Thursday, November 4, 2010

თანამედროვე ტენდენციები ზოგად განათლებაში


პაატა პაპავა
2010 წლის 16 ოქტომბერი

21–ე საუკუნის ძირითადი გლობალური ტენდენციები კარგად არის ცნობილი: უახლესი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, ბაზრების ”გახსნა” და პროდუქტების/სერვისების თავისუფალი მიმოქცევა, ადამიანებსა და ჯგუფებს შორის კომუნიკაციის გაადვილება-გააქტიურება, საზოგადოებების მზარდი ინტერ– და მულტიკულტურულობა, რაც, თავის მხრივ, იწვევს როგორც ქვეყნებს შორის კონკურენციის, ისე მათი ერთმანეთზე დამოკიდებულების ხარისხის მუდმივ ზრდას. გლობალიზაცია, როგორც შეუქცევადი პროცესი, ნებისმიერ ქვეყანაში ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს განათლების სისტემებს. ამ ფონზე განსაკუთრებულ აქტუალობას ინარჩუნებს შეკითხვა - რა არის განათლება: ადამიანის ერთ–ერთი ფუნდამენტური უფლება თუ გლობალური ბაზრის მხოლოდ ერთ–ერთი სეგმენტი/პროდუქტი?
1999 წლის გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) ანგარიში გამაფრთხილებელ ცნობას ავრცელებს: ”როცა ბაზარი საკმარისზე შორს მიდის სოციალურ და პოლიტიკურ შედეგებზე გავლენის თვალსაზრისით, გლობალიზაციის სარგებელი არათანაბრად და არაადეკვატურად ნაწილდება. ის თავს იყრის ცალკეული ადამიანების, ერებისა და კორპორაციების ხელში და იწვევს დანარჩენთა მარგინალიზებას ...” ამიტომ მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ გამოიძებნოს საერთაშორისო ინსტიტუციები და მართვის წესები, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ ”გლობალიზაციამ ადამიანებისათვის იმუშაოს და არა მხოლოდ მოგებისთვის.”
თანამედროვე გლობალურ ტენდენციებს შორის ზოგიერთი მათგანი დიდ გავლენას ახდენს ზოგადი განათლების სისტემებზე. მათ შორის ხაზგასასმელია შემდეგი:
·         უთანასწორობა (სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური) როგორც ქვეყნებს შორის, ისე ცალკეული ქვეყნების შიგნით;
·         მოსახლეობის მობილობის ზრდის შედეგად წარმოქმნილი ა. საერთაშორისო ელიტები და ბ. სხვადასხვა სახის მარგინალიზებული ჯგუფები (არალეგალური მიგრანტები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, დევნილები, ქუჩის ბავშვები და სხვ.);
·         ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად გაადვილებული როგორც სასარგებლო ინფორმაციის მიმოქცევა, ისე ნეგატიური პროპაგანდა;
·         ცვლილებები სწავლებისა და სწავლის პარადიგმაში, რაც ასახვას ჰპოვებს სასწავლო პროგრამების, პროცესებისა და რესურსების მუდმივ განახლებაში.
·         განათლების სერვისებისა და პროდუქტების პრივატიზება (სახელმძღვანელოები, ტესტირება, პროგრამული უზრუნველყოფა, ტრანსპორტი და სხვ.);
·         ჩრდილოვანი განათლების სისტემები (კერძო რეპეტიტორობის ინსტიტუტი);
·         საგანმანათლებლო სტანდარტების და შესაბამისი ტესტების გაერთგვაროვნება და გათანაბრება საერთაშორისო დონეზე.
მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში განათლების კომერციალიზება კიდევ უფრო გლობალურ სახეს მიიღებს. რა გავლენა აქვს ამ გლობალურ პროცესებსა და საჭიროებებს განათლების სფეროზე?

პროგრამულ და შინაარსობრივ დონეზე ზოგადი განათლების სფეროში გამოიკვეთა მოსწავლის ძირითადი საორიენტაციო კომპეტენციები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებშიც არის წარმოჩენილი:
  • ინფორმაციის მიღების, დახარისხების, დამუშავებისა და გავრცელების კომპეტენციები;
  • ზნეობრივ–მოქალაქეობრივი გადაწყვეტილებების მიღებისა და რეალიზების კომპეტენციები;
  • ენობრივ-კულტურული იდენტობის შენარჩუნებისა და ინტერკულტურული ინტერაქციის კომპეტენციები.

დღეისათვის ცნობილია ხარისხიანი ზოგადი განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის რამდენიმე სტრატეგიული მიდგომა. ესენია:
1.      მერიტოკრატიის პრინციპზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც კონკურენციის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ასეთი მცდელობები ეფექტურად მუშაობს მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილისათვის, მაგრამ ვერ უზრუნველყოფს დაუცველი ფენების უზრუნველყოფას ხარისხიანი განათლებით.
2.      საკომპენსაციო მექანიზმების ამოქმედებაზე დაფუძნებული მიდგომა. ის გულისხმობს სამიზნე ჯგუფების გამოკვეთას და მიზნობრივ დახმარებას ინდივიდების, თემის ან სახელმწიფო დონეზეც კი. მიდგომის ძირითადი ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ სამიზნე სუბიექტების დაზუსტება ადვილი არ არის და ხშირად პრობლემის ფესვებს ნაკლებად ეხება.
3.      ინტერვენციის პრინციპზე დაფუძნებული მიდგომა. ინტერვენციული პროექტები, როგორიცაა Headstart, Success for All, Reading Recovery Programme და სხვ. ეხმარება ინდივიდუალური შედეგების აღმოფხვრას, მაგრამ ზოგადი სურათის უკეთესობისკენ მკვეთრად შემობრუნებას ნაკლებად ახერხებს.
4.      სკოლის განვითარების პრინციპზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც სკოლის ეფექტურობის კვლევების შედეგებს ეყრდნობა. ეს მიდგომა სკოლის განვითარების პოლიტიკის შექმნისა და რეალიზების თვით სკოლის წარმომადგენელთა კომპეტენციაში გადატანას გულისხმობს. შედეგები ცხადყოფს, რომ ეფექტური ლიდერებისა და მასწავლებლების მშობლებთან თანამშრომლობას საკმაოდ დიდი წარმატების მოტანა შეუძლია.  

ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ორგანიზაციაა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია. ამ ორგანიზაციის ბოლოდროინდელ გამოცემებს შორის განსაკუთრებით საინტერესოა მასშტაბური კვლევის ანგარიში (Education at a Glance. OECD Indicators, 2010), რომელიც განათლების სფეროში უკანასკნელი წლების ტენდენციებს წარმოაჩენს. ანგარიში მოიცავს ათეულობით ქვეყნის განათლების სფეროს მახასიათებლებს საკვანძო ინდიკატორების მიხედვით. ზოგადი განათლების სფეროს აღწერას ეთმობა სპეციალური ბლოკი - ”სასწავლო გარემო და სკოლების ორგანიზება”. სტატისტიკური მონაცემების ანალიზი და პოლიტიკური კონტექსტის აღწერა კარგად წარმოაჩენს იმ ფაქტორებს, რომლებიც განსაზღვრავს ზოგადი განთლების პოლიტიკას და საჭირო რესურსების მოცულობას სხვადასხვა ქვეყანაში. წარმოდგენილ საკითხებს შორისაა ისეთი საკვანძო თემები, როგორიცაა: სკოლაში სასწავლო საათების რაოდენობა, მოსწავლეთა რაოდენობა კლასში, მასწავლებლის ანაზღაურება, მასწავლებლებისა და მოსწავლეების რაოდენობებს შორის მიმართება, მასწავლებლის სამუშაო საათების რაოდენობა, მშობელთა გავლენა სკოლის მართვაზე და ა. შ.

აღწერილი გლობალური ტენდენციების ფონზე საქართველოს განათლების სისტემაში ჯერ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა იქცეს მსჯელობის საგნად. სასურველია, დისკუსიებში აქტიურად ჩაერთონ არა მარტო სფეროს ექსპერტები და განათლების სისტემის მმართველები, არამედ ფართო საზოგადოება.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას: თუ მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი განათლება თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს ინდივიდუალურ, რაიონულ და ეროვნულ დონეზე, საჭიროა ისეთი პროგრამების ამოქმედება, რომლებიც ითვალისწინებს კულტურულ თავისებურებებს, ოჯახების სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას და მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს.
უკვე კარგად არის ცნობილი, რომ გლობალური პოლარიზებისა და უთანასწორობის ფონზე განათლების ხარისხი ვერ გაუმჯობესდება დამატებითი რესურსების მობილიზების გარეშე (განსაკუთრებით, განვითარებად ქვეყნებში). ასევე, ფაქტია, რომ სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს ორიენტირებული სასკოლო სისტემისათვის შიდა პროდუქტის პროცენტული წილის ზრდაზე, თუნდაც ეს სხვა სფეროებზე ფინანსური რესურსების განაწილების პრინციპებისა და ფორმულების გადახედვას მოითხოვდეს.

No comments:

Post a Comment