Wednesday, December 22, 2010

ჯანდაცვისა და საპენსიო ხარჯების მდგომარეობა საქართველოში

ჯანდაცვისა და საპენსიო ხარჯების
მდგომარეობა საქართველოში  

I. ჯანდაცვის ხარჯები
      ბოლო წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის კვალობაზე საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე გაღებული ხარჯებიც გაიზარდა. აბსოლუტურ განზომილებაში ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მოცულობა 2010 წელს 2000 წელთან შედარებით გაიზარდა 9.2–ჯერ – სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების 6.3–ჯერ ზრდისა და ნომინალურ განზომილებაში მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 3.1–ჯერ ზრდის პირობებში.    აღნიშნული წინსწრების გამო ჯანდაცვაზე ხარჯების თანაფარდობა ბიუჯეტის ხარჯებთან გაიზარდა 1.5 პროცენტული პუნქტით – 3.4 პროცენტიდან 4.9 პროცენტამდე, ხოლო მთლიან შიდა პროდუქტთან, შესაბამისად, – თითქმის სამჯერ, ანუ 1.2 პროცენტული პუნქტით – 0.63 პროცენტიდან 1.84 პროცენტამდე.
   ამასთან,  ჯანდაცვაზე მთლიანად გაღებული ხარჯების თანაფარდობით მთლიან შიდა პროდუქტთან (8.2%) საქართველო ჩამორჩება საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს (9.7%), უსწრებს საშუალოდ განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებს (6.4%), მაგრამ საგრძნობლად ჩამორჩება მაღალგანვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებს (11.2%). მსოფლიოში ამჟამად ორ ათეულ სახელმწიფოზე მეტში ჯანდაცვის მთლიანი ხარჯების თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან ორნიშნა რიცხვით გამოისახება. აშშ-ში (15.7%) მხოლოდ ჯანდაცვაზე  გაღებული ხარჯების მოცულობა (7285$) 3–ჯერ აღემატება საქართველოში მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას. შედეგად: დღეისათვის აშშ საქართველოს უსწრებს ეკონომიკურად (ერთ სულზე წარმოებული შიდა პროდუქტით) –  19.1–ჯერ, ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯებით კი ფაქტობრივად ორჯერ მეტად – 38.1–ჯერ.
    კიდევ უფრო არასახარბიელო მდგომარეობაა შედარების თვალსაზრისით საზოგადოებრივ ჯანდაცვაში. საქართველოში სახელმწიფოს მიერ გაღებული ხარჯები ჯანდაცვაზე პროცენტობით ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან 2007 წელს შეადგენდა მხოლოდ 1.5 პროცენტს, მაშინ როდესაც საშუალოდ მსოფლიოში აღნიშნული მაჩვენებელი 5.8 პროცენტია, მათ შორის დაბალგანვითარებულ ქვეყნებში – 2.2%, საშუალოდგანვითარებულ ქვეყნებში – 3.5% და მაღალგანვითარებულ ქვეყნებში – – 6.7%. ანუ გამოდის, რომ აღნიშნული ინდიკატორით ჩვენ დაბალგანვითარებულ ქვეყნებსაც კი ჩამოვრჩებით. აღნიშნული მაჩვენებელი საფრანგეთში 8.7%–ია, დანიაში – 8.2%, გერმანიაში – 8.0%, აშშ–ში – 7.1%, გაერთიანებულ სამეფოში – 6.9%, საბერძნეთში – 5.8%, უკრაინაში – 4.0%, სამხრეთ აფრიკაში – 3.6%, რუსეთში – 3.5%, ჩინეთში – 1.9%... მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 170 ქვეყნიდან საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე გაღებული ხარჯების წილით საქართველო 149–152–ე ადგილებს იყოფს იემენთან, ტოგოსა და ერიტრეასთან.  მოსახლეობის ერთ სულზე საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე გაღებული ხარჯებით საქართველო აშშ–ს ჩამორჩება ასტრონომიულად – 94.6–ჯერ (შესაბამისად, 35$ და 3317$)
    ამგვარი ჩამორჩენის ძირითადი მიზეზი ჯანდაცვაზე გაღებულ საერთო ხარჯებში სახელმწიფოს უაღრესად დაბალი წილია. – ამ მაჩვენებლით საქართველო ერთერთ ბოლო ადგილზეა მსოფლიოში – 18.4%) – რაც საშუალო მსოფლიო დონეზე 3.2–ჯერ დაბალია  (საშუალოდ მსოფლიოში – 59.6%). სახელმწიფო ხარჯებიდან ჯანდაცვაზე გაღებული ხარჯების წილით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის ბოლოდან მესამე ადგილზეა, უსწრებს რა მხოლოდ გვინეას (11.0%) და  მიანმას ( 11.7%).
    ასევე, საქართველოში საგრძნობლად დაბალია სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვაზე გაღებული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში – მხოლოდ 4.2% (საშუალოდ მსოფლიოში – 15.4%).
    საქართველოში ჯანდაცვაზე გაღებული მთლიანი ხარჯების თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან დაახლოებით 1.5 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება ანალოგიურ საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს (შესაბამისად, 8.2% და 9.7%).  ამასთან, თუ მხედველობაში მივიღებთ  მხოლოდ ხარჯებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხაზით, ჩამორჩენა კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება. ამ ინდიკატორით საქართველო ჩამორჩება საშუალო მსოფლიო დონეს 3.9–ჯერ და მაღალგანვითარებულ ქვეყნებს – 4.5–ჯერ.
    ამასთან, მოსახლეობის ერთ სულზე ჯანდაცვაზე გაღებული ხარჯებით,  ჩამორჩენა შეადგენს დაახლოებით 4.2 ჯერადს (შესაბამისად, 191 დოლარი და 802 დოლარი), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხაზით გაღებული ხარჯებით კი – გაცილებით მეტს 13.7–ჯერადს (შესაბამისად, 35 დოლარი და 478 დოლარი).   საქართველო საზოგადოებრივი ჯანდაცვის წილით მთლიან შიდა პროდუქტში  (1.5%) თითქმის 4–ჯერ ჩამორჩება საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს (5.8%) და თითქმის 4.7–ჯერ – აშშ–ს (7.1%).
   მოსახლეობის ერთ სულზე ჯანდაცვაზე გაღებული ხარჯებით საქართველო ჩამორჩება ნორვეგიას – 38.5–ჯერ, აშშ–ს 38.1–ჯერ, დანიას – 29.1–ჯერ, ლუქსემბურგს – 38.9–ჯერ, საბერძნეთს – 14–ჯერ, ბალტიის ქვეყნებს – 4.0–4.0–ჯერ თითოეულს. აღსანიშნავია, რომ    ვალუტის მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით საქართველო ჩამორჩება მაღალგანვითარებულ ქვეყნებს ჯანდაცვაზე  გაღებული ხარჯებით ზუსტად 35.0–ჯერ, რაც ჯერადად მაღალია საქართველოს ამ ქვეყნებისაგან ეკონომიკურ ჩამორჩენაზე (7.6–ჯერ). 
   ჯანდაცვის სფეროში სადაზღვევო სისტემის განუვითარებლობა გამოიხატება იმაშიც, რომ უშუალოდ მოსახლეობის მიერ ჯანმრთელობის დაცვაზე გადახდილი თანხების 86.8 პროცენტი ხორციელდება ნაღდი ფულით, რაც ფაქტობრივად 2–ჯერ აღემატება საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს (43.9%).
   ამრიგად, ჯანდაცვის მდგომარეობა, შესაბამისი ხარჯების მოცულობა საქართველოში საკმაოდ არადამაკმაყოფილებელია და არ შეესაბამება არა თუ განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნების დონეს, არამედ თავად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს, იგრძნობა სახელმწიფოს გარკვეული დისტანცირება ჯანდაცვის პრობლემებისაგან, რის გამოც ჩვენი ჩამორჩენა საშუალო მსოფლიო დონესთან შედარებით გაცილებით დიდია, ვიდრე ეკონომიკური ჩამორჩენა. ჯანდაცვის ხარჯების ფაქტობრივი გადაკისრება მოსახლეობაზე არა მარტო მძიმე ტვირთად აწვება შინამეურნეობათა ბიუჯეტებს, არამედ აღარ უტოვებს მათ საკმარისს და საჭირო რესურსს ეკონომიკური საქმიანობისათვის და შეიცავს ეკონომიკური ზრდისა და განვითარების შემაფერხებელ სულ უფრო მზარდ ნეგატიურ, კუმულატიურ მუხტს. 


II. საპენსიო უზრუნველყოფა
    ჯერჯერობით საკმაოდ არასახარბიელოა საქართველოში პენსიონერთა მატერიალური მდგომარეობაც.
   ერთი შეხედვით, პროგრესი აქ თვალშისაცემია:. 2003 წელთან შედარებით 2010 წლისთვის საშუალო პენსიის სიდიდე გაზრდილია 6.1-ჯერ. ბოლო ექვსი წლის მანძილზე შინამეურნეობებში საპენსიო შემოსავლების ზრდა 2.2-ჯერ აღემატებოდა დანარჩენი შემოსავლების ზრდას.  შედეგად,  საშუალო პენსიის თანაფარდობა საარსებო მინიმუმთან გაიზარდა 1/5–დან 2/3–მდე. შედეგიც თვალშისაცემია: თუ 2003 წელს ერთი თვის საშუალო პენსიით შესაძლებელი იყო 2.7 კგ საქონლის ხორცისა ან 14 კგ პურის შეძენა, 2010 წელს უკვე 11 კგ ხორცის ან თითქმის 60 კგ პურის შეძენა შეიძლება. საშუალოდ, 2010 წელს 2003 წელთან შედარებით პენსიის 6.1–ჯერადი ზრდის პირობებში საშუალო პენსიის მსყიდველობითი უნარიანობა მხოლოდ 3.0–ჯერ გაიზარდა.
   ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ზრდის მიუხედავად, პენსია ჯერაც საგრძნობლად ჩამორჩება საარსებო მინიმუმმაშინ, როდესაც საშუალო ხელფასი უკვე 4.5-ჯერ აღემატება საარსებო მინიმუმს. საარსებო მინიმუმზე ნაკლები სიდიდის პენსია კი ფაქტობრივად მხოლოდ სოციალური დახმარების ფუნქციის მატარებელია. ამჟამინდელი პენსია პენსიონერთა ოფიციალური საარსებო მინიმუმის დონეზე არსებობისთვისაც კი "საკმარისია" თვეში მხოლოდ ოცი დღის განმავლობაში. შესაბამისად, ყოველი თვის ერთი დეკადის მანძილზე პენსიონერთა მოხმარება, ფიზიკური არსებობა მთლიანად მათსავე "მარიფათსა" და ახლობლების დახმარებაზეა დამოკიდებული.
     ბოლო წლებში სურსათზე  ფასების ზრდა მნიშვნელოვნად უსწრებდა ფასების საერთო ზრდას - თუ 2010 წლის ნოემბერში 2003 წლის დეკემბერთან შედარებით, ინფლაციამ შეადგინა 70.8 პროცენტი, სურსათზე ფასებმა იმავე პერიოდში მოიმატა 220.4 პროცენტით, ანუ 1.7-ჯერ და მეტად. ამავე დროს, კვებაზე, სურსათზე უფრო მეტი ეხარჯება მათ, ვინც უფრო დაბალშემოსავლიანია, ანუ პენსიონერებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ფასების ზრდა, ინფლაცია პენსიონერების მდგომარეობაზე გაცილებით უფრო მძიმედ აისახებოდა, ვიდრე საშუალოდ და მით უფრო, დანარჩენ მოსახლეობაზე. აღსანიშნავია, რომ იმავე პერიოდში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა თითქმის 4-ჯერ, ხოლო ელექტროენერგიისა - 1.6-ჯერ. შესაბამისად, 2010 წლის ოქტომბრის პენსიის მსყიდველობითი უნარიანობა 2003 წლის დეკემბრის ფასებით მხოლოდ 40–42 ლარის ეკვივალენტურია.
    ბოლო წლებში პენსიის არსებითი ზრდის მიუხედავად, საშუალო ხელფასთან თანაფარდობა საქართველოში ჯერადად დაბალია, ვიდრე ეს იყო ამ ორი ათეული წლის წინათ. - ამჟამინდელი პენსია პროცენტებში საშუალო ნეტო ხელფასთან (საშუალო დარიცხულ ხელფასს გამოკლებული საშემოსავლო გადასახადი) 1990 წლის მაჩვენებელს თითქმის 2-ჯერ ჩამორჩება (1990 . - 36.7%; 2009 . - 19.0%).
    ამჟამინდელი საშუალო პენსია თავისი მსყიდველობითი უნარიანობით ორი ათეული წლის წინანდელი მინიმალური პენსიის დაახლოებით 45 პროცენტის ეკვივალენტურია.
    ეხლანდელი პენსიონერები ჩამორჩებიან "მაშინდლებს" არა მარტო მიმდინარე შემოსავლებით, არამედ დაგროვილი, გადანახული ფინანსური რესურსებითაც. - ამ ორი ათეული წლის წინანდელი საშუალო პენსია თითქმის უტოლდებოდა მაშინდელ საარსებო მინიმუმს, ხოლო პენსიონერთა დეპოზიტების საშუალო სიდიდე 22-ჯერ აღემატებოდა საარსებო მინიმუმს. დღეისათვის პენსიონერთა საშუალო პენსია თითქმის 35 პროცენტით ჩამორჩება საარსებო მინიმუმს, ხოლო პენსიონერთა დეპოზიტების საშუალო სიდიდე 2-ჯერაც ვერ აღემატება მათს ამჟამინდელ საარსებო მინიმუმს. თუკი მაშინ პენსიონერთა დეპოზიტების მთლიანი თანხა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 20 პროცენტს აღემატებოდა, დღეისათვის იგი მხოლოდ 1-1.5 პროცენტია. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ 1990-იანი წლების შემდეგ ბევრ პენსიონერს მიმდინარე მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მოუწია უძრავი ქონების ელემენტების (პირველ რიგში ბინის, სახლის) გაყიდვა, ან შედარებით მცირე ფართობის ან ნაკლებად კომფორტულ საცხოვრისში გადასვლა, რათა "ნამეტი" ფართობის რეალიზაციიდან მიღებული თანხით საკუთარი და ოჯახის დანარჩენი წევრების სურსათში მიმდინარე მოთხოვნილებები დაეკმაყოფილებინა.
      დღეისათვის საქართველოს მეზობელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მაღალი საპენსიო ასაკობრივი თასმა და ყველაზე დაბალი საშუალო პენსია აქვს. - თუ საქართველოში იგი 48 აშშ დოლარია, სომხეთში - დაახლოებით 65 დოლარი, აზერბაიჯანში - 125 დოლარი, ხოლო რუსეთის ფედერაციაში - 240 აშშ დოლარი. ამასთან, საშუალო ხელფასთან საშუალო პენსიის თანაფარდობითაც ჩვენ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით ზემოჩამოთვლილ ქვეყნებს: საქართველო - 15.2%, სომხეთი - 20.1%, აზერბაიჯანი - 33.2%,  რუსეთის ფედერაცია - 36.6%. ცნობისათვის: ოპტიმალური პენსიის ხელფასთან ოპტიმალური  თანაფარდობა შეადგენს 40 პროცენტს.
   კიდევ ერთი საგულისხმო მონაცემი: საარსებო მინიმუმის ღირებულება  საქართველოში რუსეთის ფედერაციის მხოლოდ 43.3 პროცენტია. საშუალო პენსიით რუსეთში იფარება საარსებო მინიმუმის 165 პროცენტი, საქართველოში კი – მხოლოდ 67 პროცენტი.



No comments:

Post a Comment