Thursday, May 5, 2011

საპირველმაისო მიმართვა საზოგადოებისადმი

 

“სოციალ- დემოკრატებმა” 1 მაისი, მშროლემთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს და რუსთაველის გამზირზე შოთა რუსთაველი ძეგლთან აქცია გამართეს, სადაც საზოგადოებისადმი საპირველმაისო მიმართვა გაავრცელეს.

“1 მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს მთელს მსოფლიოში, ყველა კონტინენტზე აღნიშნავენ: იაპონიასა თუ შვედეთში, ინდოეთსა თუ გერმანიაში, მალაიზიასა თუ დიდ ბრიტანეთში.


სამწუხაროდ პოსტსაბჭოთა ხელისუფლებებმა, რომლებმაც საკუთარი ლეგიტიმაცია ყოველივე მანამდე არსებულის ტოტალურ უარყოფაზე დაამყარეს, ეს დღეც საბჭოთა გადმონაშთად ჩათვალეს და ადგილი ისტორიის სანაგვეზე მიუჩინეს. არადა ეს ტრადიცია გაცილებით ადრე, მეცხრამეტე საუკუნეში, ამერიკის შეერთებულ შტატებში იშვა.

დიახ, ამ დღეს უპირველეს ყოვლისა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ნებისმიერი სიმბოლო რაიმეზე მიუთითებს და პირველი მაისის, როგორც მშრომელთა დღის უარყოფა აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ დღევანდელ ხელისუფალთათვის შრომა არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულ ფასეულობას, მშრომელი ადამიანი მათთვის არა საზოგადოების უმთავრესი საფუძველი, არამედ, მხოლოდ ის საწარმოო ძალაა, რომელმაც მათი ძალაუფლების შენარჩუნება, კვლავგანგრძობა და `ძლიერთა ამა სოფლისა’ განცხრომით ცხოვრება უნდა უზრუნველყოს.

ამ დღეს ჩვენი საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანესი ორი პრობლემა უკავშირდება:

პირველი ეს არის მშრომელი ადამიანების – გლეხებისა და მასწავლებლების, მეცნიერებისა და მუშების, ექიმებისა და ჟურნალისტების სამუშაო პირობების დამამცირებელი შეუსაბამობა იმასთან, რისკენაც თითქოს ვისწრაფვით და რისი უზრუნველყოფაც ხელისუფლებას მრავალი საერთაშორისო ვალდებულებით აქვს ნაკისრი. ეს არის შრომის პირობების დაახლოვება საერთაშორისო სტანდარტებთან – რის გარეშეც შეუძლებელია ღირსეული ადამიანური ცხოვრება, სიცოცხლე, რომელსაც თავად მივიჩნევდით პატივისცემის ღირსად, განვითარებისა და თვითრეალიზაციის სივრცედ.

მეორე და კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა დიდი უმრავლესობისათვის საერთოდ არ არსებობს შრომის შესაძლებლობა და პირობები. უმუშევრობა დღეს ჩვენი საზოგადოების უმწვავესი პრობლემაა და მისი გადაჭრისთვის ბრძოლა ყველა ჩვენგანს მართებს.

ეს ბრძოლა ზემოდან ვერ დაიწყება! მშრომელთა, და შრომის უფლებისათვის ბრძოლა ვერ დაიგეგმება და განხორციელდება მოხელეთა კეთილმოწყობილ კაბინეტებში. იგი თითოეული ჩვენგანის საქმეა.

ამიტომ დღეს, ვუერთებით რა ცივილიზებული მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ტრადიციას, ამ ბრძოლის დასაწყისის სიმბოლურ თარიღად 1 მაისს ვაცხადებთ! 1 მაისი ჩვენს ქვეყანაში უნდა იქცეს მშრომელთა საერთო დღედ, სოლიდარობის, უფლებებისათვის ბრძოლის და პასუხიმგებლობების გაცნობიერების დღედ.

ხოლო ხელისუფლების მოვალეობად მივიჩნევთ რომ ოფიციალურად ცნოს ეს დღე ამით პირველი ნაბიჯი გადადგას მშრომელი ადამიანის საზოგადოების უმთავრეს საყრდენად და შრომის უფლების უზენაეს პრინციპად აღიარებისაკენ!”

“სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის”

“ინტერნეტი ყველასთვის”

 განცხადება 2011 წლის 22 მარტის პრესკონფერენციაზე

_ გზა მორჩილი და გაუნათლებელი საზოგადოებიდან განათლებული და აქტიური მოქალაქეების საზოგადოებისაკენ

დღევანდელ ინფორმაციულ ეპოქაში საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მოწყვეტილია განათლებისა და ინფორმაციის გაცვლის უმთავრეს საშუალებას.

თანამედროვე მსოფლიოში ინტერნეტმა უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიკავა. საზოგადობრივი, კულტურული თუ ცხოვრების ნებისმიერი სხვა სფეროს ნორმალური ფუნქციონირება, ინტერნეტის გარეშე დღეს წარმოუდგენელია. შეიძლება ითქვას, რომ ინფორმაციის გაცვლის, კომუნიკაციის და ცოდნის გავრცელების სფეროში ინტერნეტი უკვე მთავარი გამსაზღვრელი ფაქტორია. დღეს ინტერნეტის როლი ფაქტობრივად იგივეა, როგორც წერა კითხვა XIX და XX საუკუნეებში.



განვითარებულ ქვეყნებში ინტერნეტის მომხმარებელი თითქმის მთელი მოსხლეობაა. სკანდინავიის ქვეყნებში 95%, განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში 80% მდე და ა.შ. ფინეთში მთელი მოსახლეობისთვის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის კანონის ძალით უზრუნველყოფაზეც კი საუბრობენ.


საქართველოში სამწუხაროდ ინტერნეტის ინტენსიური მომხმარებელი დაახლოებით 17-18 % ია (IRI ს გამოკვლევა 2010წ) ჩვენს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალ-ეკონომუკური სიტუაციის პირობებში გამორიცხულია, რომ ეს ჩამორჩენა დაძლეულ იქნას თავად მოსახლეობის მიერ (ინტერნეტს ვერ ჩაანაცვლებენ ვერც უცხოეთიდან ჩამოყვანილი ინგლისურის მასწავლებლები).


ჩვენი აზრით ამოცანის მაშტაბურობიდან და უაღრესი აქტუალობიდან გამომდინარე ინტერნეტის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი უნდა იქნას სახელმწიფო ძალისხმევით!


ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმული მოკრძალებული ნაბიჯები პრაქტიკულად არაფრის მომცემია.


სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის თითოეულ დასახლებულ პუნქტში უფასო ინტერნეტ კლუბების გახსნა და მოსახლეობისათვის ინტერნეტით სარგებლობის წესების სწავლება. ეს კლუბები რეალურად უნდა იქცნენ საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი აქტივობის ცენტრებად.


შესაძლოა ამგვარ პროექტი მნიშვნელობით გაუტოლდეს ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ინიციატივას. ინტერნეტის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფს არა მარტო მეცნიერებისა და განათლების დონის პროგრესს, არამედ საზოგადოების საჭირო და მრავაფეროვანი ინფორმაციით უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ გაზრდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოსახლეობის ჩართულობას, მისცემს საზოგადოებას საჭირო ინფორმაციას მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ თემებზე. „ინტერნეტი ყველასთვის“ დღეს შესაძლოა საუკეთესო საშუალებაა მოსახლეობის პოლიტიკური გააქტიურებისა და ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობის გაზიარებისთვის.

ხარჯები, რომლებიც ამ საქმეს შეიძლება დასჭირდეს სრულიად უმნიშვნელოა ამოცანის მაშტაბურობასთან შედარებით.


მნიშვნელოვანი გარღვევა ამ მიმართულებით შეიძლება განხორციელდეს საქართველოს მწირი ბიუჯეტისთვისაც კი სრულიად მისაღები თანხებით (წინასწარი შეფასებით ეს შეიძლება იყოს 20 მლ. ლარი).


ჩვენ მივმართავთ საზოგადოებას, მთავრობას, ჩვენს უცხოელ მეგობრებს _ ევროკავშირს, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს _ აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოს განვითარებისათვის ამ უაღრესად მნიშვნელოვანი ამოცანის განხორციელებას.