Friday, December 10, 2010

სოფლის პრობლემები საქართველოს მთიანეთში

ქართული სოფელი: პრობლემები და პერსპექტივები
კონფერენცია
26 სექტემბერი, თბილისი, სასტუმრო ,,ვერე პალასი“
სოფლის პრობლემები საქართველოს მთიანეთში
(რაჭის მაგალითი)
დემოგრაფია
მთა საქართველოსთვის ყოველთვის წარმოადგენდა ბუნებრივ ფარს, იგი მეტად იყო დაცული მტერთა შემოსევებისგან. ბუნებრივი მატებისათვის აქ უფრო უკთესად იყო პირობები შექმნილი, ამასთან მთის მოსახლება ასრულებდა მესაზღვრის ფუნქციას, ინაჩუნებდა ეროვნულ გენოფონდს, რომელიც შემდგომ ავსებდა გაპარტახებული ბარის მოსახლეობას.
ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს რაჭიდან დაწყებული მიგრაცია უარყფითად შეაფასა ილია ჭავჭავაძემ და სთხოვა ქართველ ინტელიგენციას, ბურჟუაზიას გამოძებნილიყო სახსრები და რაჭის ჭარბი მოსახლეობა ჩაესახლებინათ საქართველოს ბარში, კერძოდ კახეთსა და ქართლში.
1886 წლის აღწერით რაჭის მაზრის მოსახლეობა (დღევანდელი ონისა და ამბროლაურის რაიონები) შეადგენდა 78,0 ათას ადამიანს. სასოფლო-სამეურნეო მიწების სიმცირის გამო რეგიონს უჭირდა ჭარბი მოსახლეობის გამოკვება, რის გამოც აქაურმა მოსახლეობამ მასიურად დაიწყო გადასახლება ჩრდ. კავკასიაში.
საინტერესოა ისიც, რომ ამ პერიოდში მიწა ყველაზე ძვირად რაჭის რეგინში ღირდა.
რეგიონმა რამდენიმე მიგრაცია განიცადა: მათ-შორის მე-19 საუკუნის ბოლოდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ჩრდილო კავკასიაში, ამერიკის კონტინეტზე და შEდარებით მცირედ ევრიპაში.
მე-20 საუკუნის 30- 40-იან წლებში სახელმწიფოს ჩარევით კახეთში, აფხაზეთსა და მესხეთ-ჯავახეთში.
60- 70- იან წლებში მასიურად დაიწყო ახალგაზრდების გადინება დიდი ქალაქებისაკენ თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი.
დამოუკიდებლობის წლებიდან კი ევროპაში, ამერიკაში და განსაკუთრებით რუსეთში.
2002 წლის აღწერით რაჭის რეგიონში მყოფი მოსახლეობა ორივე რეგიონში შეადგენდა 19,0 ათასამდე ადამიანს, საიდანაც თითქმის 50% -ზე მეტი პენსიონერ იყო.
ფაქტიურად 70-იანი წლებიდან იწყება რეგიონში მოსახლეობის ბუნებრივი კლება, გარდაცვალებამ გადააჭარბა დაბადებას.


მცირე მაგალითი:

2004 წელს ონის რაიონში დაიბადა 39 ბავშვი, ხოლო გარდაიცვალა 293 ადამიანი.
ამბროლაურის რაიონში დაიბადა 107 ბავშვი, ხოლო გარდაიცვალა 416 ადამიანი.
მიმდინარე წელს სკოლაში მოვიდა ონის რაიონში 31 ბავშვი.
ამბროლაურის რაიონში 112 ბავშვი.

რამდენიმე მაგალითი:
სოფელი ღები – რაჭის ყველაზე ბოლო სოფელი რფ-ს საზღვარზე

გასული საუკუნის 70-იან წლებში სკოლაში სწავლობდა 650-მდე მოსწავლე, დღეისათვის მხოლოდ 45 ბავშვია.
1928 წელსქართველი ეთნიგრაფის ს. მაკალათიას ცნობით თემში (ღები, გონა, ჩვეშო, თევრეშო) ცხოვრობდა 800-მდე კომლი, 6,0 ათასამდე მოსახლეობით, დღეისათვის აქ მხოლოდ 180-მდე კომლია 320 სულით, მათ შორის 2 საფეხურიანი (იქ სადაც ორი თაობა და მეტი ცხოვრობს) მხოლოდ 70-მდეა.
მდინარე ჯეჯორის ხეობის 14 სოფელში, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება კონფლიქტის რეგიონს (ე.წ სამხრეთ ოსეთი) ჯავის რაიონს დარჩა 1 საშუალო სკოლა, სადაც მხოლოდ 24 ბავშვი სწავლობს. 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაიხურა წედისისა და ქვედის დაწყებითი სკოლები.
შეიძლება ითქვას, რომ დღეის მდგომარეობით, რაჭის რეგიონი დემოგრაფიულად მკვდარი რეგიონია.
ერთადერთი ქვემო რაჭაში ხვანჭკარის რეგიონი ინარჩუნებს შედარებით სტაბილურობას.

მიწის რესურსი
მიუხედავად იმისა, რიომ რაჭის რეგიონი მდიდარია მიწის რესურსებით, ს/სამეურნეო მიწები აქ მაინც მცირეა. მიწის უდიდესი ნაწილი 160,0 ჰა-მდე დაკავებული აქვს ტყეებს. ს/სამეურნეო ფართობები შედგენს დაახლოებით 85,0 ათას ჰა-ს, საიდანაც 80% მოდის სათიბსა და საძოვრებზე. უშუალოდ ს/სამეურნეო კულტურებსა და სახნავ-სათეს მიწებს უჭირავს 6,5 ჰა-მდე.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 40 წლის განმავლობაში ს/სამეურნეო მიწების დიდი ნაწილის გატყევება მოხდა თითქმის 30,0 ათას ჰა-ზე მეტი, მათ შორის ონის რაიონში 17,0 ათას ჰა-ზე მეტი.
განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო ს/სამეურნეო მიწების გატყევება 70-იანი წლების ბოლოს, როდესაც გაუქმდა კოლმეურნეობები, შემცირდა მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობა და ნათესი ფართობები. დღეისათვის სათესი ფართობების თითქმის 70% გადასულია სათიბ-საძოვრებზე.
70-80-იან წლებში მარტო ონის რაიონიდან 5,0 ათას ტონაზე მეტი ხილი ბარდებოდა საკონსერვო ქარხნებს (როგორც კულტურული, ასევე ველური ჯიშები).
თითქმის აღარ ითესება მარცვლეული კულტურები: სიმინდი, ლობიო და რაც ითესება, ისიც მხოლოდ პირადი გამოყენებისათვის, მისი მცირედი ნაწილი მიდის ბაზარზე, დაახლოებით 10-15%.
ბოლო წლებში ერთადერთი პროგრესი იგრძნობა ხვანჭკარის ზონაში, სადაც დაიწყო ახალი ვენახების გაშენება – ბოლო 15 წლის მანძილზე გაშენდა 200 ჰა-ზე მეტი ახალი ვენახი, გაიხსნა ორი ახალი ღვინის ქარხანა.

ოდნავი წინსვლაა მეფუტკრეობაში, ბოლო წლებში გაიზარდა ფუტკრის ოჯახების რაოდენობა და მარტო ონის რაიონში 2000 ოჯახს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბაზარზე რაჭული თაფლი ყველაზე ძვირია. ადგილზე 1 კილოგრამის ფასი 15-18 ლარის ფარგლებში მერყეობს.
რეგიონში მისი რესურსებიდან გამომდინარე შესაძლებელია ფუტკრის ოჯახების რაოდენობა 6000 ოჯახამდე გაიზარდოს.
კატასტროფული მდგომარეობაა მეცხოველეობაში. რეგიონი, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქტების უდიდეს ნაწილს მეცხოველეობის პროდუქტი წარმოადგენდა, დღეისათვის სამრეწველო თვალსაზრისით ფაქტიურად მკვდარია. ონის რაიონის მაგალითი: მსხვილფეხა პირუტყვის სულადობა 1990 წლიდან 1996 წლამდე 8,6 ათასი სულიდან თითქმის 16,0 ათას სულამდე გაიზადრა. ამ წლიდან იწყება მასიური შემცირება. დღეისათვის რაიონში მისი რაოდენობა 5,0 ათასზე ნაკლებია.
მეღორეობა – 1987 წელს იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებლი – მარტო კოოპერაციულმა სექტორმა დაამზადა 160 ტონაზე მეტი ტრადიციული რაჭული ლორი, რაც ცოცხალ წონაში თითქმის 370 ტონაზე მეტია, ამის გარდა სახელმწიფოს ჩაბარდა 200 ტონაზე მეტი ცოცხალი ხორცი.
დღეის მდგომარეობით ზოგადი გათვლით (რადგან სტატისტიკა აღარ არსებობს), ონის რაიონში, კერძო გლეხურ მეურნეობაში ძალიან მცირე რაოდენობით, დაახლოებით 2000 სულამდეა შემორჩენილი ღორი. 2 წლის უკან ჭირმა თითქმის 80%-ით გაანადგურა ღორის სულადობა.
რეგიონის მოსახლეობის დასაქმებაში და მათი შემოსავლების ფორმირებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სატყეო სექტორს, სადაც წვრილ საწარმოებში (სახერხები, საამქროები) ტექნიკაზე (ტრაქტორები, ხე-ტყის მზიდები) დასაქმებული იყო ურავის, რიცეულის, თლუღის Mმთლიანად ონის რაიონის შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის 20%.
მინდა იცოდეთ, რომ ტყეთმოწყობის მასალებით რეგიონის ტყის შემატების ყოველწლიური რესურსი შეადგენს 330,0 ათას მ3 –ზე მეტს. ბოლო 15 წლის მანძილზე მთელ რეგიონში სამსალე ხე-ტყის ჭრა წელიწადში არ ასცილებია 11 ათას მ3. მათ შორის ონის რაიონში ყველაზე მაღალი იყო 2001 წელი – 4.5 ათასი მ3. საშეშე ხე-ტყე საშუალოდ რეგიონში იჭრება 60 ათასი მ3-ის ოდენობით – ერთი ოჯახი (კომლი) საშუალოდ წლიურად მოიხმარს 7 მ3 საშეშე ხე-ტყეს.
წლების განმავლობაში რეგიონში იყოს პრაქტიკაში დანერგილი რომ ადგილობრივ მოსახლეობაზე კომლზე იცემოდა (ძირითადი იქ სადაც სამასალე ხე-ტყე იჭრებოდა) 5-10 მ3 – სამასალე ხე-ტყე პირადი საჭიროებისათვის საიდანაც 80% ხვდებოდა ბაზარზე – რითაც მოსახლეობის მცირე შემოსავალი ჰქონდა. დღეს ეს თითქმის მთლიანად აკრძალულია, გადასულია კომერციულ სექტორზე. გლეხმა, მცირე მეწარმემ დაკარგა შემოსავლის წყარო. ადგილობრივ მეწარმეს არა აქვს იმის ფინანსური საშუალებები, რომ მსხვილი ტენდერებში მიიღოს მონაწილეობა.
სტრუქტურული პრობლემები
ძალიან ცუდი შედეგი მოიტანა მთის რეგიონებისათვის კონსტიტუციიდან მთის რეგიონებზე განსაკუთრებული მუხლის ამოღებამ და აქედან გამომდინარე “შეღავათები მთის რეგიონისათვის” კანონის გაუქმებამ. ასევე პირველი დონის თვითმართველობის (სოფლის, თემის) გაუქმებამ. იკარგება თემის, სოფლის ტრადიციული, ისტორიული საზღვრები. სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს დაეპატრონოს სოფლის საკუთრებას მიწებს, ტყეებს – განსაკუთრებით ცუდად შემოუტრიალდა რაჭის სოფლებს თითქმის კოლექტიურად მიღებული გადაწყვეტილება საერთო საკუთრებაში დაეტოვებინათ სოფლის კუთვნილი სათიბები და საძოვრები, ეს მიწები დღეს უკვე გაცხოველებული ვაჭრობის საგანი გახდა სახელმიწფოს მხრიდან.
შეცდომა იყო დაშვებული ონის რაიონში როდესაც სასოფლო (საკოლმეურნეო ე.წ.) ტყეები მოვლა–პატრონობისათვის თითქმის 18 ათასი ჰა გადავიდა სახელმწიფო საკუთრებაში.
მცირე ფინანსური შესაძლებლობების გამო ადგილობრივი კვალიფიციური მეწარმეები თითქმის ვერ იღებენ მონაწილეობას ადგილობრივ ტენდერებში (მშენებლობა, ნაპირსამაგრი სამუშაოები, ტყით სარგებლობა) ყველა ტენდერში იგებენ მსხვილი ფირმები, მათი მხრიდან კი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება ფაქტიურად არ ხდება, რაც იწვევს კვალიფიციური კადრების გადინებას რეგიონიდან.
ინტელექტუალური პროგრამები
სკოლების მასიურმა გაუქმებამ, საბიუჯეტო სექტორის თითქმის მთლიანად მოსპობამ სოფლებში გამოიწვია ის რომ მასიურად გაედინება სოფლებიდან ინტელექტუალური რესურსი, აღარ დარჩა აგრონომი, ზოოინჟინერი, ვეტერინარი, ინჟინერი.
გამოსწორების გზები
1. სახელმწიფო პროტექციონისტური პოლიტიკა საქართველოს მთის რეგიონებისათვის, რაც უნდა გამოიხატოს პირველ რიგში ახალი კანონით „მთის რეგიონებისათვის შეღავათების მინიჭებით“ სადაც აუცილებლად უნდა იყოს:
1. შეღავათები საგადასახადო კუთხით;
2. მრავალშვილიანი ოჯახების წახალისება;
3. სოფლების ს/სამეურნეო ტექნიკით უზრუნველყოფა;
4. პედაგოგებისათვის, ექიმებისათვის, ს/მეურნეობის მუშაკებისათვის შეღავათების დაწესება;
5. უფასო ვეტერინარული მომსახურეობა;

2. ხელშეწყობა სამეურნეო სექტორს, სადაც გათვალისწინებული იქნება:
1. გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა-მოქმედება, მათ შორის; ხილის, ველური ხილის, რესურსების გადამუშავება, მეცხოველეობის ხელშეწყობა;
სამკურნალო მცენარეების (რითაც განსაკუთრებით მდიდარია რაჭის ალპური ზონა) ტყის რესურსების გადამამუშავებელი წარმოება;
სანერგე მეურნეობის შექმნა (კაკალი, თხილი, წაბლი, აკაცია, ცაცხვი, კავკასიური სოჭი, ურთხმელი, ბზა და სხვა უნიკალური ჯიშები);
ტურიზმისა და საკურორტო მეურნეობის ხელშეწყობა;
ბუნებრივი მინერალური რესურსების გადამუშავება (მინერალური წყალი, ქვა, ბარიტი);
2. გლეხური მეურნეობების გაძლიერება განსაკუთრებით იმ სოფლებში სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია ორსაფეხურიანი ოჯახები და იზრდება მომავალი თაობები.

ვასილ მეტრეველი

Friday, December 3, 2010

ადამიანის უნივერსალური უფლებები: მათი ლიბერალური და სოციალ-დემოკრატიული მიდგომები

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

„ახალგაზრდა სოციალ დემოკრატები“ მართავენ დისკუსია-სემინარების ციკლს თემაზე "სოციალური და დემოკრატიული იდეები და პრაქტიკა" რომლის მიზანიცაა: საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს იდეის ახალგაზრდობისათვის გაცნობა; ქვეყნის სამომავლო სოციალ-დემოკრატიული განვითარების პერსპექტივის ანალიზი; არსებული გამოცდილების ადაპტირება ქართულ რეალობასა და თანამედროვე გამოწვევებნთან.
შემდეგი შეხვედრა  შედგება 6 დეკემბერს. 18.00.
ადამიანის უნივესალური უფლებები: მათი ლიბერალური და სოციალ დემოკრატიული მიდგომები _ ბაქარ ბერეკაშვილი, გელა ბანძელაძე.
დასწრება თავისუფალია.
სემინარების მონაწილეებს დაურიგდებათ სერთიფიკატებi

ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატები
mis: WavWavaZis gamz: #19. Bb. 29 IV sarTuli

ანონსი

                                                    

ხვალ, 4 დეკემბერს 10:15 საათზე სასტუმრო „კრუიზის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება კონფერენცია თემაზე: „ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა: პრობლემები და პერსპექტივები“. კონფერენცია ორგანიზებულია“ევროპული არჩევანი საქართველოსთვის“ მიერ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.
მისამართი: ბელიაშვილის ქ.# 75

იხილეთ დღის წესრიგი  

 ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა: პრობლემები და
პერსპექტივები
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ა
 
ორგანიზებულია „ევროპული არჩევანი საქართველოსთვის“ მიერ
ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით
4 დეკემბერი
თბილისი, სასტუმრო „კრუიზი~
 
დღის წესრიგი:
10:15-10:30 გახსნა: გია ჟორჟოლიანი -სოციალ-
დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის,
თავმჯდომარე
10:30-11:00 ჯანდაცვის და საპენსიო ხარჯების მდგომარეობა საქართველოში იოსებ არჩვაძე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი
11:00-11:30 ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობის ზოგიერთი საკითხის განხილვა
გოგიტა გეგელაშვილი
11:30-12:00 დისკუსია
12:00-12:30 შესვენება ყავით
12:30-13.00 საპენსიო უზრუნველყოფის სისტემის ცვლილების შესახებ
ოთარ ხუფენია, სოციალური ეკონომოკის ექსპერტი
13:00-13:30 პირველადი ჯანდაცვის სისტემის სრულყოფის შესახებ
მარინა ბერიძე, ექსპერტი
13:30-14:00 დისკუსია
14:00-15:00 შესვენება, სადილი
15:00-15:30 დაბერების და უპენსიობის სოციალური ასპექტები
მარინა მუსხელიშვილი, პოლიტოლოგი
15:30-16:00 ჯანდაცვის პოლიტიკა: სოციალ-დემოკრატიული მიდგომები
ლევან აბაშიძე ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატები
16:00-16:30 შესვენება ყავით
16:30-17:00 დისკუსია
კონფერენციის დახურვა

პროექტის კოორდინატორი
დავით ადეიშვილი
ტელ. (877)553357;
 


მაკროეკონომიკური ტენდენციები და დასაქმების პრობლემა საქართველოში

იოსებ არჩვაძე
მაკროეკონომიკური  ტენდენციები და
დასაქმების პრობლემა სააქართველოში
   მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საკმაო ხანია გასული, ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე მდგარი მთელი რიგი სოციალურ–ეკონომიკური პრობლემები ჯერაც გადაუწყვეტელია, ზოგიერთი მათგანის სიმწვავე კი დღეს უფრო საგრძნობია, ვიდრე 2003 წელს. ერთერთი ასეთია დასაქმებისა და უმუშევრობის პრობლემა.

          საქართველო ადამიანისეული განვითარების ინდექსით ამჟამად საშუალო მსოფლიო დონის მახლობლობაში იმყოფება და 1970–იანი წლების მეორე ნახევრის სინგაპურის, 1980-იანი წლების დასაწყისის ჩილეს და 1990–იანი წლების დასაწყისის პანამის დონეზეა. 182 ქვეყნიდან საქართველო ამ მაჩვენებლით ამჟამად მსოფლიოში 74-ე ადგილზეა და 26 პუნქტით უსწრებს ეკონომიკური განვითარებით ქვეყნის ადგილს (მშპ-ის წარმოება მოსახლეობის ერთ სულზე PPP-ის გათვალისწინებით). დღეისათვის საქართველო ადამიანური განვითარების ინდექსით ჩამორჩება მსოფლიოში პირველ ადგილზე მყოფ ნორვეგიას 25.6 პროცენტით, ადამიანისეული განვითარების ინდექსით საქართველო ამჟამად ყოფილი საბჭოთა კავშირის 15 ქვეყნიდან მეცხრე ადგილზეა, ჩამორჩება რა ესტონეთს, ლატვიას, ლიტვას, რუსეთს, ბელორუსიას, უკრაინას, ყაზახეთს და აზერბაიჯანს, ხოლო ეკონომიკური განვითარების დონით – მეთერთმეტე ადგილზე (გვისწრებენ ზემოხსენებული ქვეყნები, აგრეთვე სომხეთი და თურქმენეთი) .
     საქართველო გაეროს განვითარების პროგრამით განხორციელებულ რეიტინგ–ლისტში ეკონომიკური განვითარებით გაცილებით უკანაა, ვიდრე ადამიანური განვითარების ინდექსით. ერთერთი ძირითადი მიზეზი ამისა არის ის გარემოება, რომ თავის დროზე საბაზრო ეკონომიკაზე ტრანსფორმაციისა და და ამ პროცესთან  სამხედრო კონფლიქტებისა და სამოქალაქო დაპირისპირების დროში თანხვედრის გამო ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნა იმდენად დიდი იყო, რომ დღესაც კი საქართველო ეკონომიკური განვითარებით (მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტით) ვერ მიუღწევია კრიზისამდელი დონისათვის. – დღეისათვის 1989 წლის ¾–ის დონეზეა, მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოების აბსოლუტური სიდიდით კი (იმის გათვალისწინებით, რომ განვლილ პერიოდში ქვეყანამ დაკარგა არა მარტო ტერიტორიის 20%, არამედ მოსახლეობის დაახლოებით ამდენივე ნაწილი) - 58%-ის  დონეზე.  
     ზრდის ტემპის მნიშვნელობას და ღირებულებას – ეკონომიკურადაც და ფიგურალურადაც – განსაზღვრავს თითოეული პროცენტის წონა. მაგალითად, აბსოლუტური სიდიდით აზერბაიჯანის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთპროცენტიანი ზრდა დღეისათვის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 4.6–პროცენტიან ზრდას უდრის.  საქართველოს წილი სამხრეთ კავკასიის მთლიან შიდა პროდუქტში  ბოლო 15 წლის მანძილზე შემცირდა 2-ჯერ და მეტად – 1995 წლის 33.9 პროცენტიდან  2010 წლის - 15.6 პროცენტამდე. „სამაგიეროდ“, გაიზარდა აზერბაიჯანის წილი სამხრეთ კავკასიაში. – დღეს ამ ქვეყანაზე მოდის მთელი სამხრეთ კავკასიის მთლიანი შიდა პროდუქტის 72.2 პროცენტი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების  83 პროცენტი.
        თუ 1996 წელს საქართველოსთან შედარებით აზერბაიჯანში იწარმოებოდა მხოლოდ 4,3 პროცენტით მეტი მთლიანი შიდა პროდუქტი, 2010 წლისთვის - უკვე 4.6-ჯერ მეტი; იმავე პერიოდში სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის თანაფარდობა საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელთან გაიზარდა 52,5 პროცენტიდან 81.2 პროცენტამდე.
   ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტით სამხრეთ კავკასიის ეს ორი ქვეყანა გვისწრებს, შესაბამისად 70 პროცენტით და 13 პროცენტით.
     კიდევ უფრო საგრძნობია ჩვენი ჩამორჩენა განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან. ჯერ კიდევ 1988 წელს საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის სიდიდე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნების (OECD) ანალოგიური დონის დაახლოებით 40 პროცენტი შეადგენდა.  2009 წელს  აღნიშნული მაჩვენებელი 12.8 პროცენტამდე დაეცა.                                                                                                                                                     
     დღეისათვის საქართველოში მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტი მსოფლიო შესაბამისი დონის მხოლოდ 28.0 პროცენტია - ოფიციალური კურსით და 53 პროცენტი - ვალუტის მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტის (PPP) მიხედვით[1]. აღნიშნული პარამეტრით საქართველო მიეკუთვნება მსოფლიოს საშუალოდგანვითარებული ქვეყნების ჯგუფს.
   მართალია, ბოლო დროს შეიმჩნევა დადებითი მიგრაციული სალდო, თუმცა მთლიანობაში 2003 წლიდან ამ დადებით მიგრაციულ სალდოში მხოლოდ 10 პროცენტია საქართველოს მოქალაქე და დანარჩენი 90% – სხვა ქვეყნის მოქალაქეა, რაც  ნელნელა ამცირებს ავტოქტონური მოსახლეობის წილს ქვეყნის მოსახლეობაში.
     აღნიშნულის ფონზე განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს დასაქმების საკითხი, რომლის სტრუქტურაზე და ეფექტურობაზე (მწარმოებლურობაზე) მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული  ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დინამიზმი. არასტაბილური ეკონომიკური პირობების და წინა პერიოდში ეკონომიკური ვარდნის გამო დასაქმებისაკენ სწრაფვა წარმოადგენს ადამიანთა კეთილდღეობის, მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სოციალური დამკვიდრების  უმნიშვნელოვანეს საშუალებას.
      თუკი ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა საქართველოში დაახლოებით 1/5–ით შემცირდა, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა 3.5–ჯერ – 2.1 მილიონიდან 0.6 მილიონამდე, ხოლო ყოველ 100 კაცზე – 39.0–დან – 14.2–მდე. ხელფასების წილი შინამეურნეობათა მთლიან შემოსავლებში, მართალია 2000 წლის შემდეგ  გაიზარდა 1.5–ჯერ – 23.6 პროცენტიდან 35.7 პროცენტამდე, მაგრამ ეს ჯერაც მხოლოდ ნახევარია იმ დონისა, რაც მას 1980–იანი წლების ბოლოს ეკავა 72 პროცენტი.  ხელფასის ჯამური ფონდის მსყიდველობითი უნარიანობა ამჟამად ორი ათეული წლის წინანდელის მხოლოდ 28 პროცენტია, საშუალო ხელფასისა კი, შესაბამისად – 94.0 პროცენტი.
    ბოლო ათწლეულში ხელფასების ზრდამ ასახვა ჰპოვა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ხელფასოტევადობის ზრდაში – ეს მაჩვენებელი 2009 წელს 1996 წელთან შედარებით გაიზარდა თითქმის 4–ჯერ – 6 პროცენტიდან 23 პროცენტამდე.                                                                                                                                              
    ამასთან, თვალს თუ გადავავლებთ სხვა, უფრო განვითარებული ქვეყნების მონაცემებს, დავინახავთ, რომ აქ ჩვენი ჩამორჩენა ჯერ კიდევ საკმაოდ დიდია. – ევროკავშირში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო  ხელფასოტევადობა შეადგენდა 39.3 პროცენტს, მათ შორის დანიაში – 53.6 პროცენტს, ფინეთში – 42.3 პროცენტს, ბალტიის ქვეყნებში – საშუალოდ 37.5–37.7 პროცენტს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმავე ხელფასის დონის პირობებში საქართველოში რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ხელფასოტევადობა საშუალო ევროპული დონის  იყოს, მაშინ ჩვენთან დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 400 ათასით მეტი უნდა იყოს, რაც ყოველ 100 შინამეურნეობაზე დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობას 52–დან 87–მდე გაიზრდებოდა.
      იზრდება ხელფასების წილი შინამეურნეობათა მთლიან შემოსავლებში. თუ 2003 წელს მათზე მოდიოდა მოსახლეობის მთლიანი შემოსავლების 24.9  პროცენტი და მთელი ფულადი და არაფულადი სახსრების  21.3 პროცენტი,  2009 წელს მან უკვე მიაღწია  44.0 პროცენტს და 32.6 პროცენტს.  საშუალო ხელფასი ამჟამად შეადგენს ერთი შინამეურნეობის ფულადი  სახსრების დაახლოებით 118  პროცენტს, მაშინ როდესაც 2003 წელს შეადგენდა მხოლოდ 57.6 პროცენტს. ხელფასმა ფაქტობრივად მნიშვნელოვანწილად დაიბრუნა თავისი სოციალურ–ეკონომიკური ფუნქცია და სტატუსი.
  ამასთან ერთად,  ჯერაც მწვავედ დგას ხელფასების  პრობლემა შემდეგ მიზეზთა გამო:
     ბოლო წლებში ფაქტობრივად არ იზრდება დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა და იგი 600–630 ათასის ფარგლებში მერყეობს. „სამაგიეროდ“, იზრდება უმუშევრობის დონე, რომელმაც 17 პროცენტს გადააჭარბა. დაქირავებით დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობა კრიტიკულად დაუახლოვდა ერთმანეთს. – თუკი 2003 წელს ყოველ 1000 დაქირავებით დასაქმებულზე მოდიოდა 381 უმუშევარი, ამჟამად უკვე 582, ანუ 1.5–ჯერ მეტი;
   უმუშევრობის დონე საქართველოში ევროკავშირისას 1.8–ჯერ აღემატება (შესაბამისად, 9.6% და 17.0%). ამასთან, ევროკავშირის 27– ქვეყნიდან საქართველოზე მაღალი უმუშევრობა ევროკავშირის მხოლოდ 4 ქვეყანას – ესპანეთსა და  ბალტიის სამ ქვეყანას (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი)  აქვთ.
    დასაქმების პრობლემის სიმწვავეს განაპირობებს ისეთი ფაქტორიც, როგორიცაა საკუთარი ბიზნესის წამოწყებისათვის რესურსების სიმწირე და საკრედიტო რესურსების სიძვირე. დღეის მდგომარეობით საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან მხოლოდ 28 პროცენტია (ბალტიის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი სულ ცოტა, სამჯერ უფრო მაღალია). თავის მხრივ, საკრედიტო რესურსების მხოლოდ 38 პროცენტია გაცემული ფიზიკურ პირებზე - 62 პროცენტი იურიდიულ პირებზე მოდის. მიუხედავად ბიზნესის წამოწყების სიიაფისა, საქართველოში თავად ბიზნესი წარმოება საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა და მის წარმოებაში სულ უფრო და უფრო მცირდება საშუალო და მცირე მეწარმეების წილი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბიზნეს-სექტორის მთლიან გამოშვებაში მსხვილი ბიზნესის წილი დაახლოებით 84 პროცენტია, რაც 2-ჯერ და მეტად აღემატება განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს.
     მთლიანობაში, მასობრივი დაუსაქმებლობა და დასაქმების არარაციონალური სტრუქტურა აფერმკრთალებს საშუალო ხელფასის ზრდის ეფექტს. დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა ყოველ 100 შინამეურნეობაზე საქართველოში არ აღემატება 52–ს, რაც ჯერადად დაბალია სხვა განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით. იმის გათვლისწინებით კი, რომ ზოგიერთ შინამეურნეობაში დაქირავებით დასაქმებულია 2 და მეტი წევრი (განსაკუთრებით ქალაქ ადგილებში) შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის საქართველოს შინამეურნებათა ნახევარზე მეტში არც ერთ შრომისუნარიან წევრს არ გააჩნია ანაზღაურებითი სამუშაო.
   მიუხედავად ზრდისა, ხელფასმა ჯერაც ვერ დაიბრუნა შინამეურნეობათა ძირითადი შემოსავლების სტატუსი, ხოლო შემოსავლების ფორმების დივერსიფიცირებისა და დაქირავებით დასაქმებულთა შედარებით მოკრძალებული წილის გამო საშუალო ხელფასის მიხედვით სხვა ქვეყნებთან შედარებამ ფაქტობრივად დაკარგა თავისი ეკონომიკური შინაარსი, სოციალურ-ეკონომიკური შედარებითობის ფუნქცია. ამის გამო ანაზღაურების საერთო დონის, მსყიდველობითი უნარიანობისა და მოსახლეობის (როგორც დასაქმებული, ისე მთელი მოსახლეობის) კეთილდღეობის დასახასიათებლად განვითარების თანამედროვე პირობებში უფრო მაღალი გამოყენებითი ღირებულება შეიძინა ისეთმა მაჩვენებელმა, როგორიცაა ხელფასის ჯამური ფონდი ქვეყნის ყოველ ათას მცხოვრებზე. – დღეს უკვე მნიშვნელოვანია შეუდაროთ, მოსახლეობის ყოველ 1000 სულზე ხელფასის ჯამური ფონდის მაჩვენებელი, რადგან ქვეყნები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან საშუალო ხელფასის სიდიდითაც და დასაქმებულთა რაოდენობითაც. მაგალითად, საქართველოში ყოველი 1000 მცხოვრებიდან დაქირავებით დასაქმებულია 142, რუსეთში – დაახლოებით 370, აშშ–ში – 426.
      საშუალო  ხელფასი საქართველოში ამერიკის დონის მხოლოდ 10.7 პროცენტს შეადგენს[2]. აღნიშნულის გამო მოსახლეობის ერთსა და იმავე რაოდენობაზე დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასის ჯამური მაჩვენებელი საქართველოში ამერიკულის მხოლოდ 3.6 პროცენტს აღწევს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეისათვის მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით საშუალო ხელფასის სიდიდე საქართველოში აშშ-ზე 28.0-ჯერ, ხოლო მისი მსყიდველობითი უნარიანობა (ლარისა და პარიტეტის გათვალისწინებით) შესაბამისად,  14.1–ჯერ ნაკლებია. ეს იმ დროს, როდესაც ბევრი სამომხმარებლო საქონლის ფასების დონით საქართველო ფაქტობრივად ტოლს არ უდებს აშშ–ს, ზოგიერთი პოზიციის მიხედვით კი უსწრებს კიდევაც მას[3].
    ბევრი პოზიციის მიხედვით ჩვენთან საცალო ფასები ოფიციალური კურსითაც კი უფრო მაღალია, ვიდრე აშშ–ში (ბენზინი, სატელეფონო საუბარი, კვერცხი, ქათმის ხორცი, ბანანი...) .
   განზოგადების სახით შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის საქართველო ჩამორჩება აშშ-ს:
-  ეკონომიკურად (ერთ სულზე წარმოებული მშპ–ით) 18.4–ჯერ (5.4%),
-  საშუალო ხელფასით  9.3–ჯერ (10.7%);
- ფასებით - თითქმის ორჯერ (51%); 
- საარსებო მინიმუმით - 14.9-ჯერ (6.7%).
- დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობით ყოველ 1000 კაცზე - 3.0-ჯერ (33.3%).
    აღნიშნულის ფონზე დასაქმებისა და უმუშევრობის არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება, ისევე როგორც ქვეყნის მოსახლეობაში საკუთარი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობით გამოწვეული მზარდი დეპრივაციისა და ფრუსტრაციის პრობლემის სიმწვავის შემცირება სცილდება ქვეყნის ხელისუფლების სოციალურ–ეკონომიკურ ამოცანათა პრობლემატიკას და სულ უფრო მეტ პოლიტიკურ დატვირთვას და ჟღერადობას იძენს...



[1]   მსოფლიოში საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ქვეყნის – ლუქსემბურგის მაჩვენებელთან შედარებით – 2.9 პროცენტი.
[2] ერთი საათის საშუალო ანაზღაურება სტანდარტულ სამუშაო კვირაზე გაანგარიშებით (40 საათი) საქართველოში 3.304 ლარია, აშშ–ში – 18.48 აშშ დოლარი.
[3]    ასევე, მოსახლეობის ერთსა და იმავე რაოდენობაზე ჩვენთან რუსეთის ფედერაციასთან შედარებით 2.8-ჯერ ნაკლები დაქირავებით დასაქმებულია. შესაბამისად, სახელფასო ფონდი ყოველ ათას კაცზე ჩვენთან რუსეთის მხოლოდ ერთ მეხუთედზე ნაკლებია (18.8%).