაუქმებას, ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი მმართველობის ინსტიტუტების სრულ გაქრობას პოლიტიკურ სისტემაში.

ინსტიტუციონალური არხების არარსებობა, რომლებიც უზრუნველყოფდნენ საზოგადოებრივი ჯგუფების ინტერესების ტრანსლირებას პოლიტიკაში, მოქალაქეებს აქცევს მხოლოდ ამომრჩევლებად, რომელთა ფუნქციაც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისა შემოიფარგლება მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემით.

შედეგად, ევროპული ტიპის კონსტიტუციონალური, წარმომადგენლობითი და მონაწილეობრივი დემოკრატიის ნაცვლად, სახეზეა საბჭოთა ტრადიციის შესაბამისი ე.წ “სახალხო დემოკრატია”, დაფუძნებული დემოკრატიული ცენტრალიზმის პრინციპზე.

ამგვარი სისტემა ხსენებული ხარვეზებისა და სისუსტეების გამო სრულიად ვერ უზრუნველყოფს საზოგადოების ინტერესების შესაბამის სახელმწიფოებრივ მმართველობას და ამავდროულად ვერ პასუხობს ქვეყნის განვითარების წინაშე მდგომ გამოწვევებს.
იგი მეტისმეტად მყიფეა, პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ხელისუფლების ცვლილებას დემოკრატიული გზით (არჩევნების მეშვეობით) და წარმოქმნის შესაძლებლობებს (რისკებს) პოლიტიკური პროცესების რევოლუციური გზით განვითარებისა, რაც საბოლოო ჯამში იწვევს ოლხოკრატიისა და ოლიგარქიული მმართველობის დამკვიდრებისა და განმტკიცების საფრთხეებს.
ამდენად, არსებული საპრეზიდენტო სისტემა უნდა შეიცვალოს საპარლამენტო სისტემით. Pპრეზიდენტის უფლებამოსილება უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ წარმომადგენლობით. აღმასრულებელ ხელისუფლებას ქმნის (აკომპლექტებს) და აკონტროლებს პარლამენტი (შესაძლოა პრეზიდენტი აირჩეს პარლამენტის მიერ).

უაღრესად მნიშვნელოვანია რეალური თვითმმართველობის დამკვიდრება.

ისტორიულად და ლოგიკურად ადგილობრივი დემოკრატიის გარეშე წარმოუდგენელია წარმომადგენლობითი და მონაწილეობრივი მმართველობა.

მაქსიმალური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ყველა შესაძლებელი კომპეტენციების გადაცემა მმართველობის მაქსიმალურად ქვედა დონეებზე.

ადგილობრივი დონის საკითხების განხილვა და გადაწყვეტა უნდა შედიოდეს ადგილობრივი დონის თვითმართველობის ორგანოების კომპეტენციაში, რეგიონული დონის საკითხებისა - რეგიონული თვითმართველობის კომპეტენციაში.

რიგი კომპეტენციები უნდა გადაეცეს საზოგადოებრივ ინსტიტუტებს, რომელნიც ავტონომიურად მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს (საგანმათლებლო სფერო, პროფესიული სფეროები........)
ამგვარი სისტემა უზრუნველყოფს მოქალაქეთა გააქტიურებას და შესაბამისად გაზრდის მათ პასუხისმგებლობას. შექმნის მკვიდრ საფუძველს პასუხისმგებელი, ანგარიშვალდებული და ეფექტური მმართველობისთვის.
სახელმწიფოს მშენებლობისა და ეკონომიკური განვითარების ურთულესი ამოცანების გადასაწყვეტად განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მმართველი კადრების მომზადება-გადამზადებას, მათ შორის არჩევით თანამდებობებზეც.
სახელმწიფო მოხელეთა კორპუსის ჩამოყალიბება, მისი პროფესიული ცოდნისა და ეთიკის ფორმირება, ჩვენ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ამოცანად გვესახება. მოხელეთა ასაკობრივი შემადგენლობის რეგულირება, მათ მიერ პროფესიული ეთიკის ნორმებისა და კანონების დაცვა სახელმწიფოს განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდება. ხელისუფლების ზედა რგოლი კანონებისა და ეთიკური ნორმების დაცვის მაგალითი იქნება.

ოფიციალურად მიღებული პოლიტიკების ერთობლიობის საფუძველზე მართვა, რასაც ჩვენ უპირობოდ მოვითხოვთ, – იმდენად ახალია საქართველოსთვის, რომ საჭირო იქნება არსებული მოხელეების გადამზადება, თითოეულ შემსრულებლამდე პოლიტიკების შინაარსის დაყვანა.

ს ა გ ა რ ე ო პ ო ლ ი ტ ი კ ა

საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ნებისმიერი გადაწყვეტილება, შეთანხმება და პაქტი უნდა გამომდინარეობდეს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან და ამასთანავე არ უნდა აყენებდეს საფრთხის ქვეშ ქვეყნის, მოსახლეობის, სახელმწიფოებრიობის, ეკოლოგიისა და კულტურის უსაფრთხოებას.

საქართველოს ეროვნული ინტერესების განსაზღვრა ხდება ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცედურების მეშვეობით.

საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა დაეყრდნოს არსებულ მსოფლიო რეალიებს, და მომავლის პერსპექტივის გათვალისწინებით ინდა განსაზღვროს ტაქტიკური ორიენტირები. ქართული დიპლომატიის მოქმედების ძირითადი ფორმაა პარტნიორობა და დიალოგი.

პარტნიორულმა ურთიერთობებმა, დიალოგმა უნდა შეარბილოს და შემდეგ აღმოფხვრას კონფლიქტები საქართველოსთან მიმართებაში.

პრინციპები და ამოცანები

• მშვიდობიანი, კეთილმეზობლური ურთიერთობები მეზობლებთან (დსთ, კავკასია, ევროპა, თურქეთი), გლობალურ აქტორებთან (აშშ, რუსეთი).

• საგარეო პოლიტიკის დეიდეოლოგიზაცია

• საგარეო პოლიტიკის პრაგმატულობა და მოქნილობა

• მონისტური, გლობალისტური წესრიგის ნაცვლად რეგიონალიზმის წინწამოწევა და კერძოდ ღია ევროპული რეგიონალიზმის დამკვიდრება _ ამ პრინციპების მხარდაჭერა საქართველოს მიერ

• ევროკავშირში გაწევრიანება - როგორც საშუალება ქართული სახელმწიფოს განვითარებისა და კულტურული იდენტობის შენარჩუნებისთვის. ევროკავშირში წევრობა უზრუნველყოფს ქართულ საზოგადოებაში დემოკრატიული მმართველობის კულტურის გამყარებას, განვითარებასა და ქართველთა ახალი თაობის განვითარებას.

• კონფლიქტებთან მიმართება _ მშვიდობა, თანამშრომლობა, სადაო პოლიტიკური საკითხების გადავადება მხარეებთან ურთიერთობაში საკმარისი ურთიერთნდობის გაჩენამდე.

კონფლიქტებთან მიმართება

• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სამართლებრივი დაცვა საერთაშორისო არენაზე.

• სამართლებრივი ბრძოლა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებისთვის.

• უარი ძალის გამოყენებაზე ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარებისას

• აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის უსაფრთხოების პოლიტიკური გარანტიების უზრუნველყოფა.

• მორატორიუმი კონფლიქტური ტერიტორიების სტატუსის განსაზღვრაზე

• კონტაქტების უპირობო აღდგენა აფხაზებთან და ოსებთან ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში

• კონფლიქტური ზონების დემილიტარიზაცია

• რევანშიზმის უარყოფა

• აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ისევე როგორც აფხაზი და ოსი ხალხი წარმოადგენენ საქართველოს განუყოფელ ნაწილებს და სარგებლობენ ყველა იმ უფლებითა თუ პრივილეგიით, რომლითაც საქართველოს სხვა დანარჩენი ხალხები და ტერიტორიები.

• დაუშვებელია აფხაზი და ოსი ხალხის (როგორც საქართველოს მოქალაქეების) მიმართ აგრესიული და რევანშისტული დამოკიდებულება.

• საქართველო, მიუხედავად სტატუსთან დაკავშირებული უთანხმოებისა, მზად უნდა იყოს და ხელს უწყობდეს აფხაზ და ოს ხალხებთან მშვიდობიან, კეთილმეზობლურ და ინტენსიურ ეკონომიკურ, სოციალურ, ჰუმამანიტარულ, კულტურულ და საგანმანათლებლო ურთიერთობებს.
ტერიტორიების სტატუსთან დაკავშირებული საკითხის განხილვა უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც აღდგება ნდობა ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის.

No comments:

Post a Comment