Thursday, May 5, 2011

საპირველმაისო მიმართვა საზოგადოებისადმი

 

“სოციალ- დემოკრატებმა” 1 მაისი, მშროლემთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს და რუსთაველის გამზირზე შოთა რუსთაველი ძეგლთან აქცია გამართეს, სადაც საზოგადოებისადმი საპირველმაისო მიმართვა გაავრცელეს.

“1 მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს მთელს მსოფლიოში, ყველა კონტინენტზე აღნიშნავენ: იაპონიასა თუ შვედეთში, ინდოეთსა თუ გერმანიაში, მალაიზიასა თუ დიდ ბრიტანეთში.


სამწუხაროდ პოსტსაბჭოთა ხელისუფლებებმა, რომლებმაც საკუთარი ლეგიტიმაცია ყოველივე მანამდე არსებულის ტოტალურ უარყოფაზე დაამყარეს, ეს დღეც საბჭოთა გადმონაშთად ჩათვალეს და ადგილი ისტორიის სანაგვეზე მიუჩინეს. არადა ეს ტრადიცია გაცილებით ადრე, მეცხრამეტე საუკუნეში, ამერიკის შეერთებულ შტატებში იშვა.

დიახ, ამ დღეს უპირველეს ყოვლისა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ნებისმიერი სიმბოლო რაიმეზე მიუთითებს და პირველი მაისის, როგორც მშრომელთა დღის უარყოფა აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ დღევანდელ ხელისუფალთათვის შრომა არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულ ფასეულობას, მშრომელი ადამიანი მათთვის არა საზოგადოების უმთავრესი საფუძველი, არამედ, მხოლოდ ის საწარმოო ძალაა, რომელმაც მათი ძალაუფლების შენარჩუნება, კვლავგანგრძობა და `ძლიერთა ამა სოფლისა’ განცხრომით ცხოვრება უნდა უზრუნველყოს.

ამ დღეს ჩვენი საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანესი ორი პრობლემა უკავშირდება:

პირველი ეს არის მშრომელი ადამიანების – გლეხებისა და მასწავლებლების, მეცნიერებისა და მუშების, ექიმებისა და ჟურნალისტების სამუშაო პირობების დამამცირებელი შეუსაბამობა იმასთან, რისკენაც თითქოს ვისწრაფვით და რისი უზრუნველყოფაც ხელისუფლებას მრავალი საერთაშორისო ვალდებულებით აქვს ნაკისრი. ეს არის შრომის პირობების დაახლოვება საერთაშორისო სტანდარტებთან – რის გარეშეც შეუძლებელია ღირსეული ადამიანური ცხოვრება, სიცოცხლე, რომელსაც თავად მივიჩნევდით პატივისცემის ღირსად, განვითარებისა და თვითრეალიზაციის სივრცედ.

მეორე და კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა დიდი უმრავლესობისათვის საერთოდ არ არსებობს შრომის შესაძლებლობა და პირობები. უმუშევრობა დღეს ჩვენი საზოგადოების უმწვავესი პრობლემაა და მისი გადაჭრისთვის ბრძოლა ყველა ჩვენგანს მართებს.

ეს ბრძოლა ზემოდან ვერ დაიწყება! მშრომელთა, და შრომის უფლებისათვის ბრძოლა ვერ დაიგეგმება და განხორციელდება მოხელეთა კეთილმოწყობილ კაბინეტებში. იგი თითოეული ჩვენგანის საქმეა.

ამიტომ დღეს, ვუერთებით რა ცივილიზებული მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ტრადიციას, ამ ბრძოლის დასაწყისის სიმბოლურ თარიღად 1 მაისს ვაცხადებთ! 1 მაისი ჩვენს ქვეყანაში უნდა იქცეს მშრომელთა საერთო დღედ, სოლიდარობის, უფლებებისათვის ბრძოლის და პასუხიმგებლობების გაცნობიერების დღედ.

ხოლო ხელისუფლების მოვალეობად მივიჩნევთ რომ ოფიციალურად ცნოს ეს დღე ამით პირველი ნაბიჯი გადადგას მშრომელი ადამიანის საზოგადოების უმთავრეს საყრდენად და შრომის უფლების უზენაეს პრინციპად აღიარებისაკენ!”

“სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის”

No comments:

Post a Comment