Sunday, May 9, 2010


ვაქციოთ ომი ისტორიად!

მოძრაობა „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ ულოცავს მე-2 მსოფლიო ომის მონაწილე ყველა ვეტერანს დიდი ომის დასრულების 65-ე წლისთავს.
            65 მშვიდობიანი წელი უპრეცენდენტო პერიოდია ევროპის კონტინენტისთვის. სამწუხაროდ ეს ეხება ძირითადად დასავლეთ ევროპას, რომლისთვისაც ომი უკვე ისტორიაა. აღმოსავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცესა  და კონკრეტულად საქართველოში ომი სამწუხაროდ არ იქცა ისტორიად. ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველო ვერ ასცდა კაცობირიობის მიერ შობილ ამ უბედურებას.
            დასავლეთ ევროპის ომისშემდგომმა ეპოქამ თვალნათლივ დაადასატურა მშვიდობის უცილობელი უპირატესობა _ საზოგადოების განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა, სამართლიანობის დამკვიდრება და სახელმწიფოთა პროგრესი, მიუხედავად წინააღმდეგობებისა ევროპის ხალხთა შორის. ყველა ეს სიკეთე უპირობოდ უკავშირდება მშვიდობას.
            დღევანდელი საქართველოს განვითარება წარმოუდგენელია მშვიდობის უპირობო პრიორიტეტად აღიარების გარეშე. ჩვენს წინაშე მდგომი ყველა პრობლემა არათუ უნდა გადაიჭრას მშვიდობით, არამედ არასდროს არ გადაიჭრება არამშვიდობიანი გზებით.
            მე-2 მსოფლიო ომში ფაშზმთან მებრძოლთა თავგანწირვა და გაღებული მსხვერპლი იყო მსხვერპლი გაღებული მშვიდობისთვის. ომის პერიოდში ერთმანეთთან დაპირისპირებულმა ხალხებმა და სახელმწიფოებმა 65 წლის წინ გაიზიარეს პრობლემების მოგვარებაში ომის უპერსპექტივობა და შემდგომი მოქმედებებით დაადასტურეს მშვიდობის უალტერნატივობა. დღეს, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა შთამომავლებს აღმოსავლეთ ევროპაში, პოსტსაბჭოურ სივრცესა და საქართველოში ეკისრებათ ვალდებულება ასევე გაითავისონ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, რომ ომი, როგორც პრობლემების გადაწყვეტის საშუალება საბოლოოდ უნდა იქნეს დაგმობილი და გადაეცეს ისტორიას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღევანდელი თაობის დამოკიდებულება და მადლიერება მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეთა მიმართ იქნება მხოლოდ სიმბოლური და შინაარსისგან ცარიელი ჟესტი.
„სოციალ- დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ მოუწოდებენ ქართულ საზოგადოებას და განსაკუთრებით ახალგაზრდობას, უარი თქვან ომის, როგორც სახელმწიფოს წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების საშუალებისგან.

„სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“                    09.05.2010


No comments:

Post a Comment