Wednesday, October 20, 2010

საქართველოს საგანმანათლებლო სფეროს სახელმწიფო დაფინანსების შესახებ

                                                                                                                                  იოსებ არჩვაძე
                                                                                                              ეკონომიკის აკადემიური დოქტორი

საქართველოს საგანმანათლებლო სფეროს
სახელმწიფო დაფინანსების შესახებ

ძირითადი განსახილველი საკითხები:
  1. განათლებაზე სახელმწიფოს მიერ გაღებული ხარჯების წილის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან და სახელმწიფო ბიუჯეტთან;
  2. სახელფასო ანაზღაურება საშუალო სკოლებში;
  3. მეცნიერების დაფინანსება;
  4. მოსახლეობის ხარჯები განათლებაზე.

     I.
განათლების სფერო ეროვნული ეკონომიკის ერთერთი უმნიშვნელოვანესი დარგია. დასაქმებულთა რიცხოვნობით იგი მეორე ადგილზეა დარგებს შორის  (სოფლის მეურნეობის შემდეგ) და პირველ ადგილზე -  დაქირავებით დასაქმებულთა საერთო რიცხვის მიხედვით – დაახლოებით 90 ათასი კაცი, ანუ დაქირავებით დასაქმებულთაგან ყოველი მეშვიდე კაცი (საერთო რაოდენობის 14.4 პროცენტი). მიუხედავად იმისა, რომ საქმიანობის აღნიშნული სფერო ყველაზე ნაკლებად კომერციალიზებული სფეროა, მისი ძირითადი დანიშნულება არა დამატებული ღირებულების შექმნა, არამედ სწავლა–აღზრდა- განათლება და კვალიფიციური პროფესიონალი სპეციალისტების მომზადება, სამეცნიერო იდეებისა და პროდუქციის წარმოებაა. საქმიანობის აღნიშნულ სფეროში იქმნება დაახლოებით 800 მილიონი ლარის დამატებული ღირებულება, ანუ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 4.2 პროცენტი (აღნიშნული მაჩვენებელი 2000 წელს შეადგენდა 3.5 პროცენტს, ხოლო 2005 წელს –  3.3 პროცენტს). 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
ხარჯები 2008-2010 წლებში
(მლნ. ლარი)

2008
2009
2010
ხარჯები - სულ
458.3
519.4
561.7
სახელმწიფო ბიუჯეტის მთელ ასიგნებებთან, პროცენტი
6.8
7.2
7.9
უმაღლესი საგანმანათლებლო/კვლევითი დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამა
47.2
55.3
55.7
სამეცნიერო-კვლევების პროგრამა
31.4
44.1
43.1

  დარგის წილი ქვეყანაში შექმნილ მთლიან შიდა პროდუქტში 1.5–ჯერ აღემატება სახელმწიფო ბიუჯეტიდან განათლებაზე გაღებული სახსრების წილს საბიუჯეტო ასიგნებათა საერთო მოცულობაში.
   ქვემოთ მოტანილ N1 გრაფიკზე წარმოჩენილია ბოლო ოთხი წლის (2007–2010წწ.) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან განათლებაზე (იგულისხმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი) გაღებული სახსრების მოცულობის თანაფარდობა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან და სახელმწიფო ბიუჯეტთან. 
    
  2011 წელს ფაქტობრივად არ შეიცვლება საბიუჯეტო სახსრების მოცულობა განათლებაზე – იგი წინა წლის დონეზე – დაახლოებით 554 მლნ. ლარის დონეზე დარცება. არ იცვლება მისი თანაფრდობა საბიუჯეტო ასიგნებების მოცულობასთან, რადგანაც თავად ეს ასიგნებებიც თითქმის იმავე დონეზე რჩება (მცირდება მხოლოდ 0.4 პროცენტით). ამავე დროს, მშპ ნომინალურად უნდა გაიზარდოს 11.8 პროცენტით,  განათლების ხარჯების თანაფარდობა მშპ–სტან ისევ დაბლა დაიწევს და კვლავ 2.4 პროცენტი – 2008 წლის დონეზე იქნება. 
       რამდენად დამაკმაყოფილებელია აღნიშნული თანაფარდობა?
      ყველაფერი ფასდება  შედარებებით.
       ზემოხსენებული დონეები მნიშვნელოვნად ჩამორჩება როგორც ყოფილ პოსტ–საბჭოთა სივრცის ქვეყნების, ისე  ევროგაერთიანებაში შესული ქვეყნების მონაცემებსაც.
   ქვემოთ მოტანილ NN2–3 გრაფიკებში მოტანილია საქართველოს შედარებები განათლების სფეროს წილით მთლიან შიდა პროდუქტსა და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებში ზოგიერთ პოსტ–საბჭოთა ქვეყნებთან, ხოლო გრაფიკი N4 – ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.

გრაფიკი 2
ასევე, დაბალია საქართველოში განათლებაზე გაღებული ხარჯების წილი საბიუჯეტო  ასიგნებების საერთო მოცულობაში სხვა პოსტ–საბჭოთა ქვეყნების მონაცემებთან შედარებით.


გრაფიკი 3


      კიდევ უფრო საგრძნობია საქართველოს ჩამორჩენა ანალოგიური პარამეტრებით მსოფლიოს სხვა,  განვითარებული ქვეყნებისაგან.   ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში  განათლების წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში  2–ჯერ, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში – თითქმის 1.5–ჯერ ნაკლებია. მაგალითად, ამ მხრივ ევროკავშირის ლიდერ–ქვეყანას კვიპროსს საქართველოს მაჩვენებლები ჩამორჩებიან ,შესაბამისად 3.2–ჯერ და 2.7–ჯერ, ესტონეთს – 2.8–ჯერ და 2.5–ჯერ.
    თუ რამდენად ჩამორჩება განათლებაზე ხარჯები საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაჩვენებელს მოსახლეობის ერთ სულზე, ამას ქვემოთ მოტანილი ცხრილი აჩვენებს.
სახელმწიფო ხარჯების წილი განათლებაზე ევროკავშირში,
 ნორვეგიასა და  საქართველოში 2008 წელს
(პროცენტობით)
ქვეყანა
მთლიან შიდა პროდუქტში
სახელმწიფო ბიუჯეტში
ევროკავშირი  (EU-27)– საშუალოდ
5.2
11.1
   ბელგია
5.9
11.8
   ბულგარეთი
4.2
11.3
   ჩეხეთი
4.7
11.0
   დანია
7.0
13.5
   გერმანია
3.9
8.9
   ესტონეთი
6.7
16.8
   ირლანდია
5.3
12.6
   საბერძნეთი
3.1
6.4
   ესპანეთი
4.6
11.2
   საფრანგეთი
5.8
11.0
   იტალია
4.6
9.4
   კვიპროსი
7.8
18.3
   ლატვია
6.5
16.8
   ლიტვა
5.8
15.5
   ლუქსემბურგი
4.4
11.8
   უნგრეთი
5.2
10.6
   მალტა
5.5
12.2
   ნიდერლანდები
5.2
11.3
   ავსტრია
5.3
10.8
   პოლონეთი
5.8
13.4
   პორტუგალია
6.0
13.0
   რუმინეთი
4.8
12.8
   სლოვენია
6.2
14.0
   სლოვაკეთი
3.3
9.5
   ფინეთი
5.9
11.9
   შვედეთი
6.9
13.0
   გაერთიანებული სამეფო
6.3
13.3
ნორვეგია  
5.2
13.0
საქართველო
2.4
6.8

  არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოში თავისთავად მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა დასახელებულ ქვეყნებთან ჯერადად ნაკლებია. შესაბამისად, სხვაობა დაფინანსების აბოლუტურ მასშტაბებში კიდევ უფრო მეტი იქნება.  მოსახლეობის ერთ სულზე განათლებაზე სახელმწიფო ხარჯების მოცულობა საქართველოში შეადგენს დაახლოებით 120 აშშ დოლარს, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი ბულგარეთში 520 დოლარამდეა, რუმინეთში – 600,  სლოვაკეთში – 700, უნგრეთსა და პოლონეთში 1000– 1000, ლიტვასა და ლატვიაში – 1100–1100, ესტონეთსა და იტალიაში – 1400–1400, საფრანგეთში – 2000, ნიდერლანდებში – 2100, დიდ ბრიტანეთში – 2300, დანიასა და შვედეთში – 2600–2600, ნორვეგიაში – 2800, ლუქსემბურგში – 3600. ამასთან, საქართველოს ჩამორჩენა ამ ქვეყნებისაგან განათლებაზე გაღებული ხარჯებით ორჯერ და მეტად უფრო მაღალია, ვიდრე ადგილი აქვს ეკონომიკურ ჩამორჩენას შესაბამის ქვეყნებთან.
    ქვემორე გრაფიკებზე  ჩანს,  თუ როგორი წილი უკავია განათლებაზე გაღებულ ხარჯებს საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მთლიან შიდა პროდუქტსა და სახელმწიფო ბიუჯეტში, აგრეთვე საქართველოსთან ჯერადი მეტობა მოსახლეობის ერთ სულზე განათლებაზე გაღებული ხარჯებით.

II.
    საჯარო სკოლებში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ეროვნულ ეკონომიკაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს ორჯერ ჩამორჩება. და მიუხედავად ხმამაღალი დეკლარირებისა, არსებითი გარდატეხა ამ მიმართულებით არ მომხდარა.
საშუალო თვიური ხელფასი განათლების სფეროში
 2000–2010 წლებში
(ლარი)

საშუალოდ ეროვნული მეურნეობა
მათ შორის განათლების სფერო
განათლება %–ით საშუალო მაჩვენებელთან
2000
72.6
45.5
62.7
2001
94.6
45.5
48.1
2002
113.5
56.5
49.8
2003
125.9
68.5
54.4
2004
156.6
88.7
56.6
2005
204.2
92.5
45.3
2006
277.9
122.1
43.9
2007
368.1
152.2
41.3
2008
534.9
245.1
45.8
2009
572.5
270.8
47.3
2010 (პირველი ნახევარი)
581.8
296.8
51.0
20010 წელი  პროცენტობით:



–2000 წელთან
8.0
6.5
X
–2003 წელთან
4.6
4.3
X

ყოველივე ეს გრაფიკულად ქვემოთაა წარმოდგენილი.
გრაფიკი 6
       უნდა აღინიშნოს, რომ ჩამორჩენა ხელფასების მხრივ მამაკაცებში კიდევ უფრო მაღალია (47%), ხოლო განათლების სფეროს საშუალო ხელფასის სიდიდე დანარჩენ ეკონომიკაში არსებულ საშუალო ხელფასთან მხოლოდ 46 პროცენტია.
    განვითარებულ ქვეყნებში სკოლების პედაგოგთა ხელფასები ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასების ტოლია ან აღემატება კიდეც. საქართველოში საჯარო სკოლების პედაგოგთა ხელფასი ეროვნულ ეკონომიკაში საშუალო ხელფასების მხოლოდ 51 პროცენტია. განვითარებულ ქვეყნებში პედაგოგების ხელფასები შესაბამისი პარლამენტარების ხელფასების მხოლოდ 3–4 ჯერ ჩამორჩებიან, საქართველოში –10–ჯერ და მეტად.
    თავის დროზე სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ეკონომიკური სასწაული, სწრაფი, დინამიური განვითარება მნიშვნელოვანწილად განაპირობა მთლიანი შიდა პროდუქტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნა მობილიზებული მოზარდი თაობის სწავლა–განათლებაზე.
    ინვესტირება მოზარდი თაობის სწავლა–განათლებაში – ეს არის ეფექტური ინვესტირება რომელსაც ყველაზე მაღალი მულტიპლიკაციური ეფექტი აქვს.
   
     საგანმანათლებლო სფეროში ბოლო 6 წლის მანძილზე – 2009 წელს 2003 წელთან შედარებით დაიხურა 713 საჯარო სკოლა – 2003 წელს მათი საერთო რაოდენობის 22.5 პროცენტი. მოსწავლეთა საერთო რაოდენობა სკოლებში შემცირდა 47.4 ათასით, მათ შორის საჯარო სკოლებში – 78.2 ათასით – მათი საერთო რაოდენობის თითქმის 12 პროცენტით.
    ამავე დროს, სწარფად იზრდება კერძო სკოლების რაოდენობა და მათი კონტინგენტი. 2009 წელს კერძო სკოლების რაოდენობა გაიზარდა 156–დან 283–მდე, ხოლო კონტინგენტი – 2.8–ჯერ და მეტად – 2003 წლის 16.9 ათსიდან 47.7 ათასამდე, ანუ მოსწავლეთა საერთო რაოდენობაში კერძო სკოლების მოსწავლეთა წილი გაიზარდა, შესაბამისად, 2.5 პროცენტიდან 7.6 პროცენტამდე.
          ქვემოთ მოტანილია მონაცემები, რომლებშიც ასახულია საშუალო და უმაღლესსი განათლების სფეროში არსებული მდგომარეობის ცვლილება ბოლო 6 წლის მანძილზე. ამ ხნის განმავლობაში საჯარო სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობა შემცირდა დაახლობით ერთ მეოთხედით, სტუდენტების რაოდენობა – ერთი მესამედით, ხოლო შტატში მყოფ პროფესორ–მასწავ;ებლების რაოდენობა – დაახლოებით ორჯერ (უნდა აღინიშნოს, რომ 2010 წლისთვის აღნიშნული ინდიკატორების მიხედვით მდგომარეობა არა თუ გაუმჯობესდა, რამდენადმე კიდევ უფრო გაუარესდა კიდეც).
საქართველოს საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების
მახასიათებელი ინდიკატორები
(სასწავლო წლის დასაწყისის მდგომარეობით)

2003/2004
2009/2010
2009/2010 %–ით 2003/2004
საჯარო სკოლების რაოდენობა
3175
2462
77.5
მათში მოსწავლეები, ათასი კაცი
655.0
576.8
88.1
კერძო სკოლები
156
283
181.4
მათში მოსწავლეები, ათასი კაცი
16.9
47.7
282.2
სულ მოსწავლეთა რაოდენობა
671.9
624.5
92.9
პედაგოგების რაოდენობა საჯარო სკოლებში
70000
79891
114.1
სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები
26
21
80.8
   მათში სტუდენტები
123866
74056
59.8
კერძო უმაღლესი სასწავლებლები
150
108
72.0
  მათში სტუდენტები
29388
28654
97.5
პროფესორ–მასწავლებელთა რაოდენობა  სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში
10604
4455
42.0
პროფესორ–მასწავლებელთა რაოდენობა  კერძო  უმაღლეს სასწავლებლებში
2210
2151
97.3
უმაღლესი სასწავლებლები – სულ
176
129
73.3
სტუდენტები – სულ
153254
102710
67.0
პროფესორ–მასწავლებელთა რაოდენობა  – სულ
12814
6606
51.6


აღნიშნული მდგომარეობა კარგად ხასიათდება ქვემოთ მოტანილი გრაფიკით
გრაფიკი 7
  
   დღეისათვის ქვეყნის მოსახლეობის ყოველ 10000 სულზე მოდის მხოლოდ 234 სტუდენტი (2003 წელს – 355 სტუდენტი), მაშინ როდესაც განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი ჯერადად მაღალია.  მაგალითად, ლატვიაში ყოველ 10 ათას მცხოვრებზე 492–სტუდენტია, ანუ საქართველოზე 2.1 –ჯერ უფრო მაღალი მაჩვენებელი.
      დაბალი ფინანსური შესაძლებლობები არ აძლევს საშუალებას რომ უმაღლესმა სასწავლებლებმა უცხოეთში სხვადასხვა გაცვლითი პროგრამებით გააგზავნონ სტუდენტები. 2009 წელს მოხერხდა მხოლოდ 215 სტუდენტის გაგზავნა საზღვარგარეთ (აქედან 125 – სახელმწიფო და 90 – კერძო უმაღლესების მიერ). იმის ალბათობა, რომ სტუდენტს მოუწევს უცხოეთში სწავლა გაცვლითი პროგრამით შეადგენს სახელმწიფო უმაღლესებში – დაახლოებით ერთს ექვსასიდან, ხოლო კერძო უმაღლეს სასწავლებლებში – ერთს სამასოციდან.

III.
             2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით „სამეცნიერო კვლევების პროგრამაზე“ (მუხლი საბიუჯეტო კლასიფიკაციით: 32 13) გამოყოფილია 43.2 მლნ. ლარი, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გამოყოფილი სახსრების (557.7 მლნ ლარი) მხოლოდ 7.74 პროცენტი (2008 წ. – 6.85%) და მთლიანი საბიუჯეტო სახსრების მხოლოდ 0.69 პროცენტია (2008 წ. – 0.47%). ამ მხრივ მნიშვნელოვნადაა დარღვეული ოპტიმალური პროპორცია განათლებასა და მეცნიერებაზე ხარჯებს შორის, რომელიც ითვალისწინებს პროპორციებს 2:1–თან (ფაქტობრივად გამოდის 11.9 : 1–თან – იხ.: გრაფიკი 8 და 9),

    იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში განათლებაზე ხარჯების თითქმის ნახევარი კერძო სექტორსა და მოსახლეობაზე მოდის, ხოლო მეცნიერებაზე თითქმის მთელ ხარჯებს სახელმწიფო აფინანსებს, მოტანილი პროპორცია კიდევ უფრო გაიზრდება განათლების პოზიციის სასარგებლოდ. მეცნიერებაზე გაღებული ხარჯები საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ–ის) მხოლოდ 0.22 პროცენტს შეადგენს. მოტანილი პარამეტრებით საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება არა მარტო მოწინავე ქვეყნებს, არამედ საშუალო მსოფლიო მაჩვენებლებსაც.
  
სამეცნიერო–კვლევით სამუშაოებზე ყოველწლიურად საშუალოდ იხარჯება მსოფლიოში მშპ-ის 1.7%, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებში - 2.3%, ხოლო განვითარებად ქვეყნებში მხოლოდ 1.0%; საქართველოში მეცნიერებაზე  გაღებული ხარჯების წილი ქვეყნის მშპ–ში არ აღემატება 0.22%–ს, ანუ ჩამორჩება საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს 7.7–ჯერ, აშშ მაჩვენებელს – 12.1–ჯერ, ხოლო ისრაელის მაჩვენებელს – 20.6–ჯერ.
განსაკუთრებით საგანგაშოა ის მდგომარეობა, რომ საქართველოს ჩამორჩენა განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებისაგან მეცნიერებაზე გაღებული დაფინანსებით ჯერადად მეტია, ვიდრე ეკონომიკური  ჩამორჩენა. ასე მაგალითად, მეცნიერებაზე გაღებული ხარჯები მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოში შეადგენს 6.2 დოლარს, მაშინ როდესაც აღნიშნული მაჩვენებელი საშუალოდ მსოფლიოში 170.6 აშშ   დოლარია.  საქართველო საშუალო მსოფლიო დონეს ეკონომიკურად 2.1-ჯერ ჩამორჩება, მაშინ როდესაც მეცნიერებაზე გაღებული ხარჯებით - 27.5-ჯერ.
  
საქართველოს ჩამორჩენა ცალკეული ქვეყნებისა და ქვეყანათა
ჯგუფებისაგან მოსახლეობის ერთ სულზე, ჯერ
 Qქვეყნები
მშპ-ის წარმოებით
სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებზე გაღებული ხარჯებით
სულ მსოფლიო
2.1
27.5
       მათ შორის:


ნორვეგია
11.1
143.4
საფრანგეთი
7.2
113.4
იაპონია
7.2
186.0
აშშ
10.0
194.5
გერმანია
7.4
136.1
ისრაელი
5.9
205.3
ესტონეთი
4.5
35.2
ლატვია
3.7
17.4
ბელორუსი
2.3
16.9
რუსეთი
3.2
26.6
სომხეთი
1.1
1.9
აზერბაიჯანი
1.7
1.8
საქართველო
1.0
1.0




IV.
მოსახლეობის ხარჯები განათლებაზე
   განათლებაზე გაღებულ ხარჯებზე საუბარი არასრული იქნებოდა, მოკლედ მაინც თუ არ შევეხებით მოსახლეობის მიერ გაღებულ ხარჯებს განათლებაზე. სამწუხაროდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის  მიერ ორგანიზებული შინამეურნეობების მიმდინარე შერჩევითი კვლევა ვერ იძლევა სრულ სურათს იმ ხარჯების შესახებ, რასაც მოსახლეობა ფაქტობრივად გაიღებს ყველა სახის საგანმანათლებლო მომსახურების (საბავშვო ბაღი, საშუალო და უმაღლესი განათლება, კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადება, რეპეტიტორები, სწავლება უცხოეთში) მიღებაზე. ამისათვის საჭიროა სპეციალიზებული კვლევა ყველა სახის საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ მოსახლეობის რეალური ხარჯების დასადგენად. ამგვარი კვლევა ერთადერთხელ იქნა ჩატარებული 2001 წელს საქართველოს სტატისტიკის სამსხურის მიერ. აღნიშნული კვლევით მოსახლეობამ, შინამეურნეობების კვლევით მიღებულ მონაცემებზე შედარებით ფაქტობრივად სამჯერ მეტი თანხა დახარჯა განათლების  მომსახურების მიღებაზე - 177 მლნ. ლარი  (მათ შორის სკოლამდელ დაწესებულებებში 4.00 მლნ. ლარზე მეტი, სკოლებზე - 50 მლნ. ლარამდე, უმაღლეს განათლებაზე - 52 მლნ. ლარი, კოლეჯებსა და სპეცსასწავლებლებში - 10 მლნ. ლარი, რეპეტიტორებთან - 12 მლნ. ლარი, საზღვარგარეთ  - 55 მლნ. ლარი),  რაც მაშინდელი კურსით დაახლოებით 85 მლნ. აშშ დოლარის ექვივალენტური თანხაა. აღნიშნული ფაქტორის, ფასების ზრდისა (მარტო განათლების მომსახურების ინდექსი 1.6-ჯერ გაიზარდა) და ფასიანი სექტორის გაფართოების გამო ამჟამად მოსახლეობის უშუალო ხარჯები განათლებაზე 300-350 მლნ. ლარს აღემატება, მათ შორის უმაღლეს განათლებაზე - არანაკლებ 180-200 მლნ. ლარს, საშუალო სკოლებში კი - 60-80 მლნ. ლარს; ამდენივეს უნდა შეადგენდეს ხარჯები საზღვარგარეთ სწავლებაზე.
   შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის მიერ ყველა სახის განათლებაზე გაღებული ხარჯები 1.5-ჯერ აღემატება საჯარო სკოლების პედაგოგებზე გაცემული ნეტო-ხელფასების ჯამურ  წლიურ მოცულობას., ხოლო მთლიან საგანმანათლებლო ხარჯებში მოსახლეობის წილი მყარად უახლოვდება ნახევარს...  



No comments:

Post a Comment