Wednesday, September 1, 2010

რატომ არ მოსწონთ მთავრობას და მის იდეოლოგებს ევროპა

რატომ არ მოსწონთ მთავრობას და მის იდეოლოგებს ევროპა

გაზეთ "ახალ თაობაში" გამოქვეყნებული ინტერვიუ სოციალ-დემოკრატების ლიდერთან _ პროფესორ გია ჟორჟოლიანთან


_ ხელისუფლებამ, მისგან მართულმა მედიამ და ექსპერტებმა მოუხშირეს დასავალეთის კრიტიკა, სოციალურ ქსელებში კი ტოტალური ლაშქრობაა მემარცხენე ევროპისა და ზოგადად მემარცხენე იდეოლოგიის წინააღმდეგ როგორ უნდა აიხსნას ეს ისტერიკა?

_მართალი ბრძანდებით, ბოლო თვეების განმავლობაში ანგაჟირებულ მასმედიაში, ან უშუალოდ პოლიტიკოსების ან მთავრობასთან დაახლოებული იდეოლოგების და ექსპერტების მიერ მიმდინარეობს აქტიური კამპანია, როგორც ზოგადად მემარცხენეობის, ასევე ევროკავშირის წინააღმდეგ. ეს შემთხვევითი არ არის, რამდენადაც მთავრობის ამ იდეოლოგების და ექსპერტების მიერ ევროპის ქვეყნები აღიქმება როგორც მემარცხენე იდეოლოგიაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური წესრიგის ქვეყნები. ასევე ხშირია ობამას ადმინისტრაციის კრიტიკაც, რომელიც, როგორც ჩვენი მთავრობის, ასევე მათი მეგობარი ულტრა ნეოკონსერვატორების მიერ აღიქმება როგორც აშშ-ში სოციალიზმის დამამკვიდრებელი და ამერიკის ტრადიციული იდეალების მოღალატე. ეს ყველაფერი არის მსოფლიოში არსებული რამდენიმე ფუნდამენტური ტენდენციის მიუღებლობის შედეგი ჩვენი მთავრობის და მისი იდეოლოგების მიერ. ეს ტენდენციები პირველ რიგში შეეხება თითქმის ფუნდამენტალისტური ტიპის ნეოლიბერალური იდეოლოგიის გადასინჯვას, რაც ძალიან აქტიურად ხორციელდება 2008 წელს აშშ-ს ადმინისტრაციის ცვლილებასთან ერთად. ულტრანეოლიბერალური წესრიგის საერთო კრიზისი აშკარა და ხელშესახები გახდა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, თუმცა მთელი რიგი წამყვანი თეორეტიკოსები კარგა ხანია აკრიტიკებენ ამ ნეოლიბერალურ პრინციპებს. თეორიაში თანდათან კარგავს წამყვან ადგილს ის ნეოკლასიკური მიდგომები ეკონომიკაში, რომლებიც დაკავშირებული იყო მილტონ ფრიდმანისა და ფრიდიხ ჰაიეკის სახელებთან. ნობელის პრემიებს ბოლო წლებში იღებენ ისეთი ადამიანები, რომლებიც კოლექტიურ ქმედებაზე, სახელმწიფოს როლზე, საერთო პასუხისმგებლობების მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ჯოზეფ სტიგლიცის შემდეგ ასეთი ავტორებიდან 2008 წელს ნობელის პრემია მიიღო პოლ კრუგმანმა რომელიც მოუწოდებს კეინსიანური იდეების აღორძინებისკენ, 2009 წელს ნობელის პრემია მიენიჭა ელინორ ოსტრომს, რომელიც უმთავრეს ყურადღებას აქცევს ერთობლივი მოქმედების მექანიზმებს, კოლექტიურ მოქმედებებს, კოოპერირების პრინციპებს და ა.შ. განსაკუთრებით ხაზგასასმელია რომ ამ იდეებს მხარს უჭერენ და ნეოლიბერალური იდეების გადასინჯვაზე საუბრობენ ისეთი პიროვნებებიც კი, როგორიც არის ჯორჯ სოროსი, რომელმაც სხვადასხვა შეკრებაზე არაერთხელ განაცხადა ამის შესახებ, ბოლოს კი საკუთარ 80 წლის იუბილეზე, მან ხაზი გაუსვა, რომ ის დღეს სხვანაირად უყურებს ეკონომიკას. მას მიაჩნია, რომ სახელმწიფოს როლი აუცილებლად უნდა გაიზარდოს ეკონომიკის რეგულირების სფეროში.


_ რატომ არ იცვლება ხელისუფლების კურსი მსოფლიოში მიმდინარე ამ ცვლილებებთან ერთად?

ჯერ ერთი, ეს ცვლილებები მოითხოვს გარკვეულ მზაობას მუდმივი შემოქმედებითი მიდგომებისა და ქმედებისთვის ინტელექტუალურ და პოლიტიკურ სივრცეში, რაც შეიძლება ახასიათებდეს სოროსს ან აკადემიურ ადამიანებს, მაგრამ ძნელია, რომ წარმოიდგინოთ, რომ ეს იყოს დამახასიათებელი ყველა პოლიტიკური ჯგუფისთვის. ეს რაც შეეხება ინტელექტუალურ ნაწილს. მეორე ნაწილი _ პოლიტიკა, რომელიც ხორციელდება პოსტსაბჭოთა სივრცის უმეტესობა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში პრინციპულად დაფუძნებულია ნეოლიბერალური წესრიგის პოსტსაბჭოთა ვარიანტზე, რომელიც ცხადია ასევე შორს არის ევროპაში ან აშშ გაბატონებულ ნეოლიბერალუი ტენდენციებისგან, აქვს თავისი სპეციფიურობა, რომელიც ეფექტურად უზრუნველყოფს ოლიგარქიული ჯგუფების მიერ მმართველობის განხორციელებას. ერთის მხრივ ინტელექტუალური მოუმზადებლობა გადაისინჯოს შედედულებები ახალი ცოდნის შესაბამისად და მეორეს მხრივ პრაქტიკული ორიენტირი _ შენარჩუნებული იქნას ძალაუფლების ჩვეული მექანიზმები, რომლებიც ამ ვიწრო ჯგუფებისთვის არის საინტერესო, უზრუნველყოფს ამ წინააღმდეგობრივ მუხტს ჩვენს მთავრობასა და მის იდეოლოგებში.


_ ხელისუფლება არ ცვლის თავის პოზიციებს რათა შეინარჩუნოს მდგომარეობა?


_ შეიძლება ასეც ითქვას. ერთია, რომ აწყობს, მეორეა _ რომ მიაჩნია. ის რაც მიაჩნია, აწყობს და ამდენად ვერ ხედავს ამის შეცვლის აუცილებლობას და ეწინააღმდეგება იმ ტენდენციას, რომელიც უბიძგებს ამის ცვლილებისკენ


_ რამდენად ჯდება ეს დასავლეთისკენ აღებულ კურსში?


_ბლო დრომდე საქართველოში აშშ და ევროპა მუდმივად გამოიყენებოდა ხელისუფლების გადაწყვეტილებათა ლეგიტიმაციისთვის. ყველა ხელისუფლება ამბობდა _ ამას მხარს უჭერს დასავლეთი, ესეიგი ეს კარგი გადაწყვეტილებაა; თუ დასავლეთი ფიქრობს, რომ ეს კარგია, ესეიგი ეს კარგია საქართველოსთვისაც. მე მახსოვს გამოთქმები მასმედიით, როცა მთავარი არგუმენტი კონდოლიზა რაისის ან სხვა დასავლელი მაღალჩინოსნის მიერ ამა თუ იმ ნაბიჯის დადებითად შეფასება იყო და ამის კრიტიკა მხოლოდ უვიცთა და გაუცნობიერებელთა ხვედრად მიიჩნეოდა. ამ ტრადიციის გათვალისწინებით ძალიან აშკარაა დღეს პირდაპირი წინააღმდეგობა ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ. მაგალითად ძალიან კრიტიკული იყო ევროკავშირის დამოკიდებულება ზოგადად ეკონომიკისა და შრომის სფეროში არსებული წესრიგის მიმართ საქართველოში. ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია იყო შემდეგი _ ასეთი ულტრალიბერალური წესების პირობებში რთული იქნება ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობა, რასაც საკმაოდ უცნაური პასუხი გასცა ჩვენი პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა, რომ ჩვენთვის პრიორიტეტია არა ევროპასთან თანამშრომლობა, არამედ ქვეყნის განვითარება. ანუ განვითარება არაა დაკავშირებული ევროპასთან. დასავლეთი როგორც ლეგიტიმაციის მთავარი ხატი დღეს შეცვლილია. დღეს ყველაზე ხშირად როგორც მისაბაძი მაგალითი მოიხსენიება ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ემირატები ან სინგაპური.უფრო მეტიც, ეს პარადოქსული სიმბიოზის ფორმასაც იღებს: მაგალითად ტერმინი _ „სინგაპური ევროპაში“, რაც თავის თავში დაუძლეველ წინააღმდეგობრიობას გულისხმობს. აშშ-შიც ადმინისტრაციის ცვლილებასთან ერთად შემცირდა საქართველოს ხელისუფლებისა და მისი პოლიტიკის უპირობო მხარდაჭერა, რამდენადაც თვითონ აშშ დაადგა სხვა პოლიტიკას.

დღეს ბუშის პოლიტიკა არის მთელ მსოფლიოში საყოველთაო კრიტიკის ობიექტი, ერთადერთი ადგილი მსოფლიოში სადაც ბუშს პატივს სცემენ და მისი ქუჩა არსებობს შეიძლება იყოს თბილისი და საქართველო.


_ შეიძლება ითქვას რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვია დასავლეთის კურსს?


_ მე ვერ ვიტყოდი, რომ კურსი, რომელიც აქამდე ხორციელდებოდა დასავლური იყო. ეს იყო უპირველესად ოლიგარქიული ჯგუფების ინტერესებით ნაკარნახევი და გარკვეულად მისადაგებული აშშ-სა და წამყვანი გლობალისტური პოლიტიკური და ეკონომიკური აქტორების სტრატეგიებთან. ამერიკის მხარდაჭერა ხშირად ქონიათ არადემოკრატიულ და არა დასავლური მოდელების მიმდევარ ქვეყნებს, ცნობილია ანეგდოტური გამონათქვამი სომოსას შესახებ: „სომოსა ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილიაო“. ანუ აშშ, საკმაოდ ხშირად, სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე მხარს უჭერდა არადემოკრატიულ, რადიკალურ და ავტორიტარულ რეჟიმებს. დღეს ეს სტრატეგია შეცვლილია რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უაღრესად სასარგებლოდ შეიძლება იქნეს გამოყენებული



_ რა სხვაობაა საქართველოსა და ევროპას შორის?

ევროპა და ევროკავშირი ასოცირდება უპირველეს ყოვლისა მშვიდობასთან. საქართველოს მიერ გატარებული პოლიტიკა შორს არის ამგვარი უპირობო მშვიდობიანი მიგომებისგან, რევანშისგან დაცლილი რიტორიკისგან და არ არის სრულად ფოკუსირებული პრაგმატული მექანიზმების ძიებაზე პრობლემური საკითხების გადასაწყვეტად. თუ ევროპა არის ისტორიის გათვალისწინება და პერსპექტივაში ყურება, ჩვენი პოლიტიკა ამ თვალსაზრისით არის ისტორიის მძევლად ყოფნა და პერსპექტივის ვერდანახვა ამ ისტორიის რევანშისტულად და კონფლიქტურად წაკითხვის შედეგად. ევროპა, განსაკუთრებით კონტინენტური, კიდევ უფრო მეტად კი ჩრდილოეთ ევროპა არის პრაქტიკულად სოციალ-დემოკრატიული წესრიგის საზოგადოებები. ეს არის პასუხისმგებელი სახელმწიფო, ეს არის სოციალურად დაცული მოქალაქეები და ისეთი საზოგადოებები, რომლებშიც ადამიანების არა მხოლოდ პოლიტიკური უფლებებია დეკლარირებული, არამედ მათი პოლიტიკური უფლებების დაცვა მნიშვნელოვანად უზრუნველყოფილია მათი სოციალური და ეკონომიკური შესაძძლებლობების გარანტირებით. ეს არის პოლიტიკები, რომლებიც უზრუნველყოფენ ცოდნის მუდმივ წარმოებას, ინოვაციურ ეკონომიკას , განათლების პრაქტიკულად სრულ ხელმისაწვდომობას მთელი მოსახლეობისთვის და ამის საფუძველზე იმ პირობების შექმნას, რომ ქვეყნის განვითარება ხდება ყველას საქმე და არა ცალკეული ელიტური ჯგუფების საქმე. ამ განსხვავებების დაძლევა წარმოუდგენელია დღევანდელი მთავრობის მიერ. შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ ბუშს შეეძლო შეეცვალა თავისი პოლიტიკა, იმისათვის, რომ ეს პოლიტიკა შეცვლილიყო აშშ-ში, არა ბუშს უნდა შეეცვალა ის, არამედ ბუში უნდა შეცვლილიყო თავის ადმინისტრაციასთან ერთად.

_ ბევრი გამოკვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის განწყობები ემთხვევა სოციალ-დემოკრატიის პრინციპებს, მაგრამ საზოგადოება მაინც ინერტულია

_ გეთანხმებით, ამას ადასტურებს თავად ჩვენი სამეცნიერო ჯგუფის მიერ ევროპელ კოლეგებთან ერთად ჩატარებული გამოკვლევებიც. რაც შეეხება საზოგადოების ინერტულობას, ეს ხდება იმიტომ, რომ მოსახლეობა 4 წლის განმავლობაში ერთხელ მიდის არჩევნებზე და მხოლოდ მაშინ გამოთქვამს სისტემურ პროტესტს, ის მხოლოდ იმ დღესაა აქტიური. სამწუხაროდ პარტიებიც ამგვარ საარჩევნო კამპანიის რეჟიმზე არიან ორიენტირებული მუდმივად, იმის მიუხედავად, თუ როდის არის მოსალოდნელი არჩევნები. იმისთვის, რომ რეალურად მივაღწიოთ ცვლილებებს საჭიროა მუდმივი, ყოველდღიური მუშაობა და აქტიური მოქმედებები ადამიანთა უშუალო საჭიროებებისა და პრობლემების გადასაწყვეტად. ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის თავისი მოქმედების ძალა, საზოგადოება თუ გაიგებს თავის ძალას, მაშინ ის იბრძოლებს თავისი ინტერესებისთვის და მიაღწევს კიდეც მიზნებს.


_ რომ გაიგოს, მაგალითები სჭირდება, როგორ მოახერხოს ეს ამ ხელისუფლების ხელში?


_ სწორედ ამ რეჟიმში მოხერხებაა საქმე, თორემ, თუ ხელისუფლებამ ასეთი საშუალება მისცა, მაშინ ჩვენ ის რეჟიმი აღარ გვექნება რაც ახლა გვაქვს, არამედ სხვა.


_ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს პოლიტიკასთან ერთად?


_ ხელისუფლებაც და ის პოლიტიკაც რომელიც ტარდება, უნდა შეცვალოს საზოგადოებამ. შეიძლება ჯერ ხელისუფლება შეიცვალოს და მერე პოლიტიკა, მაგრამ აუცილებელია ორივეს შეცვლა. ადამიანებმა დღესვე უნდა დაიწყონ მოქმედება თავისი კონკრეტული ინტერესების დაკმაყოფილებისთვის, ცალკეულ ადგილებზე და მაქსიმალური აქტივობით. ვისაც ეს ესმის, უნდა დაიწყოს მოქმედება იმ ადგილებზე, სადაც ცხოვრობენ, იმ საკითხებთან დაკავშირებით რომლებზეც ფიქრობენ. მხოლოდ ამის შედეგად მოხდება საზოგადოების განწყობების შესაბამისი პოლიტიკების გამოკვეთა, ჩამოყალიბება და საბოლოო ჯამში იმ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირება, რომლებიც ასეთ იდეებს იზიარებენ. ამავდროულად, ამ ჯგუფებმა, ჩვენც თავი ასეთ ჯგუფად მიგვაჩნია, რომელმაც დაიწყო მუშაობა ახალი იდეალების შესაბამისი ახალი პოლიტიკის წარმართვისათვის, უნდა მოახერხონ ადამიანთა ამ მიმართულებით მოლოდინის და რწმენის გაჩენა და განმტკიცება, რომ ჩვენ ერთად შეგვიძლია. ამისთვის საჭიროა საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი მექანიზმების დამკვიდრება.


_ ხელისუფლება არ შეუშლის ხელს ამ პროცესებს?


_ რათქმაუნდა ეს მთავრობა შეებრძოლება მემარცხენე იდეოლოგიას და მათ შორის ჩვენ პარტიასაც. მე ვიტყოდი, ჩვენი მთავრობისთვის ერთ ერთი სერიოზული ხიფათი და გამოწვევა არის ის რომ, საქართველოში დღეს ჩვენი პარტიის სახით, სხვა ჯგუფების სახით თანდათან ძლიერდება ის ძალა, რომელიც მზად არის ხანგრძლივი, რისკიანი ბრძოლისთვის, ჩვენი ცხოვრების შეცვლისა და გაუმჯობესებისთვის.


_ ხალხის იმედი გაქვთ?


_ ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ სხვისი მოიმედობა არას გვარგებს. ჩვენი საზოგადოება გაცილებით ძლიერია ჩვენს ხელისუფლებასთან ბრძოლაში ვიდრე ამერიკა ან ევროკავშირი. ჩვენი პოლიტიკის შეცვლა ხელეწიფება მხოლოდ ჩვენ ხალხს. ეს არ შეიძლება შეიცვალოს აშშ-დან. მსოფლიო პოლიტიკაში მიდის რაღაც ტენდენციები, რომლებმაც შეიძლება იმოქმედოს ან არ იმოქმედოს. ევროპელები და ამერიკელები აქ ვერ ჩამოვლენ, ვერ დასხდებიან და ვერ განახორციელებენ მმართველობას და პოლიტიკას, ეს არის ჩვენი საქმე. ამის ძალა მხოლოდ ჩვენ შეგვწევს. ქართულმა საზოგადოებამ უნდა ირწმუნოს თავისი ძალის და მხოლოდ ასე შევძლებთ იმის შეცვლას, რისი შეცვლაც გვინდა და დავამკვიდრებთ ისეთ წესრიგს, როგორიც ჩვენ გვსურს. ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში არის ის განწყობა, რომ მოქმედება ღირს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს მოქმედება მოიტანს შედეგს. განწყობა კი პირიქით უნდა იყოს,მოქმედება ღირს იმიტომ, რომ მოქმედება ღირს თავისთავად როგორც მოქმედება და ასეთ შემთხვევაში ასეთი მოქმედება აუცილებლად მოიტანს შედეგს.

No comments:

Post a Comment