Friday, December 10, 2010

სოფლის პრობლემები საქართველოს მთიანეთში

ქართული სოფელი: პრობლემები და პერსპექტივები
კონფერენცია
26 სექტემბერი, თბილისი, სასტუმრო ,,ვერე პალასი“
სოფლის პრობლემები საქართველოს მთიანეთში
(რაჭის მაგალითი)
დემოგრაფია
მთა საქართველოსთვის ყოველთვის წარმოადგენდა ბუნებრივ ფარს, იგი მეტად იყო დაცული მტერთა შემოსევებისგან. ბუნებრივი მატებისათვის აქ უფრო უკთესად იყო პირობები შექმნილი, ამასთან მთის მოსახლება ასრულებდა მესაზღვრის ფუნქციას, ინაჩუნებდა ეროვნულ გენოფონდს, რომელიც შემდგომ ავსებდა გაპარტახებული ბარის მოსახლეობას.
ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს რაჭიდან დაწყებული მიგრაცია უარყფითად შეაფასა ილია ჭავჭავაძემ და სთხოვა ქართველ ინტელიგენციას, ბურჟუაზიას გამოძებნილიყო სახსრები და რაჭის ჭარბი მოსახლეობა ჩაესახლებინათ საქართველოს ბარში, კერძოდ კახეთსა და ქართლში.
1886 წლის აღწერით რაჭის მაზრის მოსახლეობა (დღევანდელი ონისა და ამბროლაურის რაიონები) შეადგენდა 78,0 ათას ადამიანს. სასოფლო-სამეურნეო მიწების სიმცირის გამო რეგიონს უჭირდა ჭარბი მოსახლეობის გამოკვება, რის გამოც აქაურმა მოსახლეობამ მასიურად დაიწყო გადასახლება ჩრდ. კავკასიაში.
საინტერესოა ისიც, რომ ამ პერიოდში მიწა ყველაზე ძვირად რაჭის რეგინში ღირდა.
რეგიონმა რამდენიმე მიგრაცია განიცადა: მათ-შორის მე-19 საუკუნის ბოლოდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ჩრდილო კავკასიაში, ამერიკის კონტინეტზე და შEდარებით მცირედ ევრიპაში.
მე-20 საუკუნის 30- 40-იან წლებში სახელმწიფოს ჩარევით კახეთში, აფხაზეთსა და მესხეთ-ჯავახეთში.
60- 70- იან წლებში მასიურად დაიწყო ახალგაზრდების გადინება დიდი ქალაქებისაკენ თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი.
დამოუკიდებლობის წლებიდან კი ევროპაში, ამერიკაში და განსაკუთრებით რუსეთში.
2002 წლის აღწერით რაჭის რეგიონში მყოფი მოსახლეობა ორივე რეგიონში შეადგენდა 19,0 ათასამდე ადამიანს, საიდანაც თითქმის 50% -ზე მეტი პენსიონერ იყო.
ფაქტიურად 70-იანი წლებიდან იწყება რეგიონში მოსახლეობის ბუნებრივი კლება, გარდაცვალებამ გადააჭარბა დაბადებას.


მცირე მაგალითი:

2004 წელს ონის რაიონში დაიბადა 39 ბავშვი, ხოლო გარდაიცვალა 293 ადამიანი.
ამბროლაურის რაიონში დაიბადა 107 ბავშვი, ხოლო გარდაიცვალა 416 ადამიანი.
მიმდინარე წელს სკოლაში მოვიდა ონის რაიონში 31 ბავშვი.
ამბროლაურის რაიონში 112 ბავშვი.

რამდენიმე მაგალითი:
სოფელი ღები – რაჭის ყველაზე ბოლო სოფელი რფ-ს საზღვარზე

გასული საუკუნის 70-იან წლებში სკოლაში სწავლობდა 650-მდე მოსწავლე, დღეისათვის მხოლოდ 45 ბავშვია.
1928 წელსქართველი ეთნიგრაფის ს. მაკალათიას ცნობით თემში (ღები, გონა, ჩვეშო, თევრეშო) ცხოვრობდა 800-მდე კომლი, 6,0 ათასამდე მოსახლეობით, დღეისათვის აქ მხოლოდ 180-მდე კომლია 320 სულით, მათ შორის 2 საფეხურიანი (იქ სადაც ორი თაობა და მეტი ცხოვრობს) მხოლოდ 70-მდეა.
მდინარე ჯეჯორის ხეობის 14 სოფელში, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება კონფლიქტის რეგიონს (ე.წ სამხრეთ ოსეთი) ჯავის რაიონს დარჩა 1 საშუალო სკოლა, სადაც მხოლოდ 24 ბავშვი სწავლობს. 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაიხურა წედისისა და ქვედის დაწყებითი სკოლები.
შეიძლება ითქვას, რომ დღეის მდგომარეობით, რაჭის რეგიონი დემოგრაფიულად მკვდარი რეგიონია.
ერთადერთი ქვემო რაჭაში ხვანჭკარის რეგიონი ინარჩუნებს შედარებით სტაბილურობას.

მიწის რესურსი
მიუხედავად იმისა, რიომ რაჭის რეგიონი მდიდარია მიწის რესურსებით, ს/სამეურნეო მიწები აქ მაინც მცირეა. მიწის უდიდესი ნაწილი 160,0 ჰა-მდე დაკავებული აქვს ტყეებს. ს/სამეურნეო ფართობები შედგენს დაახლოებით 85,0 ათას ჰა-ს, საიდანაც 80% მოდის სათიბსა და საძოვრებზე. უშუალოდ ს/სამეურნეო კულტურებსა და სახნავ-სათეს მიწებს უჭირავს 6,5 ჰა-მდე.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 40 წლის განმავლობაში ს/სამეურნეო მიწების დიდი ნაწილის გატყევება მოხდა თითქმის 30,0 ათას ჰა-ზე მეტი, მათ შორის ონის რაიონში 17,0 ათას ჰა-ზე მეტი.
განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო ს/სამეურნეო მიწების გატყევება 70-იანი წლების ბოლოს, როდესაც გაუქმდა კოლმეურნეობები, შემცირდა მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობა და ნათესი ფართობები. დღეისათვის სათესი ფართობების თითქმის 70% გადასულია სათიბ-საძოვრებზე.
70-80-იან წლებში მარტო ონის რაიონიდან 5,0 ათას ტონაზე მეტი ხილი ბარდებოდა საკონსერვო ქარხნებს (როგორც კულტურული, ასევე ველური ჯიშები).
თითქმის აღარ ითესება მარცვლეული კულტურები: სიმინდი, ლობიო და რაც ითესება, ისიც მხოლოდ პირადი გამოყენებისათვის, მისი მცირედი ნაწილი მიდის ბაზარზე, დაახლოებით 10-15%.
ბოლო წლებში ერთადერთი პროგრესი იგრძნობა ხვანჭკარის ზონაში, სადაც დაიწყო ახალი ვენახების გაშენება – ბოლო 15 წლის მანძილზე გაშენდა 200 ჰა-ზე მეტი ახალი ვენახი, გაიხსნა ორი ახალი ღვინის ქარხანა.

ოდნავი წინსვლაა მეფუტკრეობაში, ბოლო წლებში გაიზარდა ფუტკრის ოჯახების რაოდენობა და მარტო ონის რაიონში 2000 ოჯახს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბაზარზე რაჭული თაფლი ყველაზე ძვირია. ადგილზე 1 კილოგრამის ფასი 15-18 ლარის ფარგლებში მერყეობს.
რეგიონში მისი რესურსებიდან გამომდინარე შესაძლებელია ფუტკრის ოჯახების რაოდენობა 6000 ოჯახამდე გაიზარდოს.
კატასტროფული მდგომარეობაა მეცხოველეობაში. რეგიონი, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქტების უდიდეს ნაწილს მეცხოველეობის პროდუქტი წარმოადგენდა, დღეისათვის სამრეწველო თვალსაზრისით ფაქტიურად მკვდარია. ონის რაიონის მაგალითი: მსხვილფეხა პირუტყვის სულადობა 1990 წლიდან 1996 წლამდე 8,6 ათასი სულიდან თითქმის 16,0 ათას სულამდე გაიზადრა. ამ წლიდან იწყება მასიური შემცირება. დღეისათვის რაიონში მისი რაოდენობა 5,0 ათასზე ნაკლებია.
მეღორეობა – 1987 წელს იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებლი – მარტო კოოპერაციულმა სექტორმა დაამზადა 160 ტონაზე მეტი ტრადიციული რაჭული ლორი, რაც ცოცხალ წონაში თითქმის 370 ტონაზე მეტია, ამის გარდა სახელმწიფოს ჩაბარდა 200 ტონაზე მეტი ცოცხალი ხორცი.
დღეის მდგომარეობით ზოგადი გათვლით (რადგან სტატისტიკა აღარ არსებობს), ონის რაიონში, კერძო გლეხურ მეურნეობაში ძალიან მცირე რაოდენობით, დაახლოებით 2000 სულამდეა შემორჩენილი ღორი. 2 წლის უკან ჭირმა თითქმის 80%-ით გაანადგურა ღორის სულადობა.
რეგიონის მოსახლეობის დასაქმებაში და მათი შემოსავლების ფორმირებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სატყეო სექტორს, სადაც წვრილ საწარმოებში (სახერხები, საამქროები) ტექნიკაზე (ტრაქტორები, ხე-ტყის მზიდები) დასაქმებული იყო ურავის, რიცეულის, თლუღის Mმთლიანად ონის რაიონის შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის 20%.
მინდა იცოდეთ, რომ ტყეთმოწყობის მასალებით რეგიონის ტყის შემატების ყოველწლიური რესურსი შეადგენს 330,0 ათას მ3 –ზე მეტს. ბოლო 15 წლის მანძილზე მთელ რეგიონში სამსალე ხე-ტყის ჭრა წელიწადში არ ასცილებია 11 ათას მ3. მათ შორის ონის რაიონში ყველაზე მაღალი იყო 2001 წელი – 4.5 ათასი მ3. საშეშე ხე-ტყე საშუალოდ რეგიონში იჭრება 60 ათასი მ3-ის ოდენობით – ერთი ოჯახი (კომლი) საშუალოდ წლიურად მოიხმარს 7 მ3 საშეშე ხე-ტყეს.
წლების განმავლობაში რეგიონში იყოს პრაქტიკაში დანერგილი რომ ადგილობრივ მოსახლეობაზე კომლზე იცემოდა (ძირითადი იქ სადაც სამასალე ხე-ტყე იჭრებოდა) 5-10 მ3 – სამასალე ხე-ტყე პირადი საჭიროებისათვის საიდანაც 80% ხვდებოდა ბაზარზე – რითაც მოსახლეობის მცირე შემოსავალი ჰქონდა. დღეს ეს თითქმის მთლიანად აკრძალულია, გადასულია კომერციულ სექტორზე. გლეხმა, მცირე მეწარმემ დაკარგა შემოსავლის წყარო. ადგილობრივ მეწარმეს არა აქვს იმის ფინანსური საშუალებები, რომ მსხვილი ტენდერებში მიიღოს მონაწილეობა.
სტრუქტურული პრობლემები
ძალიან ცუდი შედეგი მოიტანა მთის რეგიონებისათვის კონსტიტუციიდან მთის რეგიონებზე განსაკუთრებული მუხლის ამოღებამ და აქედან გამომდინარე “შეღავათები მთის რეგიონისათვის” კანონის გაუქმებამ. ასევე პირველი დონის თვითმართველობის (სოფლის, თემის) გაუქმებამ. იკარგება თემის, სოფლის ტრადიციული, ისტორიული საზღვრები. სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს დაეპატრონოს სოფლის საკუთრებას მიწებს, ტყეებს – განსაკუთრებით ცუდად შემოუტრიალდა რაჭის სოფლებს თითქმის კოლექტიურად მიღებული გადაწყვეტილება საერთო საკუთრებაში დაეტოვებინათ სოფლის კუთვნილი სათიბები და საძოვრები, ეს მიწები დღეს უკვე გაცხოველებული ვაჭრობის საგანი გახდა სახელმიწფოს მხრიდან.
შეცდომა იყო დაშვებული ონის რაიონში როდესაც სასოფლო (საკოლმეურნეო ე.წ.) ტყეები მოვლა–პატრონობისათვის თითქმის 18 ათასი ჰა გადავიდა სახელმწიფო საკუთრებაში.
მცირე ფინანსური შესაძლებლობების გამო ადგილობრივი კვალიფიციური მეწარმეები თითქმის ვერ იღებენ მონაწილეობას ადგილობრივ ტენდერებში (მშენებლობა, ნაპირსამაგრი სამუშაოები, ტყით სარგებლობა) ყველა ტენდერში იგებენ მსხვილი ფირმები, მათი მხრიდან კი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება ფაქტიურად არ ხდება, რაც იწვევს კვალიფიციური კადრების გადინებას რეგიონიდან.
ინტელექტუალური პროგრამები
სკოლების მასიურმა გაუქმებამ, საბიუჯეტო სექტორის თითქმის მთლიანად მოსპობამ სოფლებში გამოიწვია ის რომ მასიურად გაედინება სოფლებიდან ინტელექტუალური რესურსი, აღარ დარჩა აგრონომი, ზოოინჟინერი, ვეტერინარი, ინჟინერი.
გამოსწორების გზები
1. სახელმწიფო პროტექციონისტური პოლიტიკა საქართველოს მთის რეგიონებისათვის, რაც უნდა გამოიხატოს პირველ რიგში ახალი კანონით „მთის რეგიონებისათვის შეღავათების მინიჭებით“ სადაც აუცილებლად უნდა იყოს:
1. შეღავათები საგადასახადო კუთხით;
2. მრავალშვილიანი ოჯახების წახალისება;
3. სოფლების ს/სამეურნეო ტექნიკით უზრუნველყოფა;
4. პედაგოგებისათვის, ექიმებისათვის, ს/მეურნეობის მუშაკებისათვის შეღავათების დაწესება;
5. უფასო ვეტერინარული მომსახურეობა;

2. ხელშეწყობა სამეურნეო სექტორს, სადაც გათვალისწინებული იქნება:
1. გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა-მოქმედება, მათ შორის; ხილის, ველური ხილის, რესურსების გადამუშავება, მეცხოველეობის ხელშეწყობა;
სამკურნალო მცენარეების (რითაც განსაკუთრებით მდიდარია რაჭის ალპური ზონა) ტყის რესურსების გადამამუშავებელი წარმოება;
სანერგე მეურნეობის შექმნა (კაკალი, თხილი, წაბლი, აკაცია, ცაცხვი, კავკასიური სოჭი, ურთხმელი, ბზა და სხვა უნიკალური ჯიშები);
ტურიზმისა და საკურორტო მეურნეობის ხელშეწყობა;
ბუნებრივი მინერალური რესურსების გადამუშავება (მინერალური წყალი, ქვა, ბარიტი);
2. გლეხური მეურნეობების გაძლიერება განსაკუთრებით იმ სოფლებში სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია ორსაფეხურიანი ოჯახები და იზრდება მომავალი თაობები.

ვასილ მეტრეველი

No comments:

Post a Comment